სერგი გვარჯალაძე
La Boucherie LUXEMBOURG VILLE
Address: 9 PLACE D’ARMES, 1136 LUXEMBOURG, 26 10 38 83
ეს რესტორანი მდებარეობს ქალაქ ლუქსემბურგში.
სტეიკებზეა ორიენტირებული და გრილის ტიპის რესტორანია. აქ სრულიად შემთხვევით მოვხვდი, როდესაც მე და ოპერატორი ნიკო ტარიელაშვილი დოკუმენტურ ფილმს „ელექტრონავტები“ ვიღებდით. გერმანიაში ვიყავით, ქალაქ კიოლნთან ახლოს, რუქას რომ დავხედეთ აღმოჩნდა, ძალიან ახლოს ვიყავით ლუქსემბურგის საზღვართან და გადავედით. შემთხვევით ამ რესტორანში შევედით, ძალიან მოგვეწონა ინტერიერი, ჩვეულებრივი ფრანგული სტილის რესტორანია, თუმცა განმასხვავებელი იყო ის, რომ მენიუ და აქსესუარები ტყავისგან იყო დამზადებული. რესტორნის მენიუც ტყავზე იყო დაწერილი. ეს ადგილი ძალიან კარგი სტეიკებით გამოირჩევა. თუ ლუქსემბურგში მოხვდებით, სტეიკის მოყვარულთათვის ეს არაჩვეულებრივი ადგილია.
Li Tai Pe
Address: Furrengasse 14, Lucerne CH-6004, Switzerland, +41 41 410 10 23
შვეიცარიაში, ქალაქ ლუცერნში მდებარეობს ეს რესტორანი. ეს არის ყველაზე ძველი ჩინური რესტორანი შვეიცარიაში და ერთ–ერთი უძველესი მთელს ევროპაში. ძალიან ლამაზ, ძველ შენობაში განთავსებული, ტიპიური შუა საუკუნეების სტილის ავეჯით, დაბალჭერიანი დარბაზი. მაგიდები ყოველთვის დაკავებულია, ამიტომ აუცილებელია წინასწარ დაჯავშნა. გარდა იმისა, რომ ყველაფერი ძალიან გემრიელია, ევროპაში მდებარე მრავალი ჩინური რესტორნისგან განსხვავებით, რომელთათვისაც დამახასიათებელია ადგილსამყოფელი ქვეყნის სამზარეულოსა და გემოებთან მიმსგავსება, Li Tai Pe გამოირჩევა ნამდვილი ჩინური კერძებითა და არომატით. მიუხედავად იმისა, რომ ერთ–ერთ საუკეთესო რესტორნად ითვლება, იქ ძალიან ნორმალური ფასებია
Ristorante Chalet Don DIego
Address: viale De Gasperi 25, Grottammare, Italia
ეს არის იტალიაში, კურორტულ ზონასთან, San Benedetto del Tronto-სთან ძალიან ახლოს. რესტორანი მდებარეობს ზღვის სანაპიროზე. გამიმართლა, რადგან ჩემი მეგობარი მეპატრონეს იცნობდა. კალიფორნიული სტილის რესტორანია, შიგნით ჩამოკიდებული თევზებით. აქვს ბაღით გაშენებული პატარა ეზო. გარეთ დავსხედით. სანამ კერძებს მოიტანენ, შეგიძლია ზღვაშიც შეხვიდე. მენიუს მიხედვით კერძები არ შეგვიკვეთავს, უბრალოდ ვთხოვეთ, რომ თევზეულის ოთხი კერძი მოემზადებინათ. საოცრად გემრიელი კერძები მოიტანეს. რესტორნის მეპატრონე ყოველ დილით, 5 საათზე თავად გადის ზღვაში და რასაც დაიჭერს, მთელი დღის განმავლობაში იმას ჰყიდის.
ტურისტულ პერიოდებში ამ რესტორანში მოხვედრა საკმაოდ რთულია. აქვთ ვებგვერდი და შესაძლებელია წინასწარ დაჯავშნა. ამ რეგიონში, რაც კი თევზეულის სახეობა არსებობს, აქ ყველაფერი შეგიძლიათ დააგემოვნოთ.
თავისთავად, აქ ღვინოც განსაკუთრებულია, რადგან სან ბერნადეტოს ირგვლივ, სულ ღვინის წარმოება მიმდინარეობს და ეს ადგილი ღვინითაც, ძალიან ცნობილია.
Afrodyta
Address: 4a Letniskowa Street, TartakBrzózki
ეს ადგილი სასტუმრო ‘აფროდიტა’, პოლონეთის მიკარგულ სოფელში, ვარშავიდან დაახლოებით 50 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და თავისი სპათი გამოირჩევა. აქაც სრულიად შემთხვევით მოვხვდი, ძალიან მიყვარს ვაშლის ნამცხვარი ნაყინით და სპეციალურად ამ სასტუმროს რესტორანში გამაგზავნეს მის დასაგემოვნებლად.
პოლონეთში ჩემპიონატს აწყობენ ვაშლის ნამცხვრის მომზადებაში და ეს სასტუმრო მუდმივად იმარჯვებს . აქ ასევე განსაკუთრებულად ამზადებენ პოლონურ კერძს „გოლონკა“, ეს არის ღორის ხორცისგან დამზადებული
კერძი, რომელსაც პოლონეთის თითქმის ყველა რესტორანში გვთავაზობენ. ეს კერძიც, აქ ნამდვილად განსაკუთრებულია. ასეთი გემრიელი ვაშლის ნამცხვარიც არსად გამისინჯავს.
Bukhara
Address: ItcMaurya Hotel Diplomatic Enclave | Sardar Patel Marg, Chanakyapuri, New Delhi 110021, India
ეს რესტორანი მდებარეობს ნიუ-დელის ცენტრში, ერთ-ერთ დიდ სასტუმროში და ძალიან ძვირფას რესტორნად ითვლება. გათვლილია უფრო იმ უცხოელებზე, რომლებიც ნიუ-დელიში ცხოვრობენ და ქალაქის სტუმრებზე, რადგან ხორცისგან დამზადებულ კერძებზე ორიენტირებული რესტორანია.
გამოირჩევა ქაბაბების მრავალსახეობით, ქათმის ხორცის კერძების საოცრად გემრიელი ვერსიებით, თავისი ცხარე სოუსებით და რა თქმა უნდა, ინდური პურით.
საუკეთესო არჩევანია, შემწვარი ხორცის ასორტის შეკვეთა. მსგავსი არაფერი გამისინჯავს, ძალიან გემრიელი იყო. რაც შეეხება ინტერიერს, ეს თითქოს ევროპული ინტერიერის ელემენტების შემოტანის მცდელობაა, თუმცა ძალიან დახვეწილი ნამდვილად არ არის. ყოველთვის სავსეა სტუმრებით.
შეგიძლიათ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ კარგი ხორცისგან დამზადებულ გემრიელ კერძებს მიირთმევთ – ძალიან სუფთა გარემოში.