ყველამ კარგად ვიცით, რომ სოფო ნიჭიერი მომღერალია, ლამაზი, ენერგიული და მხიარულია, მაგრამ ცოტას თუ გაუგია, რომ სოფო ნიჟარაძე შეუდარებელი კულინარია. მისმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ის წარმოუდგენლად გემრიელ საცივს ამზადებს. სოფო კი ამბობს, რომ დამოუკიდებლად მზადებას ამერიკაში, მარტო ცხოვრების დროს მიეჩვია; ყველაზე მეტად კი დედისა და ბიცოლას მომზადებული კერძები უყვარს.
„სტუმრად სამზარეულოში“ სოფოს ვესტუმრეთ:
– სოფო, თუ გახსოვს, როდის იყო შენი პირველი შეხება კულინარისათან?
– პირველი შეხება კულინარიასთან ალბათ მაშინ იყო, როცა მარტოს მომიწია ცხოვრება, მოსკოვში. გამოც დი ლი კულინარი კი ამერიკაში გავხდი, როცა ძალიან დიდი მოთხოვნილება მქონდა ქართულ კერძებზე. ამე რიკაში ყოფნისას დედა სკაიპით მასწავლიდა ყველაფერს. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მშვენიერი ხელი მქონია და კერძებიც კარგად გამომდის.
– მხოლოდ დედისგან ისწავლე მზადება?
– ძირითადად დედა მასწავლიდა, თუმცა აი, ეს სალათი, რომელიც დღეს „კულინArt“-ისთვის მოვამზადე, ჩემმა ბიცოლა ‒ იამ მასწავლა; ის ჩემი საყვარელი კერძია, მარტივი მოსამზადებელი და ძალიან გემრიელია. მთელი ბავშვობა ერთად ვისვენებდით მე, ჩემი ძმები, ბიძაშვილები ‒ ამიტომ დედა და ია ერთად გვზრდიდნენ. იას მომზადებული საჭმლის გემო სულ მახსოვს.
– როდის იცლი სამზარეულოსთვის?
– ძალიან იშვიათად, მაგრამ ხანდახან მაქვს პერიოდი, როდესაც მინდება კეთება. იმიტომ, რომ არის ისეთი კერძები, რომელიც მხოლოდ ჩემი მომზადებული მომწონს. მაგალითად, მიყვარს საუზმის კეთება: სხვა და სხვანაირ ომლეტს ვიგონებ ხოლმე ‒ ისპანახის, პომიდვრისა და ყველის მიქსით, ასევე მხოლოდ ოთხი ყველით. ძალიან ვერთობი სხვადასხვანაირი გემოს ძიებაში. სალათების კეთებაც მიყვარს, მაგრამ ამ ყველაფრისთვის იშვიათად ვიცლი. უფრო დედაჩემს ნახავთ სამზარეულოში. ის შეუდარებელი კულინარია.
– სადილი თუ ვახშამი?!
– ვახშამი უფრო, მაგრამ გააჩნია, იმიტომ, რომ შეიძლება კვირა ისე გავიდეს, რომ საერთოდ ვერ ვივახშმო. სიყვარულით ვახშამი უფრო მიყვარს, როცა შეგიძლია მოისვენო, ივახშმო და კერძი დააგემოვნო სასმელთან ერთად, ეს უფრო კარგია.
– საუზმეს თუ ასწრებ?
– ხშირ შემთხვევაში ჩემი საუზმე ყავით და შავი შოკოლადით შემოიფარგლება.
– დიეტასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
– ნახევარი ცხოვრება მგონი დიეტაზე ვარ. სულ რაღაცა მაკლია. ისეთი გურმანი ვარ, რომ საცოდაობაა ჩემი გასუქება. სულ ახალ-ახალი გემოების ძიებაში უნდა ვიყო. მკაცრ დიეტაზე არასოდეს ვყოფილვარ, უფრო მოგონილ დიეტებს ვიცავ ხოლმე და ვცდილობ საღამოს არ ვჭამო.
– სამზარეულოს ინტერიერს თუ აქვს შენთვის მნიშვნელობა?
– დიდად არ მაღელვებს, იმიტომ რომ სამზარეულოს ფანი არ ვარ. ახლა რომ თავიდან ვარჩევდე დიზაინს, ალბათ უფრო ღია ფერებში გავაკეთებდი.
– რომელი ინგრედიენტი არ გიყვარს?
– მე არ მიყვარს არაჟანი, არ არსებობს რომ ვჭამო. ასევე არ მიყვარს ბულგარული, რომელსაც მართალია, ახლა ვჭრი, მაგრამ ყოველთვის ვიღებ კერძიდან.
– რას ვნახავთ შენს მაცივარში?
– კვერცხს, ყველს და რძეს.
– მოგზაურობის დროს რა გემო დაგამახსოვრდა და თუ ხარ დაინტერესებული სხვა ქვეყნის სამზარეულოთი?
– აუცილებლად ვსინჯავ ყველაფერს. ძალიან მიყვარს იაპონური, ჩინური და იტალიური სამზარეუ ლო. პირველ ადგილზეა იტალიური. ჩინეთში მოგზაურო ბისას დამამახსოვრდა მათი საფირმო იხვი; ისე ლამაზად აკეთებდნენ და ჭრიდნენ, ძალიან მომეწონა, ვიზუალიც დღემდე მახსოვს.
– ქართული სამზარეულოდან რას გამოყოფდი?
– საცივი მიყვარს ძალიან. კეთებაც ვისწავლე და მგონი კარგადაც გამომდის.
– ამოჩემებული ადგილი თუ გაქვს, სადაც ყველაზე ხშირად დადიხარ სადილად?
– „კახელები“ ‒ ძალიან მიყვარს და ხშირად ვსტუმრობ, საინტერესოდ ამზადებენ. ამ ბოლო დროს ზედიზედ რამ დენჯერმე ვიყავი „აზარფეშაში“. მათთან საინტერესო კერძებს წავაწყდი.
– დესერტი?
– ყველაფერი მიყვარს, ძირითადად, მაინც გამოვყოფ მშრალ ნამცხვრებს. ძალიან მიყვარს პანაკოტა.
– დღეს რა მოგვიმზადე?
– დღეს მოგიმზადეთ ორი რამ. ორივე კერძის მთავარი ინგრედიენტია ‒ ქათამი.
ქათამი ბულგარული წიწაკით
ამ კერძის მოსამზადებლად დაგვჭირდება ქათმის ფილე და რამდენიმე ფერის ბულგარული წიწაკა.
პირველ რიგში უნდა დავამარინადოთ ქათმის ფილე: ტომატის, აჯიკის, სოიოს სოუსის და ზეთის მიქსში, მოვასხათ გაწურული ლომონი და შემდეგ შევწვათ. შეწვის შემდეგ გადავდოთ თეფშზე. იმავე ტაფაზე დავყაროთ ნიორი, ხახვი, ჯინჯერი და სხვადასხვა ფერის დაჭრილი ბულგარული წიწაკა. დავუმატოთ უკვე შემწვარი ფილეები და ავურიოთ ერთმანეთში.
ქათმის სალათი ანანასით
მთლიანი შემწვარი ქათამი დავძენძოთ და ჩავყაროთ სპეციალურ ჯამში. შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ანანასი, შემდეგ შევურიოთ სიმინდის მარცვლები და ბოლოს დავასხათ მაიონეზი (გემოვნებით).
ეს ყველაფერი ავურიოთ ერთმანეთში და კერძიც მზად არის!
ფოტო: ირა კურმაევა