ფოტო: ნაკანიმამასახლისი
უძველესი დროიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ცივილიზაციამ ვაჭრობის აუცილებლობა შექმნა, ადამიანმა მოგზაურობა დაიწყო და მასთან ერთად, უამრავი მატერიალური თუ არამატერიალური საგანიც შორეულ გზას გაუდგა. მოგზაურობს ყველაფერი: ნივთები, ადათ-წესები, რიტუალები, ლიტერატურა, სხვადასხვა კულტურა, საკვები პროდუქტები და მათ შორის, გემოები. XX საუკუნეში ცივილიზებულ ქვეყნებში გემოების გადაადგილება კიდევ უფრო გახშირდა და გამარტივდა, თუმცა „რკინის ფარდის“ მიღმა მყოფ საზოგადოებაში შეღწევას ძალიან რთულად ან საერთოდ ვერ ახერხებდა. მადლობა ღმერთს, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და უკანასკნელი წლებია „მოგზაური გემოები” ჩვენს ქვეყანაშიც შემოიჭრა და დამკვიდრდა.
"ნუ დახარჯავთ ზედმეტ ფულს რეკლამაში. უბრალოდ შექმენით ისეთი პროდუქტი, რომელზეც დაწერს ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც მას გასინჯავს."
[აიზეკ კორეა]
ეს სიტყვები რომ ყველაზე სწორი მარკეტინგული ფორმულაა, ამის ცოცხალი მაგალითი მე ვარ. წარმოუდგენელია ადამიანმა რესტორან „სტრადაში“ კერძები გასინჯოს და დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს არ ახსოვდეს ეს ფანტასტიკური “მოგზაური გემოები”, რომელმაც მსოფლიოს არაერთი ქალაქი დაიპყრო და საბოლოოდ თბილისამდეც ჩამოაღწია. ვშიშობ, ეს წერილი მორიგ სტანდარტულ სტატიას არ დაემსგავსოს და ამიტომ ვცდილობ სწორი ფორმით მოგმართოთ, გირჩიოთ, გნებავთ გისურვოთ იგივეს განცდა, რაც მე მხვდა წილად „სტრადაში“ კერძების დეგუსტაციისას. იმას, რაც ამ რესტორანში გელოდებათ, ალბათ მხოლოდ ზეიმი შეიძლება ვუწოდოთ. არაჩვეულებრივი, დახვეწილი გემოების ზეიმი! „ლეგენდარული აიზეკი“ – ახალი რესტორნის შეფს, აიზეკ კორეას, სწორედ ასე მოიხსენიებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კულინარიულ სამყაროში იგი აღიარებულია როგორც ერთ-ერთი N 1. წარმოშობით პუერტორიკოელი აიზეკი ამერიკელია და სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავისთავად მთელი მსოფლიოდან „მოგზაური“ ხალხით არის დასახლებული, მისი სამზარეულო მსოფლიო კულინარიული მიქსია. ის ყველა ქვეყნის „გემოებს“ აერთიანებს, თუმცა ახლებურ, „აიზეკისეულ“, ფანტასტიკურ ინტერპრეტაციას იძენს.
აიზეკის თავბრუდამხვევი, წარმატებული კარიერა, გარკვეულწილად, რთული ბავშვობის დამსახურებაცაა. თუკი შეძლებული ოჯახის შვილები უმაღლეს კულინარიულ განათლებას სხვადასხვა, ძვირადღირებულ კოლეჯებში იღებდნენ, აიზეკმა ამ მეცნიერების საწყისები საკუთარ სამზარეულოში შეისწავლა:
„ჩვენს ოჯახში, 15 სული ცხოვრობდა… დილაობით, ხშირად ყველაზე ადრე ვდგებოდი და ვცდილობდი, საუზმე თავად მომემზადებინა, მშიერი რომ არ დავრჩენილიყავი. თანაც დედას დახმარება სჭირდებოდა სამზარეულოში, რასაც ყოველთვის სიამოვნებით ვაკეთებდი. ხშირად მეკითხებიან, თუ ვინ არის, ჩემი აზრით, ყველაზე კარგი კულინარი, ანდაც ჩემი ინსპირაციის წყარო-თუ თქვენც გაინტერესებთ, გიპასუხებთ – ეს დედაჩემია…“- ამბობს აიზეკი.
მისი პირველი სამუშაო ადგილი პიცერია იყო. აქ მან საბოლოოდ იგრძნო,რომ კულინარიის მიმართ ინტერესი შეუქცევადი პროცესი იყო. სხვადასხვა რესტორნებში მუშაობით დაგროვილი თანხით მოახერხა და ნიუ-იორკის ერთ-ერთ კულინარიულ სკოლაში პროფესიული განათლება მიიღო. შემდეგ იწყება „ამერიკული ოცნების“ ახდენის კლასიკური ამბავი…
კორეა წარმატებით მუშაობს შეფ-მზარეულად ჯერ ამერიკის, ხოლო შემდგომ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის რესტორნებში. მოსკოვში, საკუთარი რესტორნების ქსელი Correas-ის დაარსების შემდეგ, ის ამბობს, რომ აღარ აპირებს ამ მიმართულების განვითარებას და ახლა სხვადასხვა ქვეყანაში საინტერესო პროექტების განხორციელებას გეგმავს:
„ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში, ჩემს თავს ცხოვრების მთავარი თამაშის წესი დავუდგინე -არასდროს გაჩერდე დიდხანს ერთ ადგილზე და ყოველთვის იარე წინ. არ მინდა Coffee House -ს დაემსგავსოს ჩემი რესტორნები და უკვე ნაკლებად მაინტერესებს მასშტაბური პროექტები. მინდა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა, რადგან ეს ჩვენს პროფესიაში აუცილებელია. ბევრად უფრო მიზიდავს ახალ-ახალი კონცეფციების შემუშავება და განხორციელება, ვიდრე ერთ წრეზე ტრიალი. ერთფეროვნებით შეიძლება ადამიანი გაგიჟდეს“.
აიზეკ კორეას რესტორნების ბიზნესის წარმატებას, როგორც თავად აღნიშნავს, განაპირობებს ძლიერი გუნდი, რომელიც ოჯახივით შეკრული უნდა იყოს.
„რესტორნების ბიზნესი კინოს ჰგავს – ეს კოლექტიური ხელოვნებაა, როდესაც ახალ რესტორანს ვხსნით, დღეს და ღამეს ვათენებთ და ის ადგილი ჩვენთვის მეორე სახლი ხდება. ასეა ახლა თბილისიც“. – ამბობს კორეა და თავისი „ოჯახის“ ერთ-ერთ მთავარ წევრს, ლონდონელ შეფმზარეულს, სუკი მამანს გვაცნობს, რომელსაც აიზეკი, უკვე მრავალი წელია, დესერტებს ანდობს.
"ქრისტინე ფოტოსესიაზე ჩვეული სამუშაო განწყობით მოვიდა, თუმცა, როგორც აღნიშნა, განსხვავებულ და სასიამოვნო გარემოში აღმოჩნდა: „ძალიან საინტერესო და სახალისო გადაღება გამოვიდა. გარდა იმისა, რომ მსოფლიოში აღიარებულ პროფესიონალებთან მომიწია მუშაობა, კერძების გასინჯვისას, შედეგმა ყოვლგვარ მოლოდინს გადააჭარბა! ვერ გეტყვით, რომ განსაკუთრებული გურმანი ვარ, თუმცა თბილისში ასეთი უცხო და დახვეწილი კერძები იშვიათად შემხვედრია. ზუსტად ვიცი, რომ ამ რესტორნის ხშირი სტუმარი ვიქნები“.
„სუკი ნამდვილი პროფესიონალია, რომელმაც ზუსტად იცის თამაშის წესები და ის, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი დესერტი. ჩვენ ვგავართ ერთმანეთს, არ გვიყვარს მრავალტირაჟიანი ისტორიები. სუკი ფანტასტიკურ ნამცხვრებსა და ტორტებს აცხობს“.
სუკი მამანი ლონდონში დაიბადა. იგი ადრევე მიხვდა, რომ ცხოვრებას სამზარეულოს დაუკავშირებდა. ამის მიუხედავად, უნივერსიტეტში უცხო ენების განხრით სწავლობდა, რადგან მის მშობლებს მზარეულობა სერიოზულ პროფესიად არ მიაჩნდათ. სუკი საკუთარ ინტუიციას მიენდო და სწავლის პარალელურად, კულინარიულ კურსებს ესწრებოდა. ძირეულად კულინარიას იაპონიაში დაეუფლა და ძირითადი აქცენტი დესერტებზე გადაიტანა. შემდეგ იყო საფრანგეთი და მოსკოვი, სადაც მისი და აიზეკის გზები გადაიკვეთა.
„ჩვენ მრავალი წელია ერთად ვართ და უკვე ჩამოვყალიბდით როგორც ძლიერი გუნდი. არც ერთი ჩვენი რესტორანი ერთმანეთს არ ჰგავს, რადგანაც ყოველთვის ვითვალისწინებთ ქვეყნის პოტენციალს, ადგილობრივი პროდუქტების მხრივ. თქვენ ბევრი სიახლე გელით, თქვენსავე პროდუქტით დავამზადებთ ისეთ ძირითად კერძებს, დესერტებსა და სასმელებს, რომლებიც ჯერ არ გაგისინჯავთ“. – ამბობს სუკი.
კარგი რესტორნის მენიუში, გარდა ძირითადი კერძებისა და დესერტებისა, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია – სასმელებისა და კოქტეილების მიმართულება, რომელსაც აიზეკის რესტორნებში ანასტასია გოდუნოვა ხელმძღვანელობს.
ანასტასია თავიდან მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტი იყო და ერთ-ერთ მსხვილ ყავის კომპანიაში მარკეტინგის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. იმისათვის, რომ პროდუქტი გაყიდო, ჯერ კარგად უნდა შეისწავლო. ამიტომ, ანასტასიამ ყავის შესწავლა დაიწყო. ცოტა ხანში, ჯერ მოყვარულის დონეზე, შემდგომ კი პროფესიონალურად, არაჩვეულებრივი ყავის კოქტეილების დამზადება ისწავლა. როდესაც აიზეკისაგან ფეისბუქით შეტყობინება
მიიღო, – „ხომ არ ისურვებდით ჩვენთან თანამშრომლობას?“
– მიხვდა, რომ ცხოვრება ძირეულად იცვლებოდა.
„დავიწყე აიზეკთან უალკოჰოლო განყოფილების მართვა და ნელნელა დავიხვეწე, ამას ლიმონათები, ალკოჰოლური სასმელები და სხვადასხვა კოქტეილი მოჰყვა. ახალ პროექტებზე მუშაობისას, ძალიან ბევრს ვფიქრობთ, ვითვალისწინებთ ლოკალურ პროდუქტს. მაგალითად, საქართველოში, ფანტასტიკური შინდია და მის გამოყენებას ვაპირებ. თქვენ ისეთ სასმელებს შემოგთავაზებთ, რომლებიც ჯერ არც ერთ ქვეყანაში არ გაუსინჯავთ“.
რესტორნის ინტერიერი ზუსტად ითვალისწინებს მის კონცეფციას. ის სადა, ლამაზი და ხარისხიანია. მომსახურე პერსონალი სტუდენტებია, რომლებმაც სპეციალური ტრეინინგები გაიარეს, რომ ხარისხი ზუსტად შეესაბამებოდეს რესტორანს.
ამ რესტორანში ყველაფერი ერთმანეთთან სინთეზშია. თითქოს ერთ სწორად გავლებულ ხაზზე ყველაფერს ზუსტად და კონკრეტულად აქვს მიჩენილი თავისი ადგილი. მთავარი ამოსავალი წერტილი მაინც ფანტასტიკური აიზეკისეული მენიუა, რომელიც, ერთი შეხედვით, მარტივი, მაგრამ შეუდარებელია – ისევე, როგორც ყველაფერი გენიალური.