სცენიდან – სცენამდე ია შუღლიაშვილი

მარჯანიშვილის თეატრის სცენა მისი პროფესიული თავგადასავალია, სახლის კარს მიღმა კი რადიკალურად განსხვავებული ვალდებულებები და საზრუნავი ელოდება. მსგავსება იმაშია, რომ კულინარიულ ოსტატობასაც მრავალი წელია ისეთივე აზარტით უდგება, როგორც მსახიობის ოსტატობას.

სამზარეულოსთან რამდენად ხშირი შეხება გაქვთ და, ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს კულინარია თქვენს ცხოვრებაში?

თავისთავად, მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან ოჯახში ქალი მე ვარ და სამზარეულოში ხშირად მიწევს ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ მივდივარ, მოვდივარ, საქმეები მაქვს, ხან ქალაქში არ ვარ, ‒ საჭმლის მომზადებას მაინც ვახერხებ. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია.

მხოლოდ ვალდებულებაა თუ სიამოვნებაც?

ამ ეტაპზე უფრო ვალდებულებაა, რადგან არჩევანი არ მაქვს, უნდა გავაკეთო, თუმცა როცა ვამზადებ, ყოველთვის გულით ვამზადებ.

რა ასაკიდან დაინტერესდით კულინარიით?

საკმაოდ პატარა ასაკიდან მომიწია მარტო ყოფნა და ოჯახში ქალის ფუნქციის შესრულება. მერე შემოგვემატა ერთი ქალბატონი, ჩემი დედობილი, რომლისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. დროთა განმავლობაში, პრაქტიკასთან ერთადაც მოდის ალბათ, სწორად მზადების ჩვევები. ინტერესიც მქონდა ძალაუნებურად, ყველას ვაკვირდებოდი, რადგან ვიცოდი, მე უნდა მომემზადებინა. ამიტომ გზადაგზა ბევრ რამეს ვსწავლობდი და ვცდილობდი კარგად გამომსვლოდა. კულინარიული წიგნებით არასდროს მიხელმძღვანელია, უშუალოდ როცა ხედავ, როგორ მზადდება, ის უფრო ბევრს გაძლევს.

დეგუსტატორი კარგი ხართ?

წუნია არ ვარ, ყველაფერს ვსინჯავ და მიყვარს ახალი, თუნდაც ეგზოტიკური კერძების დაგემოვნება. ამ კუთხით თამამი ვარ, ზიზღის მომენტი არ მაქვს, მაინტერესებს რითი განსხვავდება ჩვენი სამზარეულოსგან ნებისმიერი სხვა ქვეყნის სამზარეულო. პატარა ვიყავი, როცა ლოკოკინები გავსინჯე, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ გაცილებით ვფრთხილობდი, ძალიან გემრიელი აღმოჩნდა.

რომელი გემო გახსენებთ ბავშვობას?

თევზი, რომელიც ძალიან არ უყვარდა დედაჩემს. მოგეხსენებათ, იმ თაობის ხალხს თევზის ქონს აძლევდნენ ჯანმრთელობისთვის, ამი- ტომ დედა ვერ იტანდა ამ პროდუქტს, თევზის მაღაზიასთან ჩავლისასაც კი ცუდად ხდებოდა. მახსოვს, ბებიას სთხოვდა ჩემზე, აჭამე, რომ მიეჩვიოსო. შესაბამისად, სახლში იშვიათად გვქონდა თევზი, არადა ძალიან მიყვარდა და დღესაც მიყვარს აბსოლუტურად ყველანაირი.

ჯანსაღად კვებას რამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ?

ალბათ ყველა ცდილობს, რომ მეტ-ნაკლებად ჯანსაღი საკვები მიიღოს. მეც მაქვს არჩეული რაღაც ადგილები, სადაც შემიძლია სასურველი პროდუქტი შევიძინო. ზოგადად, თუ ვიცი, რომ რაღაც ჩემს ორგანიზმს არ უხდება, მისგან თავის შეკავება არ მიჭირს. ასეთია, მაგალითად, წაბლი. ალერგიულ რეაქციას იწვევს. ამიტომ არ ვღებულობ და ეს ჩემთვის დიდი პრობლემა არაა, მარტივად შემიძლია უარი ვთქვა იმაზე, რაც ვიცი, რომ არ მრგებს.

რამდენად ახერხებთ კვების რეჟიმის დაცვას?

დილით მთელი ოჯახი ერთად დასხდომას ვერ ვახერხებთ, მაგრამ, როგორც წესი, აუცილებლად ვსაუზმობთ. მერე უკვე დღის განმავლობაში დაკავებულობის მიხედვით შეიძლება ვისადილო ან ვერც ვისადილო. ასეთი რეჟიმის გამო ზოგჯერ სწრაფი კვების ობიექტებშიც მიწევს შესვლა, თუმცა ვერ მოგატყუებთ, რომ მათი საჭმელი არ მომწონს. უბრალოდ, ამას სისტემატური ხასიათი არ აქვს. ზოგადად, მუშაობის დროს უფრო ნაკლებს ვჭამ. ამ დროს მთელი გონება, ყურადღება, ენერგია, ნერვები, ტვინია ჩართული საქმეში და იმდენად გინდა ის საქმე აკეთო, რომ მინიმალური ერთი ფილა შოკოლადითაც შეიძლება დაკმაყოფილდე, ან ყავა დალიო და რაღაც პატარა მიაყოლო. როცა თავისუფალი დრო გაქვს, ორგანიზმი, პირიქით, გკარნახობს,- ახლა თავისუფალი ხარ, მიდი და გაილაღეო.

რომანტიკული ვახშამი რა ასოციაციებს იწვევს თქვენში?

სასიყვარულო განწყობის ასოციაციას, ‒ როცა იმას გთავაზობენ, რაც გიყვარს და თან იმ გარემოში, რომელიც მოგწონს. რასაკვირველია, ამ დროს კარგადაც უნდა იცნობდეს ადამიანი შენს გემოვნებას. შემიძლია გავიხსენო ასეთი ვახშამი, თუნდაც, ჩემი საყვარელი თევზის ასორტიმენტის თანხლებით.

როგორ ფიქრობთ, კულინარია ხელოვნების ერთგვარი ფორმაა?

კი, როგორ არა! ახლა, მით უმეტეს, ძალიან განვითარებულია ეს სფერო და ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული კულინარიით. ამას მივესალმები. ადამიანს ნებისმიერ სფეროში შეუძლია რეალიზდეს, შექმნას რაღაც ახალი, რაც სიხარულსა და სარგებელს მოუტანს სხვა ადამიანებს.

თქვენი პროფესია კარგ ფორმაში ყოფნას მოითხოვს. ამისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა გჭირდებათ?

არა, შეიძლება ითქვას, რომ დამინდო ბუნებამ. სუფრების მერე ცოტა უფრო მძიმედ ვგრძნობ ხოლმე თავს, მაგრამ განტვირთვის დღეების მოწყობა მაინც არ მჭირდება. რეჟიმში ყოფნა ფორმის შენარჩუნების საუკეთესო გარანტია. თან უცნაური რაღაც მჭირს ‒ ორგანიზმი მკარნახობს, რა უნდა მივიღო და რა ‒ არა. ეტყობა ეს ტვინთანაა დაკავშირებული და თავისთავად რეგულირდება.

სასმელი რომელი გიყვართ?

ალკოჰოლურ სამელს დიდად არ ვეტანები, თუ დავლევ, ალბათ წითელ ღვინოს. ყავა, შავი ჩაი ძალიან მიყვარს.

რომელი პროდუქტი გაქვთ მაცივარში მუდმივად?

ყველი მაქვს ყოველთვის, ჩემს შვილებს უყვართ და იმიტომ. მერე იქიდან ან ხაჭაპური მზადდება, ან მჭადთან ერთად მივირთმევთ. მე, პირადად, იქიდან გამომდინარე, რომ წვნიანს მუდმივად ვამზადებ, ყოველთვის მაქვს სახლში კარტოფილი, ხახვი და სტაფილო.

თუ არის რომელიმე კერძი, რომელიც განსაკუთრებით კარგად გამოგდით და ამის გამო მის მომზადებას ხშირად გთხოვენ?

ჩემს სახლში ტრადიციაა, რომ საჭმელი სულ არის: პირველი, მეორე, მესამე. იქ ბავშვებია, იქ რაღაც, ამიტომ ეს სულ მზადყოფნაშია, იმის მიუხედავად, მცალია თუ არ მცალია. ძალიან იშვიათად შეიძლება მოხდეს ისე, რომ სადილი არ მქონდეს. მეგობრებიც მიჩვეულები არიან ამას. ხომ შეიძლება ტკბილეულით, ხილით, ყავით გაუმასპინძლდე სტუმარს, მაგრამ ჩემთან ყველა სადილობს. რასაც სინჯავენ, მოსწონთ, არაფერს არ მიწუნებენ. გემრიელად ამზადებო, მეუბნებიან.

მუშაობა უფრო კომფორტული მდგომარეობაა თქვენთვის თუ დასვენება?

ორივე აუცილებელია, თუმცა იდეალური ვარიანტი ზაფხულის პერიოდია, როცა სამუშაო და დასვენება ერთმანეთს ემთხვევა. არ აქვს მნიშვნელობა ქვეყნის გარეთაა გასტროლები თუ, ვთქვათ, ბათუმში, მაინც ძალიან სასიამოვნოა! შენს საქმეს არ წყდები და ისვენებ კიდეც.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com