KIDS MENU

ბროკოლის ტყე

9_Issue_CulinArt759_Issue_CulinArt105

ხასხასა ბალახი გაზაფხულისა და განახლების განწყობას ბადებს. კვერცხისგულისფერი მზეც დაუღალავად აცხუნებს პეიზაჟს. ბუთქუნა ხეები ნარნარად აშრიალებენ ბროკოლის ფოთლებს, მათი ხორკლიანი მერქანი კი საქონლის მოხარშულ ხორცს წააგავს და გემოს გასასინჯად გიწვევს…

ერთი შეხედვით თამაშს ჰგავს, მაგრამ ამავდროულად სასარგებლო და წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი თამაშია! ფანტაზიას მოითხოვს, ნებისყოფასაც… და კიდევ იმასაც, რომ ძალიან გიყვარდეს ის, ვისთვისაც ამ აზარტულ თამაშში თავით უნდა გადაეშვა!
ყველაფერი მაშინ იწყება, როცა ბავშვები ჩნდებიან და მათი კვება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ხდება. როგორი უნდა იყოს რაციონი? ჯანსაღი, დაბალანსებული, ახალი, გემრიელი – თითქოს ყველაფერი ძალიან მარტივია, არადა პრობლემებს ამ სფეროში მაინც მოსალოდნელზე ხშირად ვაწყდებით.
როცა ჩემი უფროსი შვილი გაჩნდა, სამზარეულოსთან უკვე საკმაოდ დამეგობრებული ვიყავი. პრაქტიკულად
ყველა კერძის მომზადება ვიცოდი, მაგრამ ჩემთვის ასე საამაყო კულინარიული მზადყოფნა, დედობის მხოლოდ საწყის ეტაპზე გამომადგა. კვებასთან დაკავშირებული პრობლემები მალევე დაიწყო. იმ დროს, როცა წესით ბავშვს ყველაფერი უკვე უპრობლემოდ უნდა ეჭამა, პირიქით მოხდა: ნელ-ნელა მის რაციონში აქტიურად ჩართული სასარგებლო პროდუქტის ჭამაზე განაცხადა უარი. ოდნავ მოგვიანებით, როცა ლევანიკო უკვე კარგად ამეტყველდა, სხვადასხვა კერძის მიმართ, საკუთარი ანტაგონისტური განწყობის მიზეზებზეც ალაპარაკდა.
ჰერკულესის ფაფა ცუდ ამინდს ჰგავდა, ხაჭოს ფერები აკლდა, კვერცხს სტკიოდა, როცა გულს უხეთქავდნენ, კარტოფილი შეწვისას მოიწყენდა ხოლმე და ა.შ. სხვადასხვა პროდუქტზე უარის თქმის მიზეზები ჩემი შვილის ზრდასთან და ლექსიკის გამდიდრებასთან ერთად სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი და ხატოვანი ხდებოდა, უარყოფილი კერძების რიცხვი კი იმატებდა და იმატებდა.
რატომ ჰგავს კატლეტი დამწვარ სახლს? ზოგიერთი კატლეტი კი, ძალიან დამწვარ სახლს?- დავას აზრი არ აქვს, ჰგავს და მორჩა! ან როგორმე უნდა შეელიო საჭმელს, რომელიც შენს შვილს საცოდავი და ნაღვლიანი ეჩვენება და ცრემლებით გთხოვს, რომ მისი ჭამა არ აიძულო, ან…
ან რაღაც გამოსავალს უნდა მიაგნო და მეც მივაგენი! მივხვდი არასასურველი კერძის მიმართ ბავშვის დამოკიდებულება აუცილებლად შეიცვლებოდა, თუ კერძს განსხვავებულ და ჯადოსნურ შესახედაობას მივცემდი.

9_Issue_CulinArt76

9_Issue_CulinArt_Page_084

ჩემი დებიუტი საბავშვო კულინარიის ჟანრში სწორედ სევდიანი და გულისმომკვლელი კატლეტების ტრანსფორმაციით შედგა. ასე შეიქმნა მაკარონის დალალებიანი და ყურებამდე გაკრეჭილი ბედნიერი კატლეტი, შემდეგ- ჰერკულესის ფაფის გვირილა, ბრინჯის უფლისწული, ბროკოლის ტყე, მხიარული ხაჭო, მეოცნებე სენდვიჩი და სხვა – ათობით ფერადი და „გაცინებული“ კერძი.
შეგრძნება, რომ კულინარია მართლაც ხელოვნებაა და როგორც ხელოვნების ნებისმიერ სფეროს, მასაც, პირველ
რიგში, შთაგონება სჭირდება, სწორედ ამ დროიდან მოვიდა. საერთოდ, სამზარეულომაც შეტყუება იცის. პირადი გამოცდილებით დავრწმუნდი! ყოველდღიური საარსებო აუცილებლობა განსაზღვრავს მასთან პირველი შეხების მიზეზს. წარმატებები გახალისებს და მეტი და მეტი სირთულისთვის განგაწყობს. ბოლოს კი, როცა შენს კულინარიულ ბიოგრაფიაში ბევრი რთული კერძი ეწერება, გიჩნდება შეგრძნება, რომ კიდევ უფრო მეტიც შეგიძლია.
მეც ასე დამემართა. ოღონდ ძნელი სათქმელია, გავავითარებდი თუ არა საკუთარ თავში კულინარიული მეოცნებეს უნარ-ჩვევებს, ჩემი ვაჟი ასეთი ესთეტი და სენსიტიური, რომ არ აღმოჩენილიყო უსახური კერძების მიმართ.
ფაქტია, გამოსავალი მოიძებნა, თან მოსალოდნელზე უფრო საინტერესო და აზარტული! დღეს უკვე დანამდვილებით ვიცი, არ არსებობს პროდუქტი, რომელსაც ბავშვს ვერ მოაწონებ. მთავარია ძალიან მოინდომო, რომ მისი რაციონი ყველა აუცილებელი კომპონენტისგან შედგებოდეს და პრობლემის გადასაჭრელად პრინციპულობას მაქსიმალური კრეატიულობაც შეუთავსო.
დღეს, ლევანიკო 11 წლისაა და ყველაფერს უპრობლემოდ მიირთმევს. უმცროსი შვილი, სანდრო, არც გასტრონომიულ პრეტენზიებს და არც განსაკუთრებულ სენტიმენტებს არ უჩივის, მაგრამ საჭმელებით მაინც ხშირად „ვთამაშობთ“ ხოლმე. უკვე ერთად ვიგონებთ გემრიელ, ფერად და მხიარულ კერძებს; ვმსჯელობთ რომელი ფერები და არომატები მოუხდება ერთმანეთს; რომელი პროდუქტები შეიძლება ერთმანეთთან „დავამეგობროთ“ და რომელი არა. მოკლედ, კულინარიულ ცოდნასაც და ორგანიზმსაც ერთდროულად ვამდიდრებთ ახალ-ახალი, ჩვენივე მოგონილი არტ-კერძებით!
თქვენც საინტერესო კულინარიულ თავგადასავლებს გისურვებთ და ესეც ბროკოლის სასარგებლო ტყე ჩვენი მოგონილი რეცეპტებიდან.

ბროკოლის ტყე
ხეების ქუდებად ბროკოლის თავებს ვიყენებთ, ძირის მაგივრობას კი, საქონლის მჭლე ხორცი გაგვიწევს. ზედ
მოხარშულ და შუაზე გაჭრილ კვერცის გულს გამოვიყენებთ. კომპოზიციას სალათის ფოთლების ბალახი შეკრავს.

9_Issue_CulinArt106 ერთი კვერცხი

9_Issue_CulinArt107   ბროკოლი: 100 გრ

9_Issue_CulinArt10823  სალათის ფოთოლი

9_Issue_CulinArt109საქონლის მჭლე ხორცი: 100გრ

 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com