ნანკა კალატოზიშვილი
ეს პატარა ბიჭი, ფოტოზე რომ ხედავთ, დანი კეიდიაა. ნანკა კალატოზიშვილისა და ირაკლი კეიდიას შვილი. თბილისში უკვე ძალიან დაცხა და ახლა კაკლებში წაიყვანეს გასაგრილებლად. დიდ სახლში ყველაფერი მის განკარგულებაშია. დილის 7 საათზე იღვიძებს და მერე მთელ ოჯახს აღვიძებს. სახლში ყველაფერი მის ირგვივ ტრიალებს, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე. დანი – მშობლებმა ერთობლივი გადაწყვეტილებით დაარქვეს. ნანკას იდეა სანი იყო, მერე მამამ თქვა – სანი იტალიელი მაფიოზის სახელიაო და ასე, სანის მიმსგვასებული დანი მიიღეს – იგივე დანიელი.
შვილზე ზრუნვა ნანკამ ორსულობიდან დაიწყო. კვება ძალიან ჯანმრთელი, ყველაფერი ნატურალური – რაციონიდან გაზიანი წყალიც კი ამოღებული ჰქონდა. ასე გრძელდება დღემდე. დანი ბუნებრივ კვებაზე იყო, ზრდასთან ერთად ფაფები და წვნიანი დაემატა. ჭამა ძალიან უყვარს. უპრობლემოდ მიირთმევს ბოსტნეულის ყველა სახეობას. გემრიელად კვებაში ხანდახან კბილის ამოსვლა თუ შეუშლის ხელს. ის ორი დღე გაღიზიანებულია, ყურის ტკივილი ეწყება და ამ დროს განსაკუთრებულ ყურადღებასა და სითბოს ითხოვს.
ნანკამ დამოუკიდებლობას ორი თვიდან მიაჩვია. ამ ასაკიდან დანის ცალკე, საკუთარ ოთახში ძინავს. ალბათ ამიტომაც არის ზომაზე მეტად კომუნიკაბელური. ე.წ. „უცხოობა“ არ ჩვევია, ყველას უცინის და ეთამაშება. არც „კულინარტი“ იყო გამონაკლისი. კამერის წინ პოზირებდა და ამოჩემებული სათამაშოებით ბალახში თამაშობდა.
მშობლებმა უკვე იციან, რომ დანის ტკბილეული არ უყვარს. წამალიც კი მჟავე ურჩევნია. ეს დიაგნოზი ნანკამ დაუსვა. დანი თვეების იყო, როდესაც დედამ მუცლის ტკივილების წამლების გასინჯვა შვილთან ერთად დაიწყო. ასეთი ჩვევა აქვს. სანამ დანი გასინჯავს, მანამდე ნანკამ უნდა გაუგოს გემო.
შვილს თავისუფლად ზრდის. „დანი უპრობლემოა. პანიკის საფუძველს არ მაძლევს. ერთხელ მახსოვს, გადაღებაზე წავედი, მაშინ ერთი თვისაც არ იყო. ვუყურებ „დღის შოუს“ და გამოაცხადეს, რომ როდესაც დედები ჩვილებს ტოვებენ, ბავშვები ვერ ხვდებიან, რომ ეს დროებითია. რვა დღე ვერ დავბრუნდებოდი. ჩავვარდი პანიკაში. რეჟისორმა „მატორ“ რომ დაიძახა, მე ხელში ტელეფონი მეჭირა და ვრეკავდი გადაცემაში. ფსიქოლოგს დამამშვიდებელი პასუხი რომ არ გაეცა, ალბათ გავგიჟდებოდი“.
დღეს ნანკას ცხოვრებაში მთავარი ერთი წლის დანიელია. მისი დღის რეჟიმი, კვება და დასვენება. მალე ბაღისთვისაც დაიწყებენ მზადებას და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ დიდი სახლის პატარა ბინადარი ბავშვობის ყველა საფეხურს გაივლის.
ფოტო: ანა ბოკო