მორის სასახლე, გარშემორტყმული ვენახებით და ბრწყინვალე ბოტანიკური ბაღით, საოცრად რბილი ხმელთაშუა ზღვის კლიმატით, ცნობილი იყო როგორც საუკეთესო დასასვენებელი ადგილი, მე-19 საუკუნის ევროპელ არისტოკრატებს შორის. დღეს კი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ინოვაციური და ცნობილი გამაჯანსაღებელი კურორტი ევროპაში.
გამჭვირვალე ჰაერი, ლურჯი ცა… ტიროლური სახლების სახურავები, მწვანე მთები, ყვავილებით მორთული პატარ-პატარა ბილიკები და საცალფეხო ხიდები…. და დარიჩინიანი ყავის არომატი…. ეს მერანოა, სამოთხე იტალიისა და ავსტრიის საზღვარზე…
31/03/24 – ჩემი დილა მერანოში, სამკურნალოგამაჯანსაღებელ ცენტრში, სწორედ, დარიჩინიანი ყავის სურნელით იწყება… იმედით, რომ რამდენიმე დღეში გავხდები …არადა, რა რთულია, ჩემნაირი გურმანისთვის ამ `მსხვერპლის~ გაღება… ვახშამი, პირადად, ჩემს მიერ შერჩეული პროდუქტებითა და გამორჩეული კერძებით, კარგი ღვინით, ჩემთვის ერთი სიამოვნებაა…. და აქ, მერანოში, ერთ კვირაში, ანრი შენოს მეთოდით, ამ ხშირი სიამოვნების შედეგების აღმოფხვრა უნდა დავიწყო…
აქ ყველა ჩემნაირია, დილიდან – საღამომდე (საღამოზე მერე მოგახსენებთ) ქათქათა ხალათებში გამოწყობილი, პროცედურიდან – პროცედურამდე, და, რაც მთავარია, კვებიდან – კვებამდე. ირგვლივ ყურდაღება, სითბო, პირადად შენზე მორგებული რეჟიმი და კვების რაციონი. საღამოს კი – ვახშამი, ცოტა თამამი, უფრო გემრიელი და, რაც მთავარია, თეთრი ხალათების გარეშე, ლამაზი, გამხდარი ქალებისა და მამაკაცების გარემოში – ესეც მერანოს და ანრი შენოს პროგრამის ერთ-ერთი წესი და შემადგენელი ნაწილია.
ძილის დროა და უცბად ვხვდები, რომ სიამოვნებით ველოდები დილას, რადგან ვიცი, რომ ხვალაც დღის ბოლოს სასწორის ისარი ჩემსკენ მეტად გადმოიხრება.
ხვალ ისევ ავხედავ ლურჯ ცას, შევისუნთქავ კამკამა ჰაერს, მივეფიცხები მზეს აუზთან, დავლევ დარიჩინის არომატიან ყავას და საღამოს გემრიელად ვივახშმებ.
და მაინც, რა არის დეტოქსიკაციის კურსის საიდუმლო, რომელიც გვეხმარება გავთავისუფლდეთ ტოქსინებისგან, მოვიპოვოთ მტკიცე ჯანმრთელობა და თავი მოვიწონოთ მოხდენილი ფიგურით? თან ისე ადვილად, რომ სულ გვავიწყდება, დიეტა მხოლოდ უგემურ საკვებთან და შიმშილთან რომ ასოცირდება.
FINE DINING DETOX ეს ის პროგრამაა, რომელსაც ჰენრი შენო სთავაზობს დამსვენებელს: 1 კვირის განმავლობაში გარანტირებულად დაიკლებთ 4-5 კგ-ს, ისე, რომ მომდევნო პერიოდში აღარ მოიმატებთ.
`უშეცდომოდ~ კვების უმთავრესი პრინციპია საკვების მიღება ერთსა და იმავე დროს, დღის განმავლობაში 3-ჯერ.
ერთკვირიანი დეტოქსიკაციის კურსი, ცხადია, გულისხმობს მარილის, შაქრის, ალკოჰოლის, კოფეინის, ხორცის, რძის პროდუქტების და ზეთის შეზღუდვას, დიდი რაოდენობის სითხის მიღება კი აუცილებელია, იქნება ეს წყალი თუ ხილის ჩაი. ამ ტიპის კვება ერთი კვირის განმავლობაში დაგვეხმარება, რომ ჩვენი ორგანიზმიდან გამოიდევნოს ტოქსინები და სამომავლო დიეტები მეტად ეფექტური გახდეს. ეს ერთკვირიანი მეთოდი გვთავაზობს ბალანსირებულ, დიეტურ და ამავდროულად გემრიელ კვებას. ჩვენ ვსწავლობთ საკვების რაოდენობის კონტროლს და პროდუქტების სწორ შეხამებას, რომელიც გემრიელთან ერთად სასარგებლოა, წმენდს ორგანიზმს ზედმეტი მავნე ნივთიერებებისაგან და სასურველ წონამდე მივყავართ.
ანრი შენოს პროგრამა FINE DINING DETOX ჯანმრთელობა, ახალგაზრდობა, ენერგიაა და რაც მთავარია, ასაკუთარი თავის შეცნობაა.
გთავაზობთ რამდენიმე სოუსის რეცეპტს, რომელიც მრავალფეროვნებას შესძენს თქვენ მიერ მომზადებულ კერძს და დიდ აღფრთოვანებას გამოიწვევს გურმანთა წრეში .
აღმოსავლური სოუსი ჰუმუსი
რეკომენდირებულია ცოცხალ ბოსტნეულთან ერთად
* 60 გრ. მოხარშული ნუტი (თურქული მუხუდო)
* ნახევარი კბილი ნიორი
* 20 გრ. სეზამის კრემი (პასტა)
* 10 გრ. ლიმონის წვენი
* 10 გრ. კოჭას წვენი
* 100 გრ. ბოსტნეულის ბულიონი
* 2 ც. ბოსტნეულის ბულიონის კუბიკი
* 1 ჩ/კ დაჭრილი ჭყიმამხალი
* 1 ჩ/კ სეზამის ზეთი
ყველა ინგრედიენტი ერთად ავთქვიფოთ მიქსერით.
დავუმატოთ დაჭრილი ჭყიმამხალი და სეზამის ზეთი.
ავოკადოს სოუსი
საუკეთესოა შემწვარი თევზისა და სალათებისთვის
(4 პორცია)
* 1 მწიფე ავოკადო
* 2 ს/კ ზეითუნის ზეთი “ეხტრა ვირგინ”
* 2 ს/კ ვაშლის ძმარი
* 1 ჩ/კ ცხარე მდოგვი
* შერეული მწვანილი
* ბოსტნეულის ბულიონი
ავთქვიფოთ ყველა ინგრედიენტი ერთად რამდენიმე წუთის განმავლობაში და დავუმატოთ ბულიონი ისე, რომ თხელი სოუსი გამოვიდეს. ავოკადო შეგვიძლია შევცვალოთ სხვა ბოსტნეულით (სტაფილო, სატაცური, პომიდორი) და იგივე რეცეპტის გამოყენებით დავამზადოთ სხვადასხვა სოუსი.
დიეტური ბურგერი ინდაურის ხორცით
* 500 გრ. ინდაურის ფილე
* 1 კვერცხის გული
* 50 გრ. დაჭრილი ბადრიჯნის რბილობი
(ბადრიჯანს წინასწარ ვაცხობთ ღუმელში 20 წუთი 190ჩ)
* 4 გრ. შავი ან თეთრი მოხალული სეზამის მარცვალი
* 1 ს/კ დაჭრილი ქინძი
* 1 ს/კ დაჭრილი ჭყიმამხალი
* 2 ს/კ სპელტას პურის ნამცეცი
* 1 ს/კ სეზამის ზეთი
* 1 პატარა ნიორი დაჭრილი
* 1 პომიდორი
* 1 თავი სალათის ფურცელი
გატარებული ინდაურის ხორცი და დანარჩენი ინგრედიენტები მოვათავსოთ თასში და ავურიოთ იქამდე, სანამ
არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. მიღებული ფარში გავყოთ ოთხ ნაწილად და შევწვათ ტაფაზე უცხიმოდ, დაბალ ცეცხლზე. ცალკე დავჭრათ ნებისმიერი ბოსტნეული და მოვამზადოთ გრილზე. გამზადებულ ბურგერებს გარნირად დავუდოთ გრილზე შემწვარი ბოსტნეული და გავაფორმოთ სალათის
ფურცლებით.