თამარ ბაბუაძის ბლოგი

SUMMER IN THE CITY

ეს არის ამბავი ზაფხულის სამი კვირის შესახებ. მოგონება უჰაერო, მტვრიან და ჭუჭყიან ქალაქში გატარებული დღეებისა და ღამეების, რომლებიც სექტემბერში საწინააღმდეგო თანხმლები ეფექტით – სუფთა ჰაერის მობერვასავით მახსენდება.

ეს არის ამბავი თავისუფლების შესახებ. ასეთ თავისუფლებას კი მარტო ის დედები გრძნობენ, რომლებიც მთელი წლის მანძილზე მუდმივად შვილებს ეკუთვნიან კვირაში ხუთი დღე – სამსახურის შემდეგ, საღამოს 7 საათიდან და მთელი შაბათ-კვირა.
მათთვის სამი კვირით მთაში ჰაერზე შვილების გაშვებას იგივე დატვირთვა აქვს, რაც – თუ ოდნავი გადაჭარბებით ვიტყვით – ქალთა ემანსიპაციის დასაწყისს ამერიკაში. ამ დროს დილა-საღამოს მადლობას წირავ მშობლებს, რომელთაც ბავშვები ქალაქს და შენ გაგარიდეს და უწვრილმანესი ხულიგნობების ჩადენაც კი ისე გსიამოვნებს, გეგონება, ტელმა ან ლუიზა იყო და გატაცებულ მანქანას რომელიმე შტატის გზატკეცილზე მიაქროლებდე. არადა, რა ტელმა, რის ლუიზა, ჩვენ ხომ წვრილმან ხულიგნობაზე არა სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, არამედ დედის დაუწერელ კანონმდებლობაზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ჰოდა, თუ ამ კანონმდებლობის მიხედვით ისჯება, ვთქვათ საღეჭი რეზინის (საკუთარი!) საწოლის ტუმბოზე მიკვრა (ბავშვი შემოეხეტება, პირში ჩაიდებს, ან იქნებ მოუნდეს და მოსინჯოს, ცხვირში შეეტევა თუ არა?!) – ამ სამი კვირის მანძილზე თავისუფლდები ბრალდებებისგან. დაყარე ტუმბოზე რაც გინდა, თუნდაც ძილის წინ მოხსნილი საყურეები და ბეჭდები (ერთმანეთს ვეღარ შეარჭობენ და ვერც გადაყლაპავენ). საერთოდ დაივიწყე, შენს ტელეფონს მაღვიძარა რომ აქვს… დაანებე თავი საღამოს ექვსი საათისკენ ფორიაქის დაწყებას – შვიდზე სახლში უნდა ვიყო… დაიბრუნე სასაუბრო თემები ქმართან (ადრე რამდენს საუბრობდით…)

4_issue_culinart14

და არა მარტო თემები… სამსახურიდან – სადღაც, სადღაციდან – კიდევ სადღაც, კიდევ სადღაციდან – იმის იქით სადღაც – იარე ყველგან, როცა და სადაც გინდა. ნურც ერთ შემოთავაზებაზე ნუ იტყვი უარს. გახსოვდეს, ეს ემანსიპაციის სამი კვირაა.

4_issue_culinart15
…ბევრი ჩიჩინი ჩემს შინაგან ხმას არ დასჭირვებია. ინტენსიური სამუშაო გრაფიკი კი მქონდა, მაგრამ დედობამდელ მდგომარეობას ფსიქოლოგიურად იმდენად დავუბრუნდი, მეგონა, კურორტზე გამგზავნეს დასასვენებლად. ხელშესახებად გამიცოცხლდა ყველა ის სიამოვნება, რომელთა განცდაც მივიწყებული მქონდა. მათ შორის, უთავბოლო ხეტიალი ღამით და გამთენიისას, მოშიებულზე ჭამა.
თან ეს დეპრესიული ჭამა კი არაა, როცა ბავშვებს უკვე ძინავთ, შენ კი სამუშაო გაქვს, მაგრამ ენერგია აღარ გყოფნის სამუშაოდ, ამიტომ ყველაფერს აკეთებ, ოღონდ კი კომპიუტერს არ მიუჯდე და იწყებ, მათ შორის, მაცივარში ქექვასაც. ამ დროს, გაფანტულმა, გაღიზიანებულმა და დაღლილმა შეიძლება პურზე წასმული ტყემალიც კი ჭამო, მაგრამ თავი ბედნიერად მაინც არ იგრძნო. ღამე, გარეთ, მეგობრებთან ერთად ჭამა კი საზიარო ჭამაა. თავად კერძის გემოს შეგრძნების გარდა, ამ დროს თავბრუს გახვევს ერთად ყოფნა, სიცილი, ფლირტი საკუთარ მეუღლესთან, საჯაროდ, სტატუსისა და იმ ადგილისთვის შეუფერებლად მოქცევა და ხმაური. ხომ მეთანხმები, გამთენიას, ნამთვრალევზე, ყველაზე ჩვეულებრივ სახინკლეში შეკვეთილ ხინკალსაც კი დაუვიწყარი გემო აქვს… ამ დროს შეიძლება „მაკდონალდსშიც“ შეხვიდე, მერე ტროტუარზე ჩამოჯდე მეგობრებთან ერთად და საკუთარ თავს ეფემერული უწესობა თუ უსაქციელობა გამოსტყუო.
რა თქმა უნდა, ამ „აწყვეტის“ თავი და თავი მაინც ალკოჰოლია. სტატიის სათაურსაც წავაწყდი ერთ-ერთ ჟურნალში: „რატომ ჭამ, როცა სვამ“. ჩემი თეორიის საწინააღმდეგოდ, ერთი ჰოლანდიური კვლევის ავტორებს დაუდგენიათ, რომ ალკოჰოლის მიღების დროს სუფრასთან ჯდომა უფრო მეტად იწელება არა იმიტომ, რომ საერთო კამპანიაში ყოფნაა სასიამოვნო, არამედ იმიტომაც, რომ ადამიანები სმის დროს გვიან ნაყრდებიან. ამას ემატება სოციალური კონტექსტი (ზოგისთვის ჩემსავით ემანსიპირების თავბრუდამხვევი განცდაც) და ამის გამო ატარებ მერე ღამეს სმიდან ჭამაში, ჭამიდან სიცილში, სიცილიდან ხეტიალში და ვინ იცის, მერე ისევ ჭამაში.

4_issue_culinart16

თურმე, ტყუილუბრალოდ არ მიხსენებია „ღამის ხინკალი“ და „ღამის მაკდონალდსი“. სტატიის ავტორები მეკითხებიან: გინახავს ვინმე, ღამით მწვანე სალათის ჭამა მოუნდესო? არა! და აი, თურმე, რატომ: ალკოჰოლი აძლიერებს მარილისა და ცხიმის გემოს, უფრო ინტენსიურად აღგაქმევინებს მათ და ამიტომაც არის, რომ წვნიანი და ოხშივარადენილი ხინკალი იქნება, თუ „პეპერონებით“ დატენილი, „ოთხი ყველის“ პიცა, ყველაზე გემრიელ და დახვეწილ კერძად გეჩვენება.

4_issue_culinart17

ჰოდა, ასე… გაილია ზაფხული. დადგა პირველი სექტემბერი, აილაგმა ტუმბოებიდან საღეჭი რეზინები და საყურეები, ტელეფონში დაბრუნდა მაღვიძარა და ყველაფერი დაიწყო თავიდან. მაგრამ მე მაინც, როცა ბავშვებს ვაძინებ, ღამის მუშაობისთვის ვემზადები, ერთ სიტყვასაც ვერ ვწერ და მერე მაცივრის კარს ვაღებ საღერღელაშლილი და საყინულეს ამოქშენის ნაცვლად, საკუთარი სიცილის ხმა ჩამესმის მეგობრების ოვაციების თანხლებით – როცა ერთ-ერთ ღამეს, რესტორანში, დაგვიანებულ კერძს შევეგებეთ აღფრთოვანებით.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com