მაჭკატები პეპის სამზარეულოდან
შვედეთის სურნელი
შვედეთის ერთ პატარა, მყუდრო ქალაქში ქვაფენილიან შარაგზას რომ შეუყვები, მაჩიტელებისა და ფურისულების ალერსიანი სურნელი შეგეგებება და იქამდე არ დაგტოვებს, ვიდრე კრამიტით გადახურულ, სულ ბოლო სახლსაც არ მოიტოვებ უკან.
თავგადასავალს რომც არ დაეძებდე, უცნაური ისტორია მაინც დაიწყება ზუსტად იმ წუთიდან, როცა ერთ-ერთი, თითქოსდა ჩვეულებრივი სახლის წინ თეთრ, შავწინწკლებიან ცხენს გადაეყრები, გულგრილი გამომეტყველებით რომ ღეჭავს ბალახს.
ამ ლამაზი ცხენის პატრონს დიდ, უცნაური ნივთებით გამოჭედილ ოთახში უცნაურადვე სძინავს: თავზე საბანი
წაუხურავს, ბალიშზე კი უზარმაზარი ფეხები შეულაგებია და უდარდელად ფშვინავს. თუ ოთახის მყუდრო და კეთილგანწობილი ატმოსფერო გამბედაობას შეგმატებს, უცნაურ მასპინძელს ქუსლებზე მსუბუქად, ძალიან მსუბუქად შეუღიტინე. საბნიდან წითელკიკინებიანი, ჭორფლიანი და ყურებამდე გაკრეჭილი გოგონას სახე გამოჩნდება, რომელსაც დანახვის წამიდან შეიყვარებ და ვეღარასდროს დაივიწყებ! ამ 9 წლის მხიარულ, უფრო მეტიც, გადარეულ არსებას დედა ანგელოზი ჰყავს, მამა კი ზანგების მეფე. წინწკლებიან ცხენთან და მაიმუნ ნილსონთან ერთად ცხოვრობს ვილა „ყიყლიყოში”. დიდი ხანია საუზმის მომზადებაც ისწავლა, ტორტის ცხობაც, სარეცხის რეცხვაც და საერთოდ ყველაფერი, რაც შვედეთის ცის ქვეშ შეიძლება დასჭირდეს!
კარგა ხანია, თავის ჭკუაზე გაიაზრა კულინარიული ეტიკეტიც: ყველას ხომ არ აქვს ფუფუნება უფროსების ჩარევის გარეშე იკვებოს! განა რამე შეედრება შესაძლებლობას მიირთვა ის, რაც გინდა, როცა გინდა და ამის გამო არავინ წაგეჩხუბოს; ისაუზმო ტორტით; უარი თქვა სასარგებლო და ვიტამინებით მდიდარ, მაგრამ სევდისმომგვრელ მოშუშულ ბოსტნეულზე; პირდაპირ იატაკზე გააბრტყელო კვერების ცომი და, რაც მთავარია, თამამად ამტკიცო, რომ სასარგებლოა ის, რაც გემრიელია!
უცნაური მასპინძელი, უშურველად რომ არიგებს ღიმილს, შენც დაუყოვნებლივ დაგიმეგობრდება და დღის გემრიელ დასაწყისზეც სასწრაფოდ დაიწყებს ზრუნვას. ცხვირწინ ჩაგიქროლებს და გაზქურიდან პირდაპირ შენს თეფშზე დაეცემა- არ შეგეშინდეს- პეპის საფირმო მაჭკატია!
დიდი დრო გაივლის და ყოველთვის, როცა ამ მაჭკატების მოსამზადებლად თავად შეხვალ სამზარეულოში, ზუსტად ისე ჩაგეღიმება, როგორც კიკინებიან მეგობართან პირველი სტუმრობისას საუზმის მომლოდინეს… და თავით გადაეშვები ბავშვობაში, რომელიც ზაფხულის მცხუნვარე დილისა და ვანილის არომატს აფრქვევს…
პეპის მაჭკატები
4 კვერცხი ავთქვიფოთ 100 გრამ შაქრის ფხვნილთან ერთად. 250 მლ. მაწონში შევურიოთ 1/2 ჩ.კ სოდა ძმრით, 1 ს.კ ზეთი, ვანილი და დაახლოებით 250 გ. ფქვილი. ცომი არაჟნის სისქის უნდა იყოს. ტაფას ქაღალდით წავუსვათ ზეთი და ორივე მხრიდან გამოვაცხოთ.