გთავაზობთ ჩვენი შვილების (არა მარტო მათი) საყვარელი კერძის რეცეპტს. ჯერ კიდევ 1835 წელს წერდა ალექსანდრე დიუმა, რომ „პიცა იტალიელთა სიბრძნისა და გამჭრიახობის ერთგვარი ნაზავია – ცალ-ცალკე პურის პატარა ნაჭრით, პომიდვრით, ნივრით, ზეთითა და მომცრო თევზით ადამიანი ვერ დანაყრდება, მაგრამ ამ ყველაფერს თუ ერთად მოუყრი თავს, დანაყრდები კიდეც და დიდ სიამოვნებასაც მიიღებ“.
სურსათის სარგო 4 პატარა პიცისთვის:
* 3 ც. შოთის პურის ცომი
* 300 გრ. პომიდვრისგან დამზადებული ტომატი
* 300 გრ. ყველი „მოცარელა“ ან სულგუნი
* 250 გრ. ყველი „პარმეზანი“
* 200 გრ. ინდაურის ლორი
* „რუკოლა“
* „ბაზილიკი“
* „ორეგანო“
* ზეითუნის ზეთი
* მარილი
* პილპილი
მომზადების წესი :
ავიღოთ ლანგარი, მოვასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და მოვაყაროთ ცოტა ფქვილი. შემდეგ ავიღოთ ცომი და თხლად გავაბრტყელოთ. როდესაც სასურველ ფორმას მივიღებთ, მოვათავსოთ ლანგარზე და 5 წუთით შევდოთ წინასწარ 250° გახურებულ ღუმელში. როგორც კი ცომი შეპიწკინდება, გამოვიღოთ ღუმლიდან და სურვილის მიხედვით მოვრთოთ სხვადასხვა სურსათით.
მაგალითისთვის გამოვიყენოთ შემდეგი პროდუქტები:
1. ტომატი (ვუმატებთ „ორეგანოს“, „ბაზილიკს“, მარილს და ზეითუნის ზეთს)
2. გახეხილი „პარმეზანი“
3. „მოცარელას“ ბურთულები
4. ინდაურის ლორი
შეკაზმული ცომი 10 წუთით ისევ ღუმელში შევაბრუნოთ. გამოღებისთანავე მოვაწყოთ ზემოდან ცოტაოდენი „რუკოლა“.
აი, ასე მარტივად შეიძლება მომზადდეს ყველასთვის საყვარელი კერძი. კარგი იქნება, მზადებისას ბავშვებსაც თუ დაიხმართ, მაშინ სამზარეულოში ფუსფუსი უფრო სახალისო და სასიამოვნო გახდება ყველასთვის.
ფოტო: ანა ბოკო