მიშა დათებაშვილი / 29 წლის
განათლება: პროფესიით იურისტია. 2014 წელს საქართველოს კულინარიის აკადემიის მზარეულის პროგრამა დაასრულა. კულინარია ბავშობიდან იტაცებდა. კერძების მომზადება ყოველთვის უყვარდა, თუმცა ეს გატაცება სახლის ფარგლებს არ სცდებოდა და მხოლოდ ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის ამზადებდა. ერთ დღეს მიხვდა, რომ ოფისში მუშაობით ძალიან დაიღალა და აქტიური საქმიანობა უნდა დაეწყო, ამიტომაც გადაწყვეტილება მიიღო, რომ გატაცებისთვის პროფესიის სახე მიეცა. თვლის, რომ მისი ეს გადაწყვეტილება სწორი იყო.
კარიერა: მუშაობდა „ექსპო ჯორჯიაში“, შემდეგ Rooms Hotel Tbilisi-ში შეფ დე პარტიეს პოზიციაზე. ამჟამად მუშაობს პროექტზე, რომლის მიზანია, ხარისხიანი პროდუქტის ფართო საზოგადოებისთვის მიწოდება. მისი სურვილია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს საშუალება მიიღოს ადგილობრივი პროდუქტით დამზადებული ჯანსაღი საკვები. ფიქრობს, რომ ბურგერი სტარტაპისთვის კარგი იდეაა. ამბობს, რომ თბილისში სამწუხაროდ ჯანსაღი და ხარისხიანი ბურგერი არ არის.
კულინარია: ამბობს, რომ ყველა ქვეყნის სამზარეულო თავისთავად ძალიან საინტერესოა. ყველას თავისი გემო აქვს და იმ ქვეყნის კერძის მომზადება მოგზაურობას ჰგავს. ნებისმიერი საკმაზი და ინგრედიენტი იმ ადგილს გაახლოებს, რომელშიც ის გამოიყენება. განსაკუთრებით, მექსიკური სამზარეულო უყვარს, ფიქრობს, რომ ძალიან უშუალოა და აუცილებლად ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად უნდა მივირთვათ.
Juicy Lucy BBQ სოუსით და ხახვის ჯემით
ხახვის ჯემი:
※ ზეითუნის ზეთი- 50 გრ
※ წითელი ხახვი- 1 კგ
※ შაქარი- 5.00 გრ.
※ შავი ღვინო – 500 მლ.
※ ბალზამიკო- 100 მლ.
※ კარაქი – 50 გრ.
ბურგერი:
※ საქონლის სუკი – 2 კგ
※ Oyster Sauce- 50 გრ
※ კეტჩუპი- 50 გრ
※ ხახვი- 200 გრ
※ ბურგერის პური- 10 ცალი
※ ყველი ჩედარი- 500 გრ
※ სალათის ფოთოლი – 1 კგ,სასურველია აისბერგი
BBQ სოუსი:
※ თეთრი ხახვი- 250 გრ
※ კეტჩუპი- 1 ბოთლი
※ შაქარი- 200 გრ
※ პაპრიკა- 50 გრ
※ დაღერღილი წითელი წიწაკა – 10 გრ
※ ვაშლის ძმარი – 200 მლ
ხახვის რგოლები:
※ საშუალო ზომის ყვითელი ხახვი – 1კგ
※ ფქვილი – 500გრ
※ პაპრიკა- 10-15გრ
※ თეთრი ლუდი – 2 ბოთლი
კერძის მომზადების წესი
ხახვის ჯემი: ქვაბში ვასხამთ ზეთს, დავყრით თხელ რგოლებად დაჭრილ ხახვს. ვდგამთ ნელ ცეცხლზე და შიგადაშიგ ვურევთ, სანამ ხახვი ძალიან არ დარბილდება და არ გახდება ყავისფერი(25-30წთ). შემდეგ ვამატებთ შაქარს და ვურევთ სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება (2-3 წთ). შემდეგ ვამატებთ ბალზამიკოს, ღვინოს და ვადუღებთ, სანამ სითხე მთლიანად არ ამოშრება და არ მივიღებთ ჯემის კონსისტენციას (50-60წთ). ბოლოს ვამატებთ კარაქს და ვაგრილებთ ოთახის ტემპერატურამდე
ბურგერი: ხორცი გავატაროთ საკეპ მანქანაში, დავუმატოთ კეტჩუპი, ვორჩესტერის სოუსი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ავურიოთ. გამოვიყვანოთ 100გრამიანი ბურთულები და გავაბრტყელოთ ისე,რომ თითოეულს შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება. დავაწყვილოთ ბურგერები და ნახევარს ღრმულებში დავამატოთ 20 გრამი გახეხილი ჩედარი და თავზე დავაფაროთ დარჩენილი ფარში. მოვუკრათ გვერდები, რომშეწვისას ყველი არ გადმოვიდეს. შევდგათ მაცივარში 30 წუთით.
BBQ სოუსი: გახურებულ ქვაბში ჩავასხათ ზეთი და ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი. როდესაც ხახვი დარბილდება დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და დავადუღოთ ნელ ცეცხლზე სანამ ქვაბში არ დაგვრჩება პირვანდელი მასის 1/2 (30-40 წთ)
ხახვის რგოლები: ლუდი ჩავასხათ ჯამში და დავამატოთ იმდენი ფქვილი რომ მივიღოთ საშუალო სისქის თხევადი მასა დავამატოთ მარილი, პაპრიკა და კარგად ავთქვიფოთ. ხახვი დავჭრათ 1სმ. სისქის რგოლებად. სპეციალური დანადგარის არ ქონის შემთხვევაში თუჯის მაღალ ქვაბში ჩავასხათ მზესუმზირის ზეთი, რომ ამოვიდეს 5-6 სმ სიმაღლეზე, საშუალო ცეცხლზე გავახუროთ მიახლოებით 5 წთ (170 ჩ). ამოვავლოთ ხახვის რგოლები ლუდის ტემპურაში და ფრთხილად ჩავუშვათ ზეთში სათითაოდ (5-6 ცალი, როცა რგოლები გახდება ოქროსფერი (5- 6წთ) ფრთხილად ამოვიღოთ და მოვათავსოთ ქაღალდის ხელსახოცზე და მოვაყაროთ ცოტა მარილი. გავიმეოროთ ეს პროცესი დარჩენილ ხახვთან.
გამოვიღოთ ბურგერები მაცივრიდან, მოვასხათ ზეთი და საშუალოზე მაღალ ცეცხლზე გახურებულ ტაფაზე ან გრილზე დავაწყოთ, თითო მხარე შევწვათ 6-7 წუთის განმავლობაში. ბოლო წუთზე დავადოთ ბურგერებს თხლად დაჭრილი ჩედარის ყველი და ტაფას დავაფაროთ თავსახური, იმისათვის რომ ყველი დადნეს. გადმოვიღოთ ტაფიდან და დავასვენოთ ბურგერები 2-3 წუთის განმავლობაში. ამასობაში ბურგერის პურები გავჭრათ შუაზე, ორივე მხარეს წავუსვათ ცოტა კარაქი და გავხუხოთ ტაფაზე. დავიწყოთ ბუგერის აწყობა, პურების ორივე მხარეს წავუსვათ BBQსოუსი. ქვედა ნაწილზე დავდოთ სალათის ფურცელი, თხლად დაჭრილი პომიდორი, ხორცი, ხახვის ჯემი და დავაფაროთ პურის ზედა ნაწილი. გადავიტანოთ თეფშზე და გვერდზე მივულაგოთ ხახვის რგოლები. ეს რეცეპტი გამოიყენეთ გზამკვლევად მომზადების ტექნოლოგიაში. ბუგერის ვარიაციები უამრავია და ის მხოლოდ თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.