DRESSCODE

4_issue_culinart10

თაკო ჩხეიძე

Tbilisi Fashion Week – დამფუძნებელი / სამოდელო სააგენტო GEOMODELS-ის ხელმძღვანელი

როდესაც ქალი საქმიან შეხვედრაზე მიდის, ვფიქრობ სოლიდურად, საქმიანად უნდა გამოიყურებოდეს. ასეთ შემთხვევაში თეთრი პერანგი და მოდური შავი შარვალი საუკეთესო იქნება. შეიძლება აქცენტი გაკეთდეს აქსესუარებზე, მაგ. კარგ ჩანთასა და საათზე.
ოფიციალური მიღებებზე ჩაცმის სტილი უმეტესად „ჩარჩოშია“ მოქცეული. ასეთ შემთხვევებში, რაც უფრო დახვეწილი, კლასიკური სამოსით ხარ გამოწყობილი, მით უფრო კარგად გამოიყურები.
საზღვარგარეთ ცხოვრების პერიოდში ხშირად მიწევდა ოფიციალურ მიღებებზე დასწრება. შესაბამისად, საკუთარი „გარდერობის“ განახლებაც დამჭირდა, შევიძინე რამდენიმე შარვალი და პიჯაკი. ჩემი სტილი ალბათ უფრო კლასიკურია, თუმცა ზედმეტი „ჩარჩოები“ არ მიყვარს. ოფიციალურ მიღებებზე ხშირად ჩამიცვამს ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი კლასიკური, სადა სამოსი, ქართველი დიზაინერების ნამუშევრები ყოველთვის იწვევდა უცხოელი კოლეგების ინტერესს. როდესაც ჩემი მეუღლე საქართველოს ელჩი იყო ესტონეთში, ქვეყნის პრეზიდენტი ყოველ წელს მიღებას მართავდა ელჩებისა და მათი მეუღლეებისთვის, მოსაწვევში ყოველთვის აღნიშნულია ჩაცმის წესის, ე.წ. „დრესკოდის“ შესახებ, მიღებაძე შეგეძლო მისულიყავი ან ეროვნული სამოსით ან საღამოს გრძელი კაბით. მე ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი საღამოს სამოსით მივდიოდი.

4_issue_culinart12
გემოვნება – აუცილებელია ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლისთვის. ყოველთვის ექცევა ყურადღება, თუ რამდენად სწორად აცვია ოფიციალურ პირს. მაგალითად, განსაზღვრულია, რომ პრეზიდენტს უნდა ეცვას სადა პიჯაკი და არა ზოლიანი – ზოლიანი პიჯაკი შეიძლება ჩაიცვას ბიზნესმენმა. არსებობს სტანდარტები, რომელთა დაცვა საჭიროა. ძალიან ადრეული ასაკიდან მომიწია საქმიან შეხვედრებზე სიარული, ასე რომ, როდესაც დიპლომატზე დავქორწინდი, უკვე საკმაოდ გამოცდილი ვიყავი ამ საკითხში. ჩემი „გარდერობი“ ორი ნაწილისგან შედგება – რადიკულად განსხვავებული სამოსი “Fასჰიონ ჭეეკ”-ისთვის და სამოსი ოფიციალური შეხვედრებისა და მიღებებისთვის. მთავარია, ადამიანი საკუთარ თავს კომფორტულად გრძნობდეს სამოსის ტარებისას, აუცილებელია მოგწონდეს ის რაც გაცვია. ოფიციალურ შეხვედრებზე აუცილებელია ღიმილი, ურთიერთობა. მიყვარს ახალი ნაცნობები, სრულიად რადიკალურ ხალხთან მქონია ურთიერთობა. საზღვარგარეთ ცხოვრებისას დიპლომატების ჩემზე ბევრად უფრო გამოცდილ მეუღლეებთან მიწევდა ურთიერთობა, ელჩების მუღლეების კლუბიც კი გვქონდა. ერთხელ იაპონიის ელჩის მეუღლემ სხვა ელჩების მეუღლეებისთვის სახლში მოაწყო მიღება და გაგვაცნო მათი ტრადიციული სამოსი. ყველას გვსმენია „კიმონოს“ შესახებ, მაგრამ კიდევ მრავალი ახალი დეტალი შევიტყვე მის შესახებ. ყველამ ჩავიცვით, მოვიზომეთ, ამ სამოსის ჩაცმაც ერთგვარი რიტუალია.

არსებობს ზაფხულის, ზამთრის, გათხოვილი, გაუთხოვარი ქალის და სხვა სიმბოლიკის მატარებელი „კომონოები“. მიუხედავად იმისა, რომ იაპონია ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა, აქვთ შენარჩუნებული ეროვნული ტრადიციები, რაც ძალიან მისასალმებელია.
თუ მოდაში არის მასიური სამკაულები, ოფიციალურ შეხვედრებზე სასურველია გავიკეთოთ სადა, დახვეწილი ლამაზი საყურე, მარგალიტის მძივი, ბეჭედი.

4_issue_culinart11
„ვალენტინო“-ს ნებისმიერი კაბა შეგიძლიათ ჩაიცვათ კოქტეილის წვეულებაზე ან საღამოს მიღებაზე. ოფიციალური შეხვედრებისთვის კი, ქალბატონებს ვურჩევდი შეიძინონ ჯილ სანდერის, ჰუგო ბოსის კოსტიუმები. მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცებმა სწორად შეირჩიონ პერანგი, პიჯაკი – თუ რამდენი ღილი აქვს, პერანგის საკინძების ფერი, სწორად შერჩეული ფეხსაცმელი, ჰალსტუხი, არ შეიძლება მამაკაცმა ოფიციალურ შეხვედრაზე ჩაიცვას დაბალი წინდა. ლამაზია, თუ წყვილის სამოსში არის რაღაც საერთო ფერი, მამაკაცმა შესაძლებელია გაიკეთოს ქალბატონის კაბის იდენტური ფერის ჰალსტუხი.
საქმიანი შეხვედრებისთვის – მაინც შავი არის კლასიკური ფერი, ამას ვერ გაექცევი. თეთრი პერანგი, შავი შარვალი ან ქვედა ბოლო, ქუსლიანი კლასიკური ფეხსაცმელი, ლამაზი სამკაული, კარგი ჩანთა. შავი ფერი ასევე ძალიან უხდება საღამოს ჩაცმულობას, მაგ. თვლებით ან ბეწვით გაწყობილი კაბები… ელეგანტურია, თუ დავამატებთ ლამაზ სამკაულს. შეიძლება რაღაც იყოს მოდაში, მაგრამ საერთოდ არ გიხდებოდეს ადამიანს. ქალისთვის ძალიან კარგი აქსესუარი არის შარფი, რომელიც შეგიძლია გამოიყენო, როგორც საქმიან შეხვედრაზე, ასევე კოქტეილზე თუ საღამოს მიღებაზე.
როდესაც ოფიციალურ თანამდებობაზე მყოფი ქალბატონი ხარ, აუცილებელია მუდმივად ფორმაში იყო, რადგან ასეთ ქალებს თავიდან ბოლომდე აფასებენ. პირველი შეხედულება ხომ გარეგნობით, ვიზუალით იქმნება. ჩაცმულობა არ უნდა იყოს მოსაწყენი. როდესაც ხარ ოფიციალური პირი, სწორი ჩაცმა და ეტიკეტის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის შთამბეჭდავი იყო ინგლისის დედოფლის დაბადების დღეს საელჩოში გამართულ მიღება. მოსაწვევებზე ეწერა, რომ ქალბატონები ქუდით უნდა მისულიყვნენ, ძალიან ლამაზი სანახაობა იყო, ასევე კანში ვიყავი მიწვეული, სადაც დოღის მონაწილე გამარჯვებულები დავაჯილდოვე, ესწრებოდა უამრავი ლამაზი ქალი, კოქტეილის კაბებსა და შლიაპებში გამოწყობილნი.
ყველაზე გემოვნებიან ქართველ პოლიტიკოსად ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მიმაჩნია. არსებობენ ქალბატონები, რომლებსაც ძალიან სწორად აცვიათ, თუმცა მათში ხელოვნურობა იგრძნობა.
ყველაზე მეტად მიყვარს იტალიური სამზარეულო… ასევე იაპონური, ჩინური, ტაილანდური სამზარეულოები.
ზოგადად, გურმანი ვარ. კერძების მომზადებაც მეხერხება, მაგრამ მას შემდეგ, რაც თბილისში ვცხოვრობ, ნაკლები დრო მრჩება სამზარეულოსთვის. პატარა ბავშვები მყავს და უფრო მათთვის ვამზადებ. ასევე დილით თავად ვაწყობ საუზმეს. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ოჯახის წევრებმა ერთად ვივახშმოთ. საზღვარგარეთ ცხოვრებისას უფრო ხშირად ვამზადებდი, იქ მეტი დრო მქონდა ექსპერიმენტებისთვის. არ ვარ პრეტენზიული, ყველაფრის ჭამა შემიძლია, თუმცა ბოლო დროს ვცდილობ ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვრო და ვიკვებო. არ ვსვამ გაზიან სასმელს, არ ვჭამ „სწრაფი კვების“ პროდუქციას.

4_issue_culinart13

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com