FOOD ასოციაცია

2_issue_culinart1

ნინო ქადაგიძე 

ფორთოხალი
ფორთოხალს თბილი ტონი აქვს, ტონი, რომელიც ყოველთვის გიზიდავს. კეთილშობილი ხილია და ზამთრის პერიოდში გემოს სიმცირისა და ვიტამინების ნაკლებობის გადალახვაში გვეხმარება. ზოგადად, ციტრუსის მოყვარული ვარ და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათ კანიანად მივირთმევ. ფორთოხალზე ჩიპოლინოს თავგადასავალი მახსენდება, იქ სხვა მცენარეებს შორის ეს ხილიც არის. თუმცა, პირველი რაც ამ ხილის ხსენებისას ჩემს ფიქრებს იპყრობს, რომში ფორთოხლის ბაღია – Giardino degli aranci, იტალიელი მსახიობის, ნინო მანფრედის სახელობის ბაღი. ულამაზესი ადგილია, სადაც მარადმწვანე ფორთოხლის ხეები სიმეტრიულად არის დარგული, ირგვლივ მწვანე მოლია. მაშინვე ეს მახსენდება: სიმწვანე და ოქროსფერი ფორთოხლები. ამ ადგილის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ისიც არის, რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხედი იშლება რომზე. ასევე, ცნობილია აქ არსებული ჭიშკარი, რომლის ჭუჭრუტანაში გახედვის შემთხვევაში, წმინდა პეტრეს ტაძარი მოჩანს. ბაღის ირგვლივ პატარა, ძველებური სასტუმროებია, თითქოს ყველაფერი მარტივად არის გაკეთებული, ამავდროულად, ულამაზესი და შთამბეჭდავია. სულ ვოცნებობ, რომ რამოდენიმე დღით იქ დავბრუნდე, პარკის ირგვლივ მდებარე რომელიმე სასტუმროში დავსახლდე, ბაღში ვისეირნო და რომის ულამაზესი ხედით დავტკბე.

ჩაქაფული

ლევან წულაძის მიერ დადგმული სპექტაკლი „ხანუმა“ თუ გინახავთ? ერთ-ერთ ეპიზოდში ძალიან პოეტურად არის აღწერილი ჩაქაფული, ამიტომ ყოველთვის ეს მახსენდება.
ჩაქაფულის მომზადება გაზაფხულის მნიშვნელოვანი ეტაპია. ერთხელ ჩემმა მეგობარმა- რამაზმა, რომელიც ჩვენი შეფ მზარეული იყო და ჩვენს კაფეებში არსებული ყველა კერძი მისი მოფიქრებულია, ჩაქაფულის ახლებური წესით მომზადება გადაწყვიტა. ხორცი ცალკე მოამზადა ხოლო სხვა ინგრედიენტები მიქსერში გათქვიფა. ძალიან დახვეწილი კერძი გამოვიდა, თუმცა მე უპირატესობას ტრადიციული წესით მომზადებულ ჩაქაფულს ვანიჭებ. ცხვრის ხორცის ჩაქაფულიც ძალიან მიყვარს, მას თავისი პიკანტური გემო აქვს, თავიდან მაღიზიანებდა ხორცის ეს გემო, თუმცა, თუ სწორად მიუდგები და სწორად იცი მასთან „ურთიერთობა“, აღმოაჩენ, რომ ძალიან გემრიელია.
ეს კერძი აღდგომის შემდეგ, ყველა ქართულ ოჯახში უნდა გაკეთდეს. თითქოს რაღაც სიმშვიდე მოაქვს. მარხვის მერე ადამიანი დუნდება, ის აღარ არის დაძაბული. როგორც საცივს აქვს თავისი ადგილი, პასკას – თავისი, ასევე აქვს ჩემთვის ჩაქაფულს, რომელიც გაზაფხულთან ასოცირდება.

ეკლერი- შუ
ცოტა ხნის წინ 14 საათი მომიწია პროკურატურაში ყოფნა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვფიქრობდი, როდის გავიდოდი იქიდან და ეკლერს შევჭამდი. არასასიამოვნოზე რომ არ მეფიქრა, ეკლერის ციხე-სიმაგრე აღვმართე ჩემს ირგვლივ და საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რა კარგია აქედან რომ გავალ, ეკლერს მივირთმევ-თქო. შეიძლება ითქვას, ეს ნამცხვარი ამოჩემებული მაქვს. რაც შეეხება შუს, ჩემი ბებია და ბაბუა მახსენდება. ისინი ერთ წელს იყვნენ დაბადებული და ორივე 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. 18 წლის ასაკში დაქორწინდნენ და შესაბამისად, 80 წლის განმავლობაში მშვიდად ცხოვრობდნენ თავიანთ კერძო სახლში. ბაბუას შავი ჩანთა ჰქონდა და მახსოვს, როდესაც ჩვენთან მოსული მას გახსნიდა, სავსე იყო შუებით… ყოველთვის ძალიან ბევრი მოჰქონდა, ამოალაგებდა და ერთმანეთზე აწყობდა. ეს დამრჩა ბავშვობის მოგონებად. ძალიან მარტივი ნამცხვარია, გემრიელი და მსუბუქი. ვერ ვიტყვი, რომელი უფრო მიყვარს – ეკლერი თუ შუ. თუმცა, ამ ეტაპზე, ეკლერს ვანიჭებ უპირატესობას, შემდეგ, ალბათ, შუს ჯერი დადგება.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com