სტუმრად სამზარეულოში -დარეჯან ხარშილაძე კულინარიული ისტორიებით

გამორჩეულად საინტერესო მოსაუბრეა. გიყვება ყველაფერს. მრავალფეროვანი ისტორიები მისი ცხოვრების
განუყოფელი ნაწილია. მსახიობ დარეჯან ხარშილაძეს ინტერვიუ კულინარიაზე ვთხოვე. მისთვის სასაუბრო თემა იმდენად უჩვეულო აღმოჩნდა, რომ პასუხის სათქმელად ბევრი ფიქრი დასჭირდა. საბოლოოდ დამთანხმდა ინტერვიუზე და ჩვენი შეხვედრაც შედგა. შეუძლებელია დაიღალო მისი მოსმენით, თან მაშინ, როცა ყველა შეკითხვის შემდეგ ახალ-ახალ ამბავს გიყვება. პირადად ჩემთვის მასთან დიალოგი დასამახსოვრებელი იყო. იმედი მაქვს, „კულინარტ“-ის მკითხველიც ისიამოვნებს ამ ინტერვიუთი.

-რა ადგილი უჭირავს კულინარიას თქვენს ცხოვრებაში? 

– ვერ გეტყვით, რომ დიდი ადგილი უჭირავს, უბრალოდ რაც აუცილებელია იმას ვაკეთებ. აღმოჩნდა, რომ რაც ჩემმა შვილმა მუშაობა დაიწყო, დილას მიდის და ღამით მოდის, მხოლოდ კარაქიან პურს და ჩაის თუ მივართმევ. გამოდის, რომ მისთვის კეთება იშვიათად მიწევს. ჩემს მეუღლეს კი როცა ჩემი გაკეთებული არ მოსწონდა, თავისით იმზადებდა რაღაცებს. ახლაც ასეა ‒ მე აღარ მაწუხებს ხოლმე, ასეთი კარგი თვისება აღმოაჩნდა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე სრულიად თავისუფალი ვარ ამ მოვალეობისგან. ხშირად ვაკეთებ კატლეტებს, მგონი კარგადაც გამომდის, იმიტომ რომ ჩემი შვილი სულ აღნიშნავს, დედაჩემის კატლეტი განსაკუთრებულიაო. კიდევ კარგად გამომდის ტოლმაც. 

რა არის თქვენთვის გემო წარსულიდან?! 

– ეს ძალიან ბევრია, მაგრამ გამოვყოფ ჩემს სოფელს გურიაში, ბებიასთან ხშირად ჩავდიოდით და იქაური პომიდვრის გემო დღემდე არ მავიწყდება. 

თუ გახსოვთ როგორი იყო თქვენი პირველი დღე სამზარეულოში? 

– ხომ არიან დედები, რომლებიც შვილებს იხმარებენ საჭმლის მომზადების დროს, ისინიც ამ დროს დედისგან კეთებას სწავლობენ. გაგიკვირდებათ და დედაჩემს არ უყვარდა ჩემი სამზარეულოში ყოფნა, შეიძლება იმიტომ, რომ ძალიან პატარა სამზარეულო გვქონდა და ზედმეტი ხალხის მოძრაობა არ სიამოვნებდა. მე კიდევ ძალიან მიყვარდა ყურება, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად არ გამომდიოდა. მამაჩემი პირიქით იყო, ძალიან უყვარდა როცა მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებოდით და ვსადილობდით. 

-რა ასოციაციას იწვევს კულინარია? 

– კულინარიაზე სულ ის ასოციაცია მომდის, რომ აი, მაგალითად, როდესაც ჩემი დეიდაშვილი რამეზე ნერვიულობს, იწყებს ჭამას და იმატებს წონაში. მე პირიქით ვარ, როდესაც სანერვიულო მაქვს საერთოდ ლუკმას ვერ ვყლაპავ. 

-რომელია თქვენი საყვარელი კერძი? 

– მთელი ცხოვრება დედაჩემი გამწარებული მყავდა ‒ არაფერს ვჭამდი. ამიტომ ძალიან გამხდარი ვიყავი და სულ მეჩხუბებოდნენ რას გავხარო! ეს კარგად მახსოვს! აღმოჩნდა, რომ მე მიყვარს ყველაფერი რაც გემრიელია, შეზღუდვები არ მაქვს. 

-რას ვერ გასინჯავთ? 

– არ მქონია ასეთი შემთხვევა. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრს ვმოგზაურობდი, სულ მაინტერესებდა სხვა ქვეყნის კულინარია და ამიტომ თუ რაიმე ახალს აღმოვაჩენდი ‒ ყველაფერს ვაგემოვნებდი. მიმაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გასინჯო. მე პირადად მაინტერესებს და თან ძალიან მომწონს. 

-ყველაზე უცნაური შემთხვევა რომელიც კულინარიასთანაა დაკავშირებული… 

– მექსიკაში ვიყავით გასტროლებზე. იქ ასეთი ტრადიცია აქვთ, თავდაპირველად ხილი მოაქვთ. პორციის რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ მერე ვერაფერს ვჭამდით. კიდევ კარგი სპეციალური ტალონები გვქონდა და ისე ვანაწილებდით მენიუს, ხილის გარდა, დღის განმავლობაში, სხვა კერძიც რომ დაგვეგემოვნებინა. 

-თქვენი საყვარელი დესერტი… 

– ძალიან მომწონს ყველაფერი რაც ხაჭოსთან არის დაკავშირებული. ხაჭოს სუფლეები, ხაჭოს ნამცხვრები. ბოლო პერიოდია ამოჩემებული მაქვს ჩიზქეიქი. 

-თქვენი აზრით სადილი ოჯახისთვის ღამით უნდა მომზადდეს? 

– არა, ღამით ამზადებს ის ვისაც დღისით არ სცალია. მე საერთოდ არანორმალური რეჟიმი მაქვს, ამიტომ თუ ვიცი, რომ ხვალ მთელი დღე არ მცალია, მაშინ ღამით ვაკეთებ. 

-კერძი, რომელიც სხვა ქვეყნაში გასინჯეთ და სულ გახსოვთ… 

– მე ძალიან მომეწონა ავოკადოს სალათი, ერთ-ერთი გასტროლის დროს რესტორანში დავაგემოვნე. ზოგადად, სულ ვცდილობ რომ ჯანმრთელად ვიკვებო. ხშირად ვამზადებ ბროკოლის „სუპებს“. ყვავილოვანი კომბოსტო ყველანაირად გაკეთებული მიყვარს, იმიტომ, რომ შემიძლია უბრალოდ მოვხარშო, ან მარილი მოვაყარო, ყველა შემთხვევაში გემრიელი გამოდის. 

-როგორ იწყება თქვენი დილა? 

– ყავას გაღვიძებიდან ორი საათის შემდეგ ვსვამ. მე და ჩემს მეზობელს ასეთი რიტუალი გვაქვს, ის შემოდის ჩემთან, თვითონ არჩევს ახლადდაფქულ ყავას და უმატებს დარიჩინს. ძალიან არომატული და კარგია, ასე ვართ უკვე დიდი ხანია. დილას ვიწყებთ ჭიქა ყავით და საუბრით. 

-კულინარიული სცენა, რომელშიც მიგიღიათ მონაწილეობა… 

– როდესაც ფილმ „ხსოვნას“ ვიღებდით, ერთი ასეთი სცენა უნდა გადაგვეღო: მომიტანეს ფქვილი; იქვე უნდა მომეზილა ხაჭაპურის ცომი, კეცზე გამოსაცხობად. იმდენი დუბლი გადავიღეთ ‒ მე როცა ვიწყებდი ცომის ზელვას წყალს ვუმატებდი, ამიტომ ცომი გამიფუჭდა და ბოლოს უკვე ვეღარ შევკარი. კიდევ ძალიან სასაცილო სცენა იყო, სადაც ძროხა უნდა მომეწველა. რეჟისორი მიხვდა, რომ არ გამომდიოდა და ამიტომ გადაწყვიტა მხოლოდ ხელები გადაეღო. 

-შეფ-მზარეული ქალი უნდა იყოს თუ მამაკაცი? 

– შეჩვეულები ვართ რომ მამაკაცი. მოსაზრებაც არსებობს, რომ მამაკაცები უფრო კარგი მზარეულები არიან, ვიდრე ქალები. ეს ასე არ არის, უბრალოდ მათ უწევთ იმის კეთება, რაც თავად მოსწონთ და გამოსდით. მამაკაცებს არ უწევთ ყოველდღიურად სამზარეულოში ტრიალი, ამიტომ მათი მომზადებული კერძი ყოველთვის განსაკუთრებულ დღეს ხვდება სუფრაზე. კაცებმა უკეთ იციან ხორცის არჩევა. მიყვარს, სახლში როცა კალმახი გვაქვს. ჩემი მეუღლე კარგად ამზადებს და შვილიც გემრიელად მიირთმევს. 

-თუ გაქვთ თქვენი გამორჩეული რეცეპტი?! 

– ადრე ვაკეთებდი არაჩვეულებრივ ტორტებს, გაგიკვირდებათ და ეს ტორტები ქორწილშიც მიმიტანია საჩუქრის ნაცვლად. შესახედავად დიდი არაფერი იყო, მაგრამ გემო არაჩვეულებრივი ჰქონდა. ახლა ასე ხშირად ვეღარ ვაკეთებ. ბოლო პერიოდია რაც ვისწავლე ერთი განსხვავებული კერძი: უნდა მოვხარშოთ ხორცი, კარტოფილი და სოკო. კიდევ დაგვჭირდება დაფხვნილი ყველი და მაიონეზი ან არაჟანი. ყველა ეს ინგრედიენტი მოხარშვის შემდეგ ფენა- ფენა დავალაგოთ ერთმანეთზე, მოვაყაროთ ყველი და ღუმელში 10 წუთით შევდგათ. ბოლოს მოვაყაროთ მწვანე ხახვი. გამოდის ძალიან გემრიელი. 

ფოტო : ანა ბოკო

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com