ბაზარი

ისტორია და თბილისის ბაზრების ეგზოტიკური სახე 

საინტერესოდ მრავალფეროვანი ფენომენია ბაზარი, მისი მთავარი შინაარსი ვაჭრობა, გაცვლა-გამოცვლაა. ხშირ შემთხვევაში არც მისი სახელი იცვლება და არც დანიშნულება. ვერც ინდუსტრიალიზაციამ და ვერც ფეშენებელურმა სუპერმარკეტებმა მსოფლიოს თითქმის ვერცერთ ქვეყანაში ვერ შეუშალეს ხელი ბაზრის არსებობას. 

ბაზარი სავაჭრო ობიექტებიდან ოდითგანვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მრავალმხრივი საკვლევი ობიექტი იყო, როგორც ეკონომისტებისთვის, ასევე ისტორიკოსების, ფილოსოფოსებისა და სოციოლოგებისათვის, რადგან ის განსაზღვრავდა ქვეყნის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა თუ სოციალური ურთიერთობების იმიჯს, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, როგორც ამას ბევრი სოციოლოგი აღნიშნავს, არის კომუნიკაცია და ეს კომუნიკაცია მუდმივმოქმედი და არაჩვეულებრივი სოციალური სისტემაა. 

სიტყვა ბაზარი – Bazaar – სპარსულიდან მოდის და სავაჭრო ადგილს, თავშეყრის, შეკრების ადგილს ნიშნავს, სადაც ყველაფრის ყიდვა-გაყიდვა შეიძლება. ბაზარი შეიძლება იყოს მთელი სავაჭრო კვარტალი, რომლის მთავარი მახასიათებელი არის სავაჭრო ფარდულების, გასაღების და გაცვლის პუნქტების მრავალფეროვნება, ვაჭრობისა და ვაჭრების თავისუფლება. 

საქართველოში ბაზრის, როგორც სავაჭრო ცენტრის არსებობა, უძველესი დროიდან დასტურდება. იბერიის ბაზრების შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის სტრაბონი, რომელიც ზოგადად, მაღალ შეფასებას აძლევს ქართულ ბაზარს, მისი პროდუქტების ხარისხსა და სიმდიდრეს. 

ადრეულ წერილობით ძეგლებში „ბაზარის” ქართულ შესატყვისად ტერმინი „სავაჭრო“ გვხვდება. ლიტერატურაში კი პირველად XII საუკუნეში, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანშია” მოხსენებული. სულხან-საბა ორბელიანი თავის ლექსიკონში „ბაზარს” ზოგადად განმარტავს და აღნიშნავს, რომ ესაა „სავაჭრო ადგილი.” 

XVII-XVIII საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში, ბაზარი აღებ-მიცემობის გარდა, ხელოსნური ნაწარმის დამზადების ადგილი იყო. გვიან შუასაუკუნეების საქართველოს თითქმის ყველა პატარა და დიდ ქალაქში ცენტრალური ბაზრებია დამოწმებული. ასეთი ქალაქებია: თბილისი, თელავი, გორი, გრემი, ანანური. 

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თბილისის ბაზრები, რომლის შესახებ ცნობებს მოგზაურები და სხვადასხვა ისტორიოგრაფები გვაწვდიან. სტრაბონი, იტალიელი მისიონერები: დიონიჯი კარლი, არქანჯელო ლამბერტი, ალექსანდრე დიუმა-მამა, ჟან შარდენი, ფრანგი ექიმი და ბოტანიკოსი ჟოზეფ ტურნეფორი და სხვები. 

თბილისის ბაზრით დაინტერესება, ალბათ იმ ფაქტორებით იყო განპირობებული, რომ თბილისი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქალაქთაშორისო სავაჭრო-საქარავნო გზაზე მდებარეობდა, თბილისის ეკონომიკურ პოტენციალზე გარკვეულწილად მთელი კავკასია იყო დამოკიდებული. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ ის, რომ თბილისი იყო საკვანძო ქალაქი, ის თავს უყრიდა არა მარტო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოდინებულ საქონელს, არამედ ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის შინახელოსნურ ნაწარმსაც. 

ჩვენი სასიქადულო მეცნიერი, ისტორიოგრაფი და მკვლევარი ექვთიმე თაყაიშვილი (XIXს) ამ ფენომენს დიდ ყურადღებას აქცევს თავის ნაშრომში „საქართველოს სიძველენი“ და წერს: „თბილისის ბაზარი ქალაქის ცოცხალი ორგანიზმია, სადაც სისხამ დილიდან გვიან ღამემდე, ზოგჯერ მთელი ღამითაც არ წყდება საქმიანობა. მის მოედნებზე მყიდველ-გამყიდველის გარდა, საზოგადოების სხვა ნაწილიც იყრიდა თავს. ეს ადგილი, ერთგვარ „სალაყბოს“ წარმოადგენდა და მედიის მაგივრობასაც სწევდა. ქალაქის მოურავის სამსახურს დაქვემდებარებული „ჯარჩები“, სახალხოდ, სწორედ ბაზრის მოედანზე აუწყებდნენ ხოლმე ქალაქს სამეფოში მიმდინარე ცვლილებებს. ეს იქნებოდა მეფის ბრძანებები, საკანონმდებლო, საგადასახადო თუ პოლიტიკურ სისტემაში შეტანილი ცვლილებები“. 

1800 წელს, თბილისში, სამი ძირითადი ბაზარი იყო, მეფის მოედანზე, დღევანდელი სიონისა და ანჩისხატის ეკლესიებს შორის, ამჟამინდელი ერეკლეს მოედნის სამხრეთით, თათრის მოედანზე და მეტეხთან. ასევე, 1887 წლისათვის ცნობილი ბაზარი იყო „რუსის ბაზარი“. 

ბაზრებს ასევე უწოდებდნენ ‒ სავაჭრო რიგებს, სადაც კონკრეტული დასახელების პროდუქცია იყიდებოდა. ყველა რიგს საკუთარი დასახელება ჰქონდა, რომელიც შემდგომში ამ რიგების ადგილზე გაჩენილ ქუჩებს ეწოდათ. მაგალითად, ბამბის რიგი, რკინის რიგი. ამჟამინდელ შარდენის ქუჩას წარსულში ბნელი რიგი ეწოდებოდა ‒ ვიწრო ქუჩაზე წვიმის დროს, პროდუქცია რომ არ გაფუჭებულიყო, მთლიანად გადახურული იყო, რის გამოც მას ბნელი რიგი ეწოდა. 

თბილისურ ბაზარში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო საქონელი წყალი იყო. სასმელი წყლით მოვაჭრეებს – თულუხჩებს ეძახდნენ. თულუხი ხარის ტყავისგან დამზადებული რუმბია. წყალს ცხენზე ან ვირზე აკიდებული რუმბებით დაატარებდნენ და კოკით ყიდდნენ. 

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბაზარი ძველ თბილისში იყო ბაზარი თათრის მოედანზე, რომლის მრავალფეროვნებაზე გაოცებული წერენ დიუმა და შარდენი. „თათრის მოედანი“, იგივე „თათრის ბაზარი“, იგივე „შაითანბაზარი“, მოგვიანებით „კიროვის მოედანი“, დღეს კი „გორგასლის მოედანი,“ იგივე „მეიდანი“. ის დღეისათვის თბილისის ღირსშესანიშნავ და ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო  ადგილად ითვლება. მას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და განვლილი დროის მანძილზე არაერთხელ შეუცვლია სახელი, რომელთა შორის „მეიდანი“ და „თათრის მოედანი“ დღემდეა შემორჩენილი ძველი თბილისელების ლექსიკაში. 

ვახუშტი ბაგრატიონი, პირველი ქართველი გეოგრაფი და ცნობილი მეცნიერი (XVIIIს) მას „ციხის მოედანს“, ხოლო ჟან შარდენი „სამხედრო მოედანს“ უწოდებდა. ორი უკანასკნელი სახელი ასახავდა მოედნის ადგილმდებარეობას. მოედანი უშუალოდ ესაზღვრებოდა კედელს, რომელიც კალას ქვემო ციხისგან გამოყოფდა. ციხეში საუკუნეების გან- მავლობაში, დამპყრობლები – სპარსელები და ოსმალები იდებდნენ ბინას. შემდეგშიც, ამ უბნის მოსახლეობის ძირი- თად ნაწილს სპარსელები შეადგენდნენ. სავარაუდოდ, აქედან უნდა ოსმალების ხალხში გავრცელებული განზოგადებული სახელი – „თათარი“, რომელიც შემდგომში მოედნის სახელწოდებად იქცა. მოედანი სწორი, მართკუთხა ფორმის იყო, სადაც თავს იყრიდა მრავალი ქუჩა, რომლებიც მოედანს აკავშირებდნენ აბანოს კართან, შუა ბაზართან, რასტაბაზართან, კლდის უბანთან. მექუდეების დუქნებთან ერთად მოედანს ერწყმოდა ლილახანა (ამჟამინდელი სამღებროს ქუჩა). მწკრივად იდგნენ ბაყლები – ხილით, ბოსტნეულითა და სხვა სანოვაგით მოვაჭრენი, რომელთა სავაჭრო ადგილს ბაყალხანას უწოდებდნენ. ასევე, მეთევზეები, ყასბები. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი მოედანი ტფილისში. დღის განმავლობაში იქ 20 ათასამდე ადამიანი მიდიოდა. გარდა ვაჭრობისა, აქ შესაძლებელი იყო ახალი ამბების გაგება, რადგან გაზეთის ყიდვის საშუალება არცთუ ბევრს ჰქონდა, თანაც, ცოცხალ ინფორმაციას მაშინ უფრო მეტი ფასი ჰქონდა, ვიდრე საგაზეთოს. ცნობილია, რომ ერევნის მოედნის შემდეგ (დღევანდელი თავისუფლების მოედანი), ეს ყველაზე ცნობილი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ცენტრი იყო თბილისში. 

ერევნის მოედნის ბაზარს წარსულში „შეშის მოედანს“ უწოდებდნენ, რადგან იქ შეშისა და ნახშირის ბაზარი იყო გახსნილი, შეშის და, ძირითადად, ნახშირის გაყიდვა პირველად თათრის მოედანზე დაიწყეს, შემდეგ კი ერევნის მოედანზე გადაინაცვლა. ნახშირი იმ დროს თბილისის მცხოვრებთათვის გათბობის ერთადერთი საშუალება იყო. 

საინტერესოა შეითან ბაზრისთათრის მოედნის ერთ- ერთი, შეიძლება ითქვას, სოციალური ფენომენი, ვაჭრობის წესი, რომელსაც ძველი თბილისის მცოდნე და მოტრფიალე, იოსებ გრიშაშვილი გადმოგვცემს: „თათრის მოედნის შუაგულში გამართული იყო ყაფანი – დიდი სასწორი, საიდანაც საქონელი მცხოვრებლებსა და ვაჭრებს ურიგდებოდა. სოფლიდან მოსული საქონელი ჯერ ქალაქის მცხოვრებლებს უნდა ეყიდათ და შემდეგ – ქორვაჭრებს. როცა ყაფანზე ბაირაღი იყო ამართული, მაშინ მცხოვრებლებს უნდა ეყიდათ და შემდეგ – ქორვაჭრებს. სრულ 12 საათზე ბაირაღს დაუშვებდნენ და ეს იმას ნიშნავდა, რომ ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო ვაჭართა და სოფლელთა აღებ-მიცემობა“. 

თათრის მოედნიდან შედიოდი დღევანდელი კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე, შუა საუკუნეებში ქუჩას „შუაბაზარი“ ეწოდებოდა და ქალაქს ზედა და ქვედა ნაწილებად ჰყოფდა. იგი ოფიციალური ბაზარი არ იყო, თუმცა მუდამ იყო გადაჭედილი ხალხით. ეს გახლდათ ვაჭრობის არაოფიციალური ცენტრი. მე-19 საუკუნეში ქუჩას „სომხური ბაზარი“ ეწოდებოდა. 

ისტორიული წყაროების მიხედვით XVIII საუკუნის თბილისი ღვინის ყველაზე დიდი მომხმარებელი იყო. ამბობენ, თბილისში ყოველწლიურად 350 ათას ფუთამდე ღვინო ჩამოდიოდა. ღვინისა და არყის სავაჭრო ადგილებს სირაჯხანა ერქვა, ღვინით მოვაჭრეებს კი სირაჯებს ეძახდნენ. 

სირაჯების უსტაბაშს ‒ სირაჯბაში, რომლის ხელდასმითაც ხდებოდა ახალი სირაჯის კურთხევა, სირაჯებს თავიანთი თანაშემწეები ჰყავდათ, მათ ძველ თბილისში ფიშქარს ეძახდნენ. 

1638 წელს სიონისა და ანჩისხატის ტაძრებს შორის არსებულ მოედანზე მეფე როსტომმა სასახლე ააგო და ამ მოედანსაც „სამეფო მოედანი“ ეწოდა. მოგვიანებით მას ერეკლე მეორის მოედანი დაარქვეს, ერეკლე IIის მოედანი ფორმით ოთხკუთხა იყო, ოთხივე მხრივ სავაჭრო დუქნები იდგა, ხალხმრავლობის გამო მას „სალაყბოსაც“ ეძახდნენ. ეს ადგილიც ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრი იყო. 

ფეოდალურ ქალაქში სიონისა და ერეკლე მე-2-ის ქუჩების გასწვრივ რასტაბაზარი იყო განთავსებული. „რასტაბაზარი“ სპარსული სიტყვაა და ქართულად, ქუჩის გასწვრივ, ერთ რიგად მოწყობილ დახლებსა და სახელოსნოებს ნიშნავს. 

თბილისის ერთ-ერთი უძველესი ბაზარი ნავთლუღის ბაზარია სამგორის ტერიტორიაზე, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. სახელწოდება თურქულია და ნავთის ადგილს, სანავთეს ნიშნავს. XVIII საუკუნის 60-იან წლებში მეფე ერეკლე II-მ აქ ციხე-გალავანი ააგო და გაპარტახებული ნავთლუღი ხელმეორედ დასახლდა. ნავთლუღზე გადიოდა აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზა, ე. წ. კახეთის გზა. 

1820 წელს პირველი კარტოფილი სწორედ ნავთლუღის ბაზარში გამოჩნდა, რომელიც 1818 წელს საქართველოში გადმოსახლებულმა გერმანელებმა ჩამოტანეს. 

„რუსის“ ანუ „სალდათის ბაზრი“ ქალაქის მთავრობამ 1886 წელს გახსნა ახლანდელი კოლმეურნეობის მოედანზე, ჩვეულებრივ დღეებში აქ სურსათ-სანოვაგე იყიდებოდა და კვირაობით სრულიად მასშტაბური ბაზრობა იყო, სადაც ადგილობრივი გარნიზონებიდან რუსი ჯარისკაცები და სამხედრო მოხელეები იკრიბებოდნენ. რუსის ბაზარში აბსოლუტურად ყველაფერი იყიდებოდა: სანოვაგე, ავეჯი, ჭურჭელი, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, თეთრეული. კვირა დღეს ვაჭრებს არ ეხებოდათ მთავრობის მიერ დადგენილი ბაჟის გადახდა და ისინი მხოლოდ ქალაქის სასარგებლოდ კრებდნენ მცირე გადასახადს. ზამთარში, საახალწლოდ „სალდათის ბაზარზე“ გასაყიდად გამოჰქონდათ ნაძვის ხეები. იმდროინდელი ტფილისისთვის ნაძვის ხე ახალი ხილი იყო და მალევე გახდა პოპულარული. 

მალაკნების ბაზარი მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა, როდესაც თბილისში რუსეთიდან სექტანტი მალაკნების გადმოსახლება დაიწყო. ისინი დასახლებას ქმნიან ახალი კუკიის ტერიტორიაზე, რკინიგზის გაღმა. მალაკნებს თავისი სასაფლაო და ბაზარი აქვთ, ეს ბაზარი მალაკნების საზოგადოებას ეკუთვნოდა და ის 1860-იან წლებში დაარსდა. მალაკნები ძირითადად მედროგეობას და მეეტლეობას მისდევდნენ. ბაზარში კი თევზით, მარილით, ბოსტნეულითა და შიგადაშიგ რძითაც ვაჭრობდნენ. საინტერესოა, რომ „მალაკნების ბაზრის“ სახელი ამ ადგილს დღემდე შემორჩა. 

მალაკნების ბაზარი ძალიან ეგზოტიკური ადგილი იყო. პირველ რიგში ოქროსუბნის, სვანეთის უბნის და კუკიის უბნების კვეთის გამო. 

დეზერტირების ბაზარი, ცენტრალური ბაზრის სახელწოდებაა, რომელიც 1920-იან წლებში დამკვიდრდა, რადგანაც ჯარისკაცები ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ აღკაზმულობას, იარაღსა და სხვა ნივთებს ყიდდნენ, ასევე ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ჯარიდან გამოქცეული დეზერტირები ბაზარს აფარებდნენ თავს, სადაც ერთხელაც ალყა შემოარტყეს და გააციმბირეს. „დეზერტირის ბაზრის“ ძველი შენობა, რომელიც 1960-იან წლებში აშენდა, 2007 წელს დაანგრიეს, მაგრამ დღესაც თავისებური სახით განაგრძობს ფუნქციონირებას. 

დღეისათვის ამ კოლორიტულ ადგილას შეგიძლია შეიძინო ყველაფერი ის, რაც სულსა და გულს უნდა, მისი აქ ასე გაშლა და განვითარება ცენტრალურმა რკინიგზის სადგურმაც განაპირობა. თუ მაინცდამაინც მყიდველი არ ხარ, შეგიძლია ადამიანებთან კომუნიკაციისთვის გაიარო რიგებს შორის და ასევე დააგემოვნო რაღაც-რაღაცები, რაც ქართული საკოლმეურნეო ბაზრის ერთგვარი თავისებურებაა. 

ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი თბილისის ბაზარში არის ოჯახის ყველი, ახლადდაკლული საქონლის ხორცი, შენ თვალწინ დაფქული საუცხოო სურნელები, საკმაზები, ნიგოზი, თხილი, ნუში, საუცხოო ქართული ხილი და, რასაკვირველია, ქართული აჯიკა. 

დღევანდელი დეზერტირების ბაზართან ახლოს არის ოქროს ბაზარი. ოქროს ბაზარი რკინიგზის სადგურის ქვედა სართულზეა, აქ ნახავთ ოქროსა და ვერცხლის საუკეთესო ნამუშევრებს, მათ შორის საბჭოთა პერიოდის ძვირფას ნივთებს, თანამედროვე დიზაინით შესრულებულ იტალიური ოქროს სამკაულებს. აქვე არიან ოქრომჭედლები, რომლებიც შეგიკეთებენ, გაგიკეთებენ და მოგირთავენ სხვადასხვა ნივთებს. თბილისი ხომ ოდითგანვე ცნობილი იყო თავისი იუველირი ხელოსნებით. 

„ძველმანები ბაზარი“ მშრალ ხიდზე, ჩვენი ისტორიის სახეა. ეს ხიდი 1881 წელს იტალიელმა არქიტექტორმა სკუდიერიმ ააგო, მას შემდეგ მტკვარმა კალაპოტი შეიცვალა და სახელი მშრალი ხიდიც აქედან წარმოიშვა. სწორედ ამ ხიდზე გამართული ბაზარი არის დღეს თბილისის ეგზოტიკური სახე და პოსტსაბჭოთა ქვეყნის ძალიან საინტერესო ისტორია. მას ხაბაკების ბაზრობასაც ეძახიან, რაც ხარახურას, ძველმანებს ნიშნავს. ასეთი ბაზარი შეგიძლია ნავთლუღშიც იპოვოთ, სადაც სრულიად შემთხვევით უნიკლურ ნივთსაც გადააწყდებით. 

„ძველმანების ბაზარი“ მშრალ ხიდზე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რადგან ეკონომიკური გაჭირვების გამო ქალაქელებმა სახლის ნივთების გამოტანა და გაყიდვა დაიწყეს, თუმცა ეს უკვე ასე არ არის. რას არ ნახავთ აქ, საბჭოთა ტაქსების მრიცხველიდან დაწყებული მეფისდროინდელი უნიკალური ანტიკვარული ნივთებით დამთავრებული, ქართული ქუდები – ბოხოხი, სვანური და კახური ქუდი, ქართული თექა და რუსული წითელი ათმანეთიანები, საბჭოთა მედლები და დროშები, რარიტეტული წიგნები და ხალიჩები. 

თბილისის ბაზრები ქალაქის ისტორიას, კულტურას, ქართულ ხასიათს და ტრადიციებს შერწყმული ცოცხალი ორგანიზმია, თუმცა მას ძველი იერსახე და ძველი ქართული დამოკიდებულებები უკვე ნაკლებად შემორჩა. ზოგიერთი მათგანი, ეკონომიკური სიტუაციის გამო, სტიქიურად წარმოიშვა, მაგრამ ზოგიერთ ბაზარს თბილისში თავისი ათეულობით წლების ისტორია, პოლიტიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობა და დანიშნულება ჰქონდა და აქვს. 

ფოტო : მარიამ ცქიტიშვილი

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com