ხატია ბუნიათიშვილი
ცოტა ხნის წინ ხატია ბუნიათიშვილმა facebook-ზე სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა. ქართველი პანისტი ბრიტანულ ჯგუფ Coldplay-ს შეუერთდა და პოპულარული ჯგუფის ახალ ალბომში მიიღებს მონაწილეობას. სანამ, ქართველი მსმენელი ახალ ამბობს, ხატიას მონაწილეობით, მოისმენს, მანამდე წარმატებული პიანისტი “კულინArt”-სთვის თავისი საყვარელი კვების ობიექტების სიას გვთავაზობს:
მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვმოგზაურობ (პროფესიიდან გამომდინარე), არასოდეს ვეძებ
საუკეთესო სამზარეულოს, ამა თუ იმ ქალაქში. გამომდინარე მსოფლიოში არსებული დისბალანსისა, გადაჭარბებულად გურმან შეძლებულებსა და საოცრად გაჭირვებულ, მოშიმშილე ადამიანებს შორის, ამ საკითხთან მიმართებაში რთული დამოკიდებულება მაქვს. ვცდილობ, საკვები აღვიქვა, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობა.
თუმცა, ვერ უარვყოფ იმ აზრს, რომ ჭამა სიამოვნებაა და გადაუჭარბებელი სიამოვნება დასაშვებია. ასევე, მიმაჩნია, რომ კულინარია ხელოვნებაა, რომელიც ნიჭიერი მზარეულის რეალიზებული ფანტაზიის შედეგია.
სპციალურად “კულინArt”-ის მკითხველს ხატია თავისი საყვარელი კვების ობიექტების ჩამონათვალს სთავაზობს:
Los Angeles
„Katsuya“ – ჩემთვის სასიამოვნო შემოქმედებით და პირად ემოციებთან არის დაკავშირებული. თუმცა ობიექტურად – ერთერთი საუკეთესო იაპონური სამზარეულოს ქსელია ლოს ანჯელესში. დავახასიათებდი, როგორც კოსმოპოლიტიზირებულ, დახვეწილ იაპონურ სამზარეულოს. Katsuya-ში დავაგემოვნე ჩემი საყვარელი კოქტეილი “Katsuya Fresh“. სახელწოდებიდან გამომდინარე საოცრად გამახალისებელი, გრილი და
მსუბუქი გემოს მქონე სასმელია, კიტრის და ლიმონის არომატით, რომელიც გაზაფხულის დამათრობელ, სასიამოვნო ილუზიას ქმნის.
Paris
L’Atelier de Joël Robuchon
Joel Robuchon-ი ერთერთი საუკეთესო კულინარია მსოფლიოში. ამ რესტორანში შერწყმულია დახვეწილი, კლასიკური ფრანგული სამზარეულო “open kitchen” კონცეპტთან. ინტიმურ, პატარა ლოკაციაში უმაღლესი დონის მზარეულები ჩვენს თვალწინ ქმნიან ფრანგულ ტრადიციულ კერძებს, ინდივიდუალური ხელწერით. მუდმივი ცირკულაცია შემოქმედსა და დამგემოვნებელს შორის სახალისო და ენერგიულ განწყობას ქმნის.
Tbilisi
„პურის სახლი“ ტრადიციული ქართული სამზარეულო
თონეში პურის ცხობის Live-ში მომზადების პროცესი საოცრად მადისაღმძვრელია, რაც გასტრონომიული ცნობისმოყვარეობის სიგნალს ანთებს ჩემს გონებაში, რასაც მარტივად ვიკმაყოფილებ ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნების და ბარაქიანობის წყალობით.