ნინო სუხიშვილის „კულინარიული არტი“
ლეღვის სალათი „ლეღვს გავფცქვნით, ოთხად ჩავჭრით, გუდის ყველის პატარა ნაჭერს ჩავუდებთ და ცოტა თაფლს ჩავასხამთ. სხვადასხვა ყველისგან შეიძლება მომზადდეს, ობიანი ან ნებისმიერი მძაფრი ყველი უხდება. უცნაურ, პიკანტურ გემოს სძენს. ლეღვს სალათის ფურცლებზე დავალაგებთ და ზემოდან ცოტაოდენ ბალზამიკოს სოუსს მოვასხამთ.“
ცეკვასა და კულინარიას შორის პარალელების გავლება არ უჭირს. სამზარეულოსაც ხელოვნებად აღიქვამს და მიიჩნევს, რომ კულინარიული ოსტატობაც ისეთივე სისტემატიური ვარჯიშის შედეგია, როგორც ცეკვა.
თავადაც, ვარჯიშს სამზარეულოსა და საცეკვაო დარბაზში, ფაქტობრივად, ერთდროულად შეუდგა. მისი კულინარიული თავგადასავალი ‒ პირველი ძიებები, მიგნებები, წარმატებები და მარცხი ‒ ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო, ცნობილ ბებია- ბაბუასთან თანაცხოვრების წლებში.
ნინო სუხიშვილმა კულინArt-ს წყნეთში, ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის აშენებულ სახლში უმასპინძლა. აქ სუხიშვილები პრაქტიკულად მთელ ზაფხულს ატარებენ. აქვე შედგა წლების წინ ნინოს პირველი კულინარიული ექსპერიმენტების დიდი ნაწილიც.
ნაგებობა 50-იანი წლებიდან დღემდე, ფაქტობრივად, პირვანდელ სახეს ინარჩუნებს. ცვლილება, ძირითადად, სამზარეულო ოთახს შეეხო. ძველებური კარადებითა და ჰოლანდიური სტილის თეთრ-ლურჯი კერამიკით გაწყობილი მყუდრო სივრცე სასადილო ოთახის ფუნქციასაც ითავსებს. ის ოჯახის თავშეყრის მთავარი წერტილია.
ნინო თვლის, რომ სახლში ყველაზე ლამაზი, კომფორტული და მოწესრიგებული ზონა სწორედ სამზარეულო უნდა იყოს. შინ ყოფნისას ყველაზე დიდ დროს ამ ოთახში ატარებს და სტუმრებსაც აქვე მასპინძლობს.
აღნიშნავს იმასაც, რომ სახლში სარემონტო სამუშაოები საშინელ დისკომფორტს უქმნის, ერთადერთი გამონაკლისი კი ‒ სამზარეულოა. სივრცე, რომლის განახლებაზეც მუდმივად ზრუნავს. ნებისმიერი ცვლილების ფონზე სუხიშვილების სამზარეულო ოთახში მთავარი შტრიხები ‒ ჰარმონიული ფერები, ეფექტურობა და სწორად ათვისებული სივრცე ‒ უცვლელი რჩება.
ზედმიწევნით გემოვნებიანი და კომფორტული ინტერიერი სამზარეულოს მთავარ ფუნქციასთანაც ჰარმონიაშია ‒ აქ ყველა კომპონენტია ჯანსაღი, გემრიელი და მრავალფეროვანი კერძების მოსამზადებლად. გარკვეული კორექტივები მხოლოდ დროის დეფიციტს შეაქვს. სწორედ უდროობის გამო სამზარეულოში ნინოს მთავარი პრინციპია: „კერძი სწრაფად მზადდებოდეს, ბევრ ინგრედიენტს არ საჭიროებდეს, გემრიელი და ლამაზი, პრეზენტაბელური იყოს.“
კულინArt-ისთვისაც ლეღვის პიკანტური სალათი ამავე პრინციპების გათვალისწინებით შეარჩია.
ნინო სუხიშვილი: „მე ლეღვის სალათს ვეძახი, თუმცა ზოგი მას დესერტად აღიქვამს. პირველად კახეთში გავსინჯე და ძალიან მომეწონა. ეს არაა ტიპური კახური კერძი, უფრო ევროპულია. საერთოდ, მიყვარს უცნაური და ერთი შეხედვით შეუთავსებელი კომპონენტების ერთმანეთთან შერევა. მომწონს ტკბილ-მწარე, ტკბილ-მჟავე გემო. აზიური-ჩინური, იაპონური სამზარეულოც ამიტომ მხიბლავს, თუმცა ევროპულსაც დიდ პატივს ვცემ ‒ ფრანგულ, იტალიურ კერძებს. ზოგადად, გურმანი ვარ, ყველაფრის გასინჯვა მიყვარს, თითოეული ქვეყნის სამზარეულო ძალიან საინტერესოა ჩემთვის. თან ბევრს რომ ვმოგზაურობ, ხშირად მაქვს სხვადასხვა საინტერესო კერძის დაგემოვნების საშუალება.
სამზარეულოში ექსპერიმენტებიც მიყვარს. თუ რაიმე განსაკუთრებული კერძი გავსინჯე, მერე თვითონაც ვამზადებ. შეიძლება რომელიმე კონკრეტული კომპონენტი შევცვალო ‒ ან არ იშოვებოდეს, ან მაცივარში არ მქონდეს იმ დროს. პრეტენზიული საერთოდ არ ვარ, რაც არის, იმას მივირთმევ, მაგრამ გემრიელად ჭამა ძალიან მიყვარს!
როგორი კულინარი ვარ, ალბათ, სხვამ უნდა შეაფასოს, თუმცა სამზარეულოში საქმიანობა ადრეული ასაკიდან
მიტაცებდა. ბებია-ბაბუასთან ვცხოვრობდი. ნინოს, რომელსაც ვეთაყვანებოდი, ჩემი მომზადებული ყველაფერი უყვარდა. ელემენტარულად ყავა რომ დამესხა და ლოგინში მიმერთმია, ამბობდა, განსხვავავებულად გემრიელიაო.
კულინარია ‒ ხელოვნებაა ჩემთვის, თუმცა, უდროობის გამო, ჩემი კულინარიული დიდება, სამწუხაროდ, წარსულს ჩაბარდა. იყო დრო, როცა დიდ სუფრებს ვშლიდი. მეამაყებოდა, რომ ჩემი კულინარიული ხელოვნებით ახლობლებს ვაკვირვებდი. ჩემს მეგობრებს დღემდე ძალიან უყვართ ჩემი მომზადებული კერძები. ამას უმიზეზო სადილებს ვეძახი, ახლობლებს ვეპატიჟები და ძალიან ვინდომებ, რომ გემრიელი კერძები მოვამზადო.
საერთოდ, უმნიშვნელოვანესია ის, რომ ნებისმიერი კერძი სიყვარულით, მთელი გულით მოამზადო. ზოგადადაც, როცა ბოლომდე ეძლევი ამა თუ იმ საქმეს, მაშინაა შედეგი სასურველი. თუ იმისთვის ამზადებ, ვინც გიყვარს, მარტივი კერძიც კი ძალიან გემრიელი გამოდის.
ქართული სამზარეულო ცოტა მძიმეა. ტრადიციულ კერძებს უფრო იშვიათად ვამზადებ, სადღესასწაულო სუფრებისთვის. ყოველდღიურად მარტივი, ახალ-ახალი კერძი მირჩევნია, რომელსაც მოამზადებ და მაშინვე მიირთმევ.
ყველანაირი სალათი მიყვარს, ასევე წყალზე მომზადებული ბოსტნეულის წვნიანები. რადგან ყოველ დღე არ მიწევს სამზარეულოში ტრიალი, შესაბამისად, ეს პროცესი სიამოვნებაა ჩემთვის. ვინც ყოველ დღე დიდი ოჯახისთვის ამზადებს, მისთვის ალბათ შრომაა. ჩემთვის, მაგალითად, დამღლელია ოჯახის პროდუქტით მომარაგება, მაგრამ ამის გარეშე არ გამოდის.
ჩემდა სამარცხვინოდ, ძალიან მიყვარს ტკბილი, პურ-ფუნთუშეული, ნამცხვრები. ბევრს არ მივირთმევ, მაგრამ როცა არის, უარს ვერ ვამბობ. კვების მხრივ გარკვეული შეზღუდვა თავისთავად გამომდის მუშაობის არანორმალური რეჟიმის გამო, რომელიც ჭამის დროს ხშირად არ მიტოვებს. სამაგიეროდ, ბევრ სითხეს ვიღებ, ძირითადად, წყლისა და ჩაის სახით. ყავასაც ვსვამ და ძალიან მიყვარს სახლის უშაქრო ლიმონათი, რომელიც, მაგალითად, წყალში ჩაჭრილი ლიმონითა და პიტნით მზადდება.“
ფოტო: ანა ბოკო