სახლის სურნელი და გემო – SWEET TIME

ოჯახური გემო, სახლის განწყობა- მთავარი ასოციაციებია, რომლებიც SWEET TIME -ის პროდუქციის დაგემოვნებისას გაგიჩნდებათ. სახელწოდების ეფექტს შეგრძნებებიც ამძაფრებს. გემო და გარემო, რომელიც აქ გხვდებათ, სწორედ ტკბილი დროის გატარების პირობას გაძლევთ. ახლად გახსნილი საკონდიტრო სივრცის მთავარი მიზანი ხარისხისა და ზომიერი გემოს სინთეზია, უფრო ზუსტად კი- მსუბუქი გემოს, ვიზუალის, მაღალი ხარისხისა და მისაღები ფასების ერთობლიობა. SWEET TIME აბაშიძის 9 ნომერში გემოს ყველაზე ჭეშმარიტ მაძიებლებს ელოდება. კონდიტერები ინგრედიენტებად კიკეთში წარმოებულ რძის ნაწარმს, ნატურალურ თაფლსა და კარაქს იყენებენ. აქ მოსულ სტუმრებს, საკონდიტრო ნაწარმის გარდა, სხვადასხვა სახის კრემსუპისა და წვნიანის დაგემოვნებაც შეუძლიათ.

ემა მატევოსიანი, კონდიტერი

ბოლო ხუთი წელიწადია კულინარიით ვარ დაკავებული, აქედან 3 წელი კი საკონდიტრო სფეროს მივუძღვენი. ვქმნი რეცეპტებს და გამოცდილებას ჩემი ინსტაგრამ გვერდის გამომწერებს ვუზიარებ. Sweet time ში სტუმრებს, სხვადასხვა პროდუქციასთან ერთად, ჩემს საავტორო დარიჩინიან ფუნთუშას ვთავაზობ, რომელიც საოცრად არომატულია. ასევე სხვადასხვა ორცხობილას, უგემრიელეს ტორტებს, ტარტებს, ბლინებს, მაჭკატებს, ღვეზელებსა და წვნიანებს. ჩვენი გემოები ოჯახურ გარემოსთან ასოცირდება, თუმცა, თანამედროვე ვიზუალი აქვს. მე თვითონ ნაკლებად ტკბილი დესერტები მიყვარს და ზომიერებას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ.

სალომე შარვაძე, მსახიობი

გარემო არის იდეალური, რაც მთავარია,  სახლის განწყობას მიქმნის, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საკვები უნდა იყოს ჯანსაღი, ჯანმრთელი. აქ მყუდრო და თბილ გარემოს თავად აქ მომუშავე ადამიანები ქმნიან.  აქაურობა საუკეთესო არჩევანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაკავებულები არიან და სახლში ცხობისთვის დრო არ აქვთ.  

 

გიორგი ბახუტაშვილი, მსახიობი

კულინარიასთან, ძირითადად, მაშინ ვიკვეთები, როცა მშია და სახლში არავინაა. ბოლო დროს რამდენჯერაც აჭარული ხაჭაპური ვჭამე, არ მომეწონა და გადავწყვიტე თვითონ მეცადა. მოვამზადე და უკეთესი აღმოჩნდა. ამ ეტაპზე ჩემი და კულინარიის ურთიერთობა ამით შემოიფარგლება, თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ყველაზე მეტად ტკბილეული მიყვარს. ყოველდღე მივირთმევ შოკოლადებსა და ნამცხვრებს.

თაკო შოშიაშვილი, ტელეოპერატორი

სახლში ვამზადებ ხოლმე კერძებს, პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ, როგორც მეუბნებიან, კარგად გამომდის. ვამზადებ, ძირითადად, იმას, რაც მე თვითონ მიყვარს. მაგალითად, პიცას და სალათ „ცეზარს,“ ასევე  სადილსაც და, ბუნებრივია,  ბავშვის საჭმელსაც. ძალიან მიყვარს შემწვარი კარტოფილი. ახალ გემოებს ვსინჯავ, მაგრამ ზღვის პროდუქტებსა და ეგზოტიკურ კერძებს ვერ ვეკარები. ტკბილეული ხან ძალიან მინდება, ხან- ნაკლებად. ერთხელ შოკოლადის ნამცხვარი გამოვაცხვე  გიორგისთან ერთად დედაჩემის რეცეპტით. დამოუკიდებლად ცხობა არასდროს მიცდია.

ლეკა მიქაძე, პროდიუსერი

გემრიელად ჭამა ძალიან მიყვარს, გურმანი ვარ. ქართული სამზარეულო მაინც ყველაფერს მირჩევნია. კულინარიული ექსპერიმენტებით, ახალი გემოებისა და ეგზოტიკური კერძების მაძიებლობით არ გამოვირჩევი. ძირითადად, ცომეულსა და ტკბილეულს ვეტანები. მე თვითონ საშინელი კულინარი ვარ, სამზარეულო ურთულესი ამბავია ჩემთვის. მგონია, რომ, ნიჭთან ერთად, ფილოსოფია, ქიმია, ფიზიკა, გეომეტრია, ყველაფერი სჭირდება საჭმლის მომზადებას. ამდენი რამე ისე დოზირებულად აურიო ერთმანეთში, რომ გემრიელი გამოვიდეს და ყველას მოეწონოს, ძალიან მერთულება. ამიტომ ხშირად მიწევს გარეთ ჭამა და ვიცი ყველა ადგილი, სადაც შეიძლება ხარისხიანად და გემრიელად მიირთვა. SWEET TIME ერთ-ერთია ჩემთვის. ისეთი საოცარი ღვეზელები აქვთ, არ არსებობს, ერთხელ გასინჯო და კიდევ არ მიხვიდე. ღვეზელს აუცილებლად დესერტიც სჭირდება, ამიტომ ჰაეროვანი ნამცხვრებიც უნდა დააყოლოთ. ვინც ჩემი გემოვნება და დამოკიდებულება იცის ჭამის მიმართ, ყველას ვურჩევ ერთხელ ესტუმროთ ამ სივრცეს, მერე ისედაც ვეღარ შეეშვებით.

გიორგი მახარაშვილი, მომღერალი

კერძების მზადება ძალიან  მიყვარს, ისევე, როგორც ახლი გემოების ძიება. რამდენჯერაც რეცეპტით ვიხელმძღვანელე, ვნახე, რომ ზუსტად ისეთი არ გამომივიდა, როგორსაც ველოდი, ამიტომ კერძებს ჩემით ვიგონებ ხოლმე და ვცდილობ, პირველ რიგში, არომატების ზომიერი სინთეზი მივიღო. ძირითადად, ხორცეულსა და წვნიანებს ვამზადებ, არასდროს მიცდია ცხობა. არ მიყვარს  ზედმეტად ტკბილი, ალერგიასაც კი მაძლევს.  ასევე ვფიქრობ, რომ  ფორმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს,  მარტივი უნდა იყოს მისი მირთმევა. სახლში გემოები მიყვარს.

თეა დარჩია, მოცეკვავე

ვგიჟდები კულინარიაზე. როგორც ამბობენ,  გემრიელი ხელი მაქვს და მზადება კარგად  გამომდის. ძირითადად ჰერკულესის ფაფას, წიწიბურასა და წვნიანებს ვამზადებ, საღამოობით ყიყლიყოების შეწვა მიყვარს. თუმცა, სამწუხაროდ, მზარეულობისთვის ძალიან ცოტა დრო მაქვს. ცხობა არასდროს მიცდია, ვთვლი, რომ ეს ცალკე პროფესიაა, რომლისთვისაც უნდა გეცალოს. იმიტომ, რომ, როგორ იტყვიან, ცომს სიჩქარე არ უყვარს, მე კი თავისუფალი დროის  კომფორტი არასდროს მქონია. შესაბამისად, ასეთი ადგილები ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დავრეკავ, მომიტანენ და ვიცი, რომ სანდოა, ზომიერად ტკბილი და გემრიელი. 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com