ჯაბა დიასამიძე გალა ვახშამი…
ყოველთვის მსურდა თბილისთან დაკავშირებული ჩვენების მოწყობა. ამჯერად თემად სადღესასწაულო ვახშამი შევარჩიე. მინდოდა საქართველოსთან და თბილისთან დაკავშირებული საკუთარი მოგონებების გადმოცემა, იმ სითბოსა და სტუმრებთან ურთიერთობის გაცოცხლება, რომელსაც წლების განმავლობაში ჩემს მშობლებთან, მათ მეგობრებთან თუ ჩემს ბებია-ბაბუებთან ვხედავდი; ეს არის პროექტის ძირითადი კონცეფცია… ამ იდეის შესახებ ჩემს მეგობრებთან ბევრი მისაუბრია. ასევე მაქვს ვახშამთან დაკავშირებული სიურრეალისტური ჩანაფიქრი, რომლის განხორციელებასაც მომავალში ვგეგმავ. წარმოდგენილ პროექტს დაგეგმილის პირველი ეტაპი შეიძლება ვუწოდოთ.
ჩვენებას, რომლის ამსახველ ფოტოებსაც ჟურნალ „კულინArt“-ის საახალწლო ნომრის მკითხველები ხედავთ, „წვეულება“ დავარქვი. ძალიან გამიხარდებოდა, რომ საქართველოში მცხოვრებ მრავალ ადამიანს ჰქონდეს საშუალება ასე იცხოვროს, შეძლოს ამ დღესასწაულის ყოფიერებაში გადმოტანა და ასეთი წვეულებების მოწყობა… სამოსი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე საჭიროა, რომ ქალბატონები თავს კარგად გრძნობდნენ, იყვნენ ბედნიერები, ამაყები, მონდომებულები… და ლამაზად ჩაცმულები, ბედნიერები თუ უბედურები, ერთად ატარებდნენ დროის გარკვეულ პერიოდს მაინც, – წვეულებაზე ან ვახშამზე.
ჩემი ინსპირაცია ყოველთვის არის მოგონებები, ცხოვრების მიმართ დღევანდელი წარმოდგენა, პირადი ურთიერთობები და უდიდესი პატივისცემა ქალების მიმართ. ნებისმიერი ჩვენების კონცეფცია ამ დამოკიდებულებას გულისხმობს. ეს გალა ვახშამი ეძღვნება – გალა ელუარ დალის, სალვადორ დალის, Elsa Schiaparelli-ს, სიურრეალიზმისკენ მიდრეკილ ადამიანთა წრეს, რომელთაც უდიდეს პატივს ვცემ.
გადაღებისთვის მწერალთა სახლის შენობა შევარჩიე, ვფიქრობ, ვახშმის იდეას უხდება. რატომ მაქვს ასეთი განცდა ან ვინ მომცა ამის უფლება, არ ვიცი, მაგრამ აქ ყოფნისას თავი საკუთარ სახლში მგონია. ეს არის ძალიან ლამაზი ნაგებობა, გამორჩეული თავისი ისტორიით. ივანე მაჩაბლის ქუჩაზე არსებული ეს ძველი შენობა ერთ-ერთი ძალიან საპატივცემულო ადგილია ჩემთვის.
ქალბატონების ერთ ნაწილს, რომელთაც ფოტოებზე ხედავთ, ალბათ, რაც დავიბადე, მას შემდეგ ვიცნობ, დანარჩენს კი მას შემდეგ, რაც თავად დაიბადნენ… ჩემი შთაგონების ერთ-ერთი წყარო სწორედ ესინი არიან, იმ სხვა ქალბატონებთან ერთად, რომლებიც ამ პროექტში არ მონაწილეობენ.
დღეს… რა თქმა უნდა, ახალ კოლექციაზე ვმუშაობ. ეს დინამიკური პროცესია, როგორც კი ერთ კოლექციაზე მუშაობა სრულდება, მაშინვე იწყება ფიქრი შემდეგზე… ძირითადად, დროს ფიქრსა და ხატვაში ვატარებ, ესკიზების რეალობაში გადმოტანა და ამ ყველაფრის შესრულება – ბოლო ეტაპი და ყველაზე მოკლევადიანი პროცესია. მთავარია ინსპირაცია… ძალიან ახალგაზრდამ ავირჩიე ეს პროფესია, ალბათ, ასეთი ცხოვრება მინდოდა, – მუდმივი ძიების პროცესი…
ყოველთვის ვცდილობ, რომ არცერთმა დღემ არ ჩაიაროს ჩვეულებრივად… თუ პარიზში ვარ, გავდივარ სახლიდან, ვსეირნობ, ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ქუჩა და ადგილი დავათვალიერო, სულ რაღაცას ვეძებ, – ეს მჭიდროდ არის ჩემს შემოქმედებით პროცესთან დაკავშირებული. შეიძლება ითქვას, რომ თბილისშიც მსგავსი სტილის ცხოვრება მაქვს, უბრალოდ, აქ პასუხისმგებლობები მემატება, მუდმივად ცოტა დრო მაქვს და დიდი სურვილი თბილისში მყოფ ჩემს საყვარელ ადამიანებს მეტი დრო დავუთმო. თბილისში უფრო ზარმაცი ვარ.
ყველას, ვისთვისაც პირადად ახალი წლის მილოცვას ვერ მოვახერხებ, წინასწარ ვულოცავ!!! გისურვებთ ძალიან ბედნიერ, ბრჭყვიალა წელიწადს, – აღსავსეს სიყვარულით, დღესასწაულებით, ყვავილებითა და წვეულებებით.
საყვარელი სამზარეულო არის სახლის ფრანგული სამზარეულო, რომელსაც საკუთარ სახლში ბავშვობიდან ვეცნობი. ძალიან მიყვარს ქართული კერძები, ყველაზე მეტად კი ბაჟე, რომელიც სულ მენატრება და, ამავე დროს, სულ მაქვს პარიზში ყოფნისას. ჩემს სახლში როგორი სტილის სუფრაც არ უნდა გაიშალოს, ყოველთვის ვცდილობ, რომ იქ ბაჟე იყოს. როდესაც პარიზში ვარ და სტუმრები მყავს, მათთვის აუცილებლად ვამზადებ, საკუთარი თავისთვის კი იშვიათად. მიყვარს სიარული რესტორნებსა და მეგობრებთან – ვახშამზე; სულ სადღაც ვარ, არ მიყვარს მარტო ყოფნა, სულ მინდა, რომ ირგვლივ ადამიანებს ვხედავდე. მიყვარს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო და ექსპერიმენტები. იშვიათად რაიმე არ გავსინჯო, ერთადერთი, რასაც ვერაფრით ვეგუები, არის ბარდა.
ოჯახურ ტრადიციად არის ქცეული მწვანე სალათა. ჩემი ოჯახის წევრებისთვის მის კარგად მომზადებას, ტრადიციაზე მეტად, მოვალეობას ვუწოდებდი. მგონი, მეც კარგად გამომდის…
მიუხედავად იმისა, რომ კერძები გაცილებით უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე დესერტები, ბავშვობის მოგონებებიდან უპირველესად ნამცხვარი მახსენდება, რომელსაც ჩემი ბებია აცხობდა. დედაჩემს მისი მომზადების წესი თავისი ბებიისგან ახსოვს, მას კი – არ ვიცი, ვისგან… სხვა, რაც ასევე განსაკუთრებულად მახსოვს და ახალ წელს და დღესასწაულს უკავშირდება, არის ბროწეულის ბაჟე, რომელიც ძალიან მიყვარს, თუმცა, პარიზში ყოფნისას არასოდეს ვამზადებ, რადგან ბროწეულის გემო არ მომწონს. მისი არომატი ჩემს თბილისურ ახალ წელს და ჩვენი ოჯახის შეკრებას უკავშირდება. თბილისის სახლში საახალწლო სუფრაზე ყოველთვის არის შემწვარი ინდაური – კომშებით, რომელიც უფრო ევროპული სტილით მზადდება, ვიდრე ქართულით. ძალიან მიყვარდა ჩემი ქართველი ბებიის მომზადებული ქართული კერძები, რომლებსაც იგი საოცრად დახვეწილად ამზადებდა. როდესაც პარიზში ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდები ახალ წელს, სუფრაზე ყოველთვის არის ფუა გრა. ყველა ფრანგული ოჯახისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორი ფუა გრა აქვთ ახალ წელს. მისი ხარისხი და არჩევის პროცესი საახალწლო სამზადისის აუცილებელი ნაწილია.
ახალი წელი დღესასწაულთან ასოცირდება… მიყვარს გამოპრანჭული, ელეგანტური ქალები. სადღესასწაულო ვახშამზე ვხედავ ქალს – შავ, წითელ, ბორდოსფერ ფერებში, ბუმბულებით გაწყობილ ან ბრჭყვიალა საღამოს გრძელ, თუნდაც ნაქარგებით მორთულ ხავერდის კაბაში; ამ ღამეს ძალიან უხდება სამეფო კარის სტილი, პომპეზურობა. ახალ წელს ბავშვობიდან განსაკუთრებული მოლოდინით ველი და მგონია, რომ ასე დიდხანს გაგრძელდება…
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოები – პარიზთან, ახალ წელთან და ცხოვრების წესთან ასოცირებული – არის ერნესტ ჰემინგუეის „დღესასწაული, რომელიც მუდამ შენთანაა“. მე ასე ვხედავ, როგორც პარიზს, ასევე
თბილისს… ჩემი ჩვენების ერთ-ერთი მთავარი იდეაც სწორედ ეს იყო… და იმედი მაქვს, რომ ეს დღესასწაული ჩვენთვის გაგრძელდება.
ფოტო: LIG Studio