მაკო ჯაოშვილის ბლოგი

მითხარით,  როგორ კვებავთ გონებას  და გეტყვით, რას მიაღწევთ!

ბოლო ხანს, ჩემებური კულინარტული მიდგომით ცოტას ვხალისობ და უფრო მეტად კი, ბევრ საინტერესო რამეს ვიგებ. ვკითხულობ და ვწერ, მარტოოდენ თქვენთვის კი არა, პრინციპში, ჩემთვისაც. აქამდე რაც გიამბეთ, ძირითადად ყუათიან საკვებს და სხეულის გაჯანსაღებას ეხება. ახლაც შევმატებ ორიოდ სიტყვას საშემოდგომო ნობათად, რამდენიმე პროდუქტის სარგებელზე საუბარს. მერე პიტნის ჩაის მივაყოლოთ სხვა ამბავი, გონების სავარჯიშოდ რომ გამოდგება. შეიძლება გეუცნაუროთ, მაგრამ ზუსტად ვიცი, დაგაინტერესებთ.
წონის კორექციასთან ერთად კარგი განწყობის შესაქმნელად და შინაგანი ენერგიის მოსამატებლად დროდადრო ვსწავლობ საგანგებო კვებითი რაციონის შერჩევას. გულისყურით ვისმენ, რა უხდება სხეულის მოხდენილობას, მეხსიერების გაუმჯობესებას და ახალგაზრდული იერსახის შენარჩუნებას. ორგანიზმიც მკარნახობს ხოლმე, როდის რა მივირთვა, მეც ვუჯერებ და ვართ ჰარმონიულად ხმაშეწყობილი.
დილაობით, ქართული მიუსლით ვსაუზმობ. ვერ დავიჩემებ, რომ ძალიან მომწონს გემოთი, თუმცა საკმაოდ მარგებელია, ამიტომ მეგემრიელება კიდეც. მას შემდეგ, რაც სილამაზის ათასნაირ რეცეპტს შორის, შვრიის ფანტელების ფაფას მივანიჭე უპირატესობა, სისხლის მიმოქცევა მწყობრში ჩადგა, კანი ნაზი გახდა, თმა ბზინვარე.. მოკლედ, „მარგის“ მიუსლი ჩემი ტანადობის მარგი ქმედების კოეფიციენტია.
დღის მენიუში გამორჩეულ ადგილზეა სადილ-ვახშმად გოგრა, ხან ორთქლზე მოხარშული, ხან დაბლენდერებული წვნიანის სახით. არაჩვეულებრივია დიეტური კვებისთვის, ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის სამკურნალოდ, გულ-სისხლძარღვოვანი და ნერვული სისტემის უკეთ მუშაობისთვის, წნევის მოსაწესრიგებლად. დაბალკალორიულია, მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. შეიცავს კაროტინს, პექტინებს, გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინი.
საღამოობით მაწონს პერიოდულად ვანაცვლებ პიტნის ჩაით, – უებარი დამამშვიდებელი საშუალებაა. ადუნებს სხეულს, ამცირებს სტრესს და აღგზნებადობას. უძილობის წამალიცაა. ამ საოცარ ჩაის ზოგჯერ, გამამხნევებელი ვარჯიშის შემდეგ, დილიდანვე მივირთმევ ტონუსის ასამაღლებად, ზოგჯერ შუადღისას, გადაღლილობის მოსახსნელად. ასეთი უნივერსალური რამ არის პიტნის ნაყენი, მასში არსებული უჩვეულო გამაგრილებელი ეფექტის მქონე მენთოლით. თურმე ძველ რომსა და საბერძნეთში პიტნას ჰაერის არომატიზატორად იყენებდნენ. მის წვენს ხელზე იპკურებდნენ, პიტნის კონებს ოთახის კუთხეებში კიდებდნენ, ხოლო მეცნიერები თავზე გვირგვინად ატარებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ინტელექტუალურ შესაძლებლობას ზრდიდა.
კულინარტობის თემიდან ცოტა გადავუხვიოთ და ჩაროზად დაპირებულ ამბავს შემოგთავაზებთ, ჩაისთან მისაყოლებლად. ჩვენი ორგანიზმი ერთი მთლიანობაა, რომელიც სხეულის გაკაჟების გარდა, გონების გაჯანსაღებასაც საჭიროებს. როგორც თბილი ჩაი ესალბუნება სულსა და გულს, ასევეა პოზიტიური ფიქრები გონებისთვის. „ჩვენ ვართ ის, რასაც ვფიქრობთ“, – გვასწავლის ბუდა. ჩვენი ცხოვრებისეული თავგადასვლები დიდად არის დამოკიდებული ჩვენივე აზროვნების სტილზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რით ვკვებავთ გონებრივ პოტენციალს. მეც, ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც პოზიტიურად აზროვნების გზას შეუდგა. რაც მეტად გამიტაცა ახლებურმა მიდგომამ, მით უფრო უკეთესობისკენ შეიცვალა ბევრი რამ ჩემში, ჩემ გარშემო… გაცილებით საინტერესო გახდა ცხოვრება.
პოზიტივის ძალაზე ბევრ ლიტერატურას წავაწყდი და აი, კიდევ ერთი საჭირო წიგნი ვიპოვნე „მიზიდულობის“ კამაკონონით, სადაც გავიგე რა არის გავლენისა და კონტროლის ძალა. „ვინ გვმართავს?! ჩვენ თავადვე!“ – ამოვიკითხე და გავაანალიზე.
მართლაც, ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ: რა ვიფიქროთ, რა ვთქვათ, რა ვაკეთოთ. დიახ, ჩვენს ხელთაა, რისი გვჯერა, რაზე ვახდენთ კონტროლსა და ზეგავლენას. ამის მიხედვით ვარჩევთ ფიქრებს, როგორც თავშესაფარს, სიტყვებს, რასაც ვამბობთ ან ვისმენთ. ჩვენში არსებული კონტროლის ზონა განაგებს საკვებს, რასაც მივირთმევთ, მასალას, რასაც ვკითხულობთ, სატელევიზიო გადაცემას, რასაც ვუყურებთ და ყველა იმ ქმედებას, რითაც ვივსებთ დროს. დანარჩენს მომდევნო შეხვედრისთვის შემოვინახავ. თქვენ კი, მანამდე გირჩევთ გაეცნოთ ერთი ციდა წიგნს ,სახელად „შვიდდღიანი გონებრივი დიეტა“, ჯეკლინ გარვუდის ავტორობით.
დაიმუხტეთ უამრავი დადებითი შეგრძნებით და იცხოვრეთ ლაღად!

9_Issue_CulinArt_Page_109

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com