Ratatooee

როდესაც ჯავახეთიდან თბილისში დავბრუნდი, ვფიქრობდი, რომ აუცილებლად მოვყვებოდი უფრო დეტალურად ფოკას დედათა მონასტერზე, საოცარ ქალბატონზე – დედა ელისაბედზე, უგემრიელეს ყველზე და იქვე მოდუღებულ ახალდაფქულ, სურნელოვან ყავაზე, ტარხუნიანი ნესვისა და დაფნიანი ლეღვის საოცარ ჯემებზე, „ბეიბი“ ლობიოზე, რომელიც მონასტრის ბოსტანში უნდათ, რომ მოაშენონ და უკვე გახარებულ მწვანე ყაბაყსა და რუკოლაზე, უცხოური კულინარიული (და არა მხოლოდ კულინარიული) წიგნებით სავსე თაროებზე, დიდთავა დარაჯ ძაღლზე, საწვავი ნაკელის კუბიკებითა და გამოსაზამთრებელი თივით სავსე ეზოებზე, ზღვასავით აქოჩრილ ფარავნის ტბაზე, ჯავახეთის გამაოგნებელ ზეგანზე, ცეცხლოვან ჩამავალ მზეზე და ლამპიონებზე დასახლებულ ნინოწმინდელ წეროებზე, ნისლით დაბინდულ გზაზე და ამ გზაზე ჩამქრალი ფარებით სიარულზე.
ფოკაში სტუმრობამდე თითქმის არაფერი ვიცოდი მონასტრის ცხოვრებაზე და მითუმეტეს წარმოდგენა არ მქონდა, თუ შეიძლება იქ კულინარიული შედევრები იბადებოდეს. ერთ დღეში ყველაფრის დაგემოვნებას და შესწავლას აბა, როგორ მოვასწრებდი, მაგრამ იმ ჯემების გემო, რომლებიც ფოკაში აღმოვაჩინე, დღემდე მომყვება. ერთ-ერთი იყო ნესვის და მსხლის ცოცხალი ჯემი ტარხუნით. დეტალური რეცეპტი და გემოს საიდუმლო დედებმა არ გამიმხილეს, ამიტომ, თბილისში დაბრუნებულმა ჩემი ინტერპრეტაციით ვცადე გაკეთება.
ვაკეთებ და ვხვდები, რომ უძლური ვარ ზუსტად გავიმეორო „ის გემო“, ისევე, როგორც ვერ ვახერხებ სრულად გაგიზიაროთ შთაბეჭდილება და ემოცია, რაც ჯავახეთისკენ მოგზაურობას ახლავს თან. ხანდახან იმისთვის, რომ შეიგრძნო, უბრალოდ უნდა ადგე, წახვიდე, ხელით შეეხო, იხილო, მოუსმინო, გასინჯო.

9_Issue_CulinArt_Page_080

პ.ს. ჩემი ჯემი სხვანაირი, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოვიდა. თამამი ექსპერიმენტის მოყვარულებს გირჩევთ გამხმარი ბაზილიკითაც სცადოთ. ბაზილიკი ნესვს საოცრად უხდება.

9_Issue_CulinArt74

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com