ნინო დარასელი
თაფლისფერთვალება, ხუჭუჭთმიანი მარიტა ეს პატარა, ხუჭუჭა გრძელთმიანი გოგო, ალბათ, აქამდეც გინახავთ. თუ არ გინახავთ, მისი სახელი მაინც გექნებათ გაგონილი. ეს მარიტაა, ისეთივე ლამაზი, როგორსაც თქვენში ამ სახელის ასოციაცია იწვევს. ქრისია, ოლინკა, ლილე – თუმცა, ბოლოს მარიტა. ასეთი იყო ნინო დარასელის ვერსიები ორსულობის მერვე თვეში. მაგრამ შემთხვევით ჩართული ტელევიზორი, ფილმი ,,ნატვრის ხე“ და სახელი მარიტა ერთ წუთში უალტერნატივო გახდა.
ეს თაფლისფერთვალება გოგო ნინომ 35 წლის ასაკში გააჩინა. დაბადების პირველი წუთიდან ბევრს ფიქრობს შვილის ჯანმრთელ კვებაზე. გაუმართლა. მარიტას უყვარს რძის პროდუქტები და ხილი. ამ მხრივ ოჯახში დემოკრატიაა. მარიტას ჭამას არავინ აძალებს. თუ არ უნდა, არ ჭამს. კარგია, თუ ნაკლებ ტკბილეულს მიირთმევს. „ფილმ ,,მანანაში“ რომ ბებიაა, იმას ვგავარ. ნიკა კიდევ ბაბუის როლშია. მარიტას დაკრულზე ვცეკვავთ – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. რუსუდანი კი ამ ყველაფერს აბალანსებს, ის არის ყველაზე მეტად მომთხოვნი და ზომიერად მკაცრი. 18 წლის ვიყავი ზაზუკა რომ დაიბადა. და-ძმასავით ვართ, მე და მარიტა კიდევ ბებია შვილიშვილივით.“
ბიჭი და გოგო – მათი აღზრდის მზა რეცეპტი ნინო დარასელს არ აქვს. ამბობს, რომ თითოეულ მათგანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ზაზუკა მეტად დამჯერი ბავშვი იყო, მარიტა პრეტენზიულია. ცხოვრებაში ყველაზე მეტად ნანობს, რომ ბევრი შვილი არ გააჩინა. ,,ბიჭიც უნდა გყავდეს და გოგოც. ბევრი შვილი ბედნიერებაა. ზაზუკასა და მარიტას შორის იმხელა ასაკობრივი სხვაობაა, რომ კონფლიქტი მათ
შორის თავიდანვე გამოირიცხა. დიდი სიყვარული აქვთ. მაგრამ ზაზუკა მეუღლესთან ერთად ესპანეთში ცხოვრობს, ამიტომ დას უფროსი ძმა მუდმივად ენატრება. მარიტა კი პატარა მულის ამპლუაში რძალზე ეჭვიანობს და ნატას ზაზუკას სიყვარულში ეცილება.“
მარიტა თავისუფალი, გახსნილი და თამამია. დაბადებიდან იცავს საკუთარ უფლებებს. უკვე იცის, რომ მომავალში ,,პრინცესობა“ უნდა. აკრძალვა მასთან არ გამოდის. ოჯახის წევრებისგან ყველაფრის მარტივად ახსნას ითხოვს. ,,დიდი ძალისხმევა მჭირდება, რომ ნერვები მოვთოკო, უცბად კივილი რომ არ დავიწყო, მაგრამ ჯერჯერობით საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. მაღალ რეგისტრში არც ერთხელ გადავსულვარ. თუ ჩემს უფლებამოსილებას ვაჭარბებ, იმ წუთში მეკითხება: მაძალებ? მეც ფარ-ხმალს ვყრი“.
მარიტას არაფერს აძალებენ, თუმცა ნინომ უკვე მოახერხა მისთვის მძიმე დღის გრაფიკის შედგენა. სკოლის მოსამზადებელი კლასი, ბალეტი, სიმღერა, ხატვა და ძერწვა. 5 წლის პატარა გოგოც ცეკვისა და სიმღერის სურვილით დედას მშვიდად ემორჩილება. უკვე ჰყავს მეგობრები, რომლებიც საბავშვო ბაღში შეიძინა. ,,პატარებს ბევრი ენერგია აქვთ, ამ დროს ღრუბელივით იწოვენ ყველაფერს. ამიტომ მინდა, მარიტა მაქსიმალურად დავაკავო.“
ახლა ახალი წელი ახლოვდება და მარიტასაც უკვე გამზადებული აქვს საჩუქრების სია. 31 დეკემბრის 12 საათს გახარებული ელოდება. საჩუქრების სია გადახედვას არ ექვემდებარება. ნაძვის ხის ქვეშ ყველა ის ნივთი უნდა დახვდეს, რაც თოვლის ბაბუას წერილში დაუწერა. მაგრამ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეზე მნიშვნელოვანი დღესასწაულიც არსებობს ამ პატარა გოგოს ცნობიერებაში – 25 ნოემბერი. მარიტას დაბადების დღე – თარიღი, როდესაც პატარა ქალბატონი ნამდვილ პრინცესად გადაიქცევა ხოლმე.
ფოტო: LIG Studio