ირინე კელეხსაშვილი 31 წლის
„მეც, თავიდან არასწორად ავირჩიე პროფესია. დავამთავრე ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, მაგრამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. სურვილი და ინტერესი არ მქონია. ვეძებდი ისეთ საქმეს, რისი კეთებაც შემოსავალთან ერთად, სიამოვნებასაც მომანიჭებდა“.
საბანკო სფეროშიც სცადა ბედი, უამრავი ტრენინგი და სტაჟირება გაიარა. ამ სფეროში სამსახურს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა, პარალელურად რამდენიმე ორგანიზაციაში მუშაობდა. შემდეგ „პიარით“ დაინტერესდა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის „პიარ სკოლის“ კურსიც გაიარა. მისი თქმით, ბევრი საინტერესო ადამიანი გაიცნო, მაგრამ მაინც არ იყო ეს ის, რასაც ეძებდა.
– „ერთ დღეს, კულინარიის აკადემიის გახსნამდე ერთი წლით ადრე, ინტერნეტში სააპლიკაციო ფორმას წავაწყდი, რომელიც კულინარიის აკადემიას ეკუთვნოდა. შევავსე, მაგრამ მალე დამავიწყდა. ზუსტად წლისთავზე აკადემიის გახსნის შესახებ გავიგე, არც დავფიქრებულვარ ისე მივედი და დავრეგისტრირდი. მიუხედავად იმისა, რომ სახლში, გემრიელ კერძს სულ რამდენიმე ინგრედიენტისგან მარტივად ვამზადებდი, ვერ ვიტყვი, რომ თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემი საქმე ვიპოვე“.
გვიამბობს, რომ კულინარიის აკადემიაში, პირველი ეტაპის დასრულებისთანავე, მზარეულის ამპლუაში მან პირველი სამსახური დაიწყო; მალევე მეორე ეტაპიც გაიარა და უკვე ორწელიწადნახევარია ამ სფეროშია. როგორც მზარეულმა, ჯამში ექვსი სამსახური შეიცვალა, ყოველმა მათგანმა რაღაც გამოცდილება შემატა. ამბობს, რომ სხვა სფეროში სამსახურის ხშირი ცვლა შეიძლება ცუდი ტონია, მაგრამ მისთვის ეს პროცესი შედეგიანი გამოდგა. მუშაობდა: „Lisi Lounge“-ში, „Fitcafe“-ში, სასტუმრო „Coste”-ში. ამჟამად ახლადგახსნილი პაბის „პამკლუბის“ შეფია.
– „პირველად ვიგრძენი რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და სადაც ნადვილად ჩემი ადგილია. დაღლა სიამოვნებას მანიჭებს და წუწუნის სურვილი არ მიჩნდება. არასოდეს არის გვიან. 29 წლის ასაკში ვიპოვე ჩემი საქმე და ამისთვის კახა ბენდუქიძის და მისი გუნდის დიდი მადლობელი ვარ. იმედია ეს თაობა ქართულ კულინარიაში თავის სიტყვას იტყვის“.
გეგმებს რაც შეეხება, ჯერ ზუსტად არ იცის რა უნდა. საკუთარი რესტორანი – დიდ ფინანსებთან და გამოცდილებასთანაა დაკავშირებული. სურს, რომ ერთ დღეს საქართველოშიც კულინარია ხელოვნებად ითვლებოდეს და ამ საქმეში წილი მას მიუძღოდეს.
ჭარხლის და გოგრის სალათი
ინგრედიენტები:
* გოგრა – 200 გრ.
* ჭარხალი – 150 გრ.
* ისპანახის ან ჭარხლის ფოთოლი – 50 გრ.
* მაღალპროცენტიანი ნაღები – 50 გრ.
* ფეტა – 30 გრ. ან ყველი(ლურჯი) – 15 გრობიანი
* საშუალოდ ცხარე მდოგვი – 5გრ.
* თაფლი – 10 გრ.
* ზეითუნის ზეთი – 30 მლ.
* ლიმონის წვენი – 15 მლ.
* მოხალული გოგრის თესლი – 10 გრ.
* პილპილი და მარილი გემოვნებით
მომზადების ტექნოლოგია:
გოგრა და ჭარხალი გავასუფთავოთ, დავჭრათ სასურველ ზომებად და ცალ-ცალკე ფოლგაში, 200 გრადუსზე
გამოვაცხოთ. გოგრა – 15 წუთის, ხოლო – ჭარხალი კი, 25 წუთის განმავლობაში. ზეთი, ლიმონის წვენი, თაფლი და მდოგვი კარგად ავურიოთ და მარილითა და პილპილით შევანელოთ და შემდეგ ჭარხალს, გოგრას და ისპანახის ფოთოლს მოვასხათ და მოვურიოთ. პარალელურად ავთქვიფოთ ნაღები შესქელებამდე, ნელ-ნელა შევურიოთ ყველს და კოვზით გავანაწილოთ სალათზე
დეკორი: გოგრის თესლი