მაკო ჯაოშვილი
ტრიალებს ჩემი აზრები კულინარტულად. მას შემდეგ, რაც პოზიტიური მიმართულებით საოცარი აღმოჩენები გავაკეთე, სულ უფრო მიუმჯობესდება იერ-სახე და თვალში სხივმაც იმატა. ძირითადად იმ კვებითი რაციონის დამსახურებით, ბალანსირებულად რომ განსაზღვრავს ორგანიზმისთვის საჭირო მინერალებისა და ვიტამინების დროულ ჩაწოდებას. ახლახან ისიც გავიგე, სილამაზე შიგნიდან იწყება-ო, დავიჯერე და ენერგიულად გადავდგი ნაბიჯი სიჯანსაღისკენ.
თანდათან სხეული, მისი ენა და საქმისადმი მიდგომა უკეთესობისკენ გადაიხარა. წინაპირობად ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია: ყოველ დღე თუ არა, კვირაში 2-3-ჯერ მაინც შემოვდგამ სასწორზე შეკითხვას – რა მივირთვა, რა დოზით ისე, რომ კუჭიც ვასიამოვნო და გონებაც. გემრიელად მომზადებული საკვები სასარგებლო რომ უნდა იყოს, ამაზე იმდენი გვსმენია და თავადვე იმდენჯერ გვითქვამს, ზედმეტია შეხსენება. ახლა უფრო გონების დიეტაზე ვისაუბროთ. როგორ გამოვკვებოთ ტვინი კარგი ფიქრებით. რა ვთქვათ, რა ვიფიქროთ, რაც მერე ჩვევაში გადადის და ჩვენს შეგრძნებებში აისახება. დაგროვილი დადებითი ემოციებით კარგ საქმეებს ვაკეთებთ და სწორედ ეს არის ლაღი ცხოვრების საწინდარი. ყველაფერი მართლაც „კარუსელივით“ ტრიალებს, გემოს ჩაატან სასარგებლო აზრებს და პოზიტიურად მოქმედებ, ბუნებრივია, ხალისი გემატება. უფრო ენერგიული ხდები. მერე ამ ჭარბი ენერგიისგან დასაცლელად სუფთა ჰაერზე ფეხით სეირნობ, ალიონზე მზეს ეგებები, ხანდახან მთებს და ველებს დალაშქრავ, ზოგჯერ უბრალოდ, ხელში კალამს მოიმარჯვებ და ჯანსაღ ცხოვრების წესზე დაწერ 1-2 გვერდს. გონების სავარჯიშოდ ხან ინტერნეტში მოგზაურობ, რომ გაიგო რომელ პროდუქტში რა ინგრედიენტია გუნება-განწყობის სასიკეთო.
ასე მივაკვლიე, რომ ჩემი საყვარელი მზესუმზირა, მარტო საკნატუნოდ კი არაა კარგი, არამედ სასარგებლოც, რადგან მასში შედის A, E და B ჯგუფის ვიტამინები, რკინა, სელენი, თუთია, ფტორი, ნატრიუმი, იოდი. თურმე 50 გრამი მზესუმზირა საკმარისია ორგანიზმში E ვიტამინის ბალანსის შესავსებად და ცხიმების აქტიური ცვლის უზრუნველსაყოფად. აი რად მყვარებია. სახელიც როგორი აქვს – მზეს უმზერს და თავადაც მომღიმარ მზეს გავს.
აგერ პომიდვრის სეზონიც მოახლოვდა. ხან და ხან ვაშლივით მივირთმევ ხოლმე. გიკვირთ, რატომ?!
ჩინებული ანტიდეპრესანტია. ასევე მდიდარია ყველა საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით. არეგულირებს ნერვულ სისტემას და ქმნის კარგ განწყობას. ჰო, ნაოჭებსაც აქრობს და არის კანი ტკიცინა. მივირთმევ და ვარ უკეთეს ხასიათზე.
დაძაბულ შრომით რიტმსა და ქრონიკულ გადაღლილობას ბოლო ხანს ბევრი ვუჩივით. რას ვიზამთ, დრომ მოიტანა. ყველა სადღაც გარბის, რაღაცას გვთხოვენ სასწრაფოდ, სულ გვეჩქარება, სულ თავზე საყრელად გვაქვს საქმეები. ვართ შფოთსა და ფორიაქში. გვჭირდება რამე დამამშვიდებლად სასიამოვნო მისართმევი და სიხალისის მომგვრელი. რესტორნების მენიუდან ხშირად ვირჩევ გოგრის წვნიანს. ჯერ ერთი ორიგინალურია, თან მეგემრიელება, მეორეც მზესავით ყვითელგულა მისი რბილობი ასევე ანტიდეპრესანტია. თან D, C, P, PP, E, B. ჯგუფის ვიტამინებსაც უხვად შეიცავს, სპილენძ-ფოსფორ-რკინის მარილებით არის მდიდარი და ბევრ შინაგან დაავადებათა სამკურნალოდაა ზედგამოჭრილი.
ამ წითელ-ყვითელ მცენარეულ საკვებს მწვანე ბალახოვანი კერძებიც უხდება. ხომ გახსოვთ ყურს რომ ვუგდებ ჩემს სხეულს, შინაგანი ხმა რას მკარნახობს. ზუსტად ვიცი, როდის რა არის კარგი. პერიოდულად ისპანახს მივირთმევ, რადგან ისიც გამოირჩევა A, E, G, H, K, PP, და B ვიტამინების ნაკრებით, შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, ფოსფორს, სპილენძს და იოდის მარილებს. ამაღლებს ჰემოგლობინის დონეს და ორგანიზმს ავსებს ჟანგბადით. ტვინიც უკეთ მუშაობს და გონებაც მეტ საღ აზრს ბადებს. პოზიტიურ აზროვნებას რაც მოყვება უკვე გითხარით და ტრიალებს ასე წრეზე კულინარტული ამბები.
დანარჩენ სათქმელს მომდევნო ნომრისთვის შემოვინახავ.