გემრიელი კერძებისა და კარგი გარემოს მოყვარულთათვის, თბილისში, ჭოველიძის ქ. N3-ში კიდევ ერთი არაჩვეულებრივი გასტრონომიული სივრცე გაიხსნა ‒ “Keti's Bistro”. ჟურნალ „კულინArt“-ის მკითხველი უკვე კარგად იცნობს რესტორან “The Dining Room”-ის მფლობელ ქეთი ბაქრაძეს. “Keti's Bistro”-ში სწორედ მისი რეცეპტებით მომზადებული კერძების დაგემოვნებას შეძლებთ.
ჭოველიძის ქუჩა, აქ გახსნილი ახალი ობიექტებით, ერთგვარად „ახალი თბილისი“ გახდა. საკმაოდ დიდხანს ვბჭობდით იმის შესახებ, თუ რა ტიპის რესტორანი უნდა გაგვეხსნა ამ ადგილას. ნიუ-იორკში არის ბისტროს ტიპის რესტორანი-კაფე ღია სამზარეულოთი, რომელიც ძალიან მომწონს, შესაბამისად ბისტროს კონცეფცია ავირჩიეთ. ყოველთვის მაინტერესებდა ღია სამზარეულო, რადგან ეს განსხვაბული სამუშაო სპეციფიკაა, ძალიან დინამიური და გუნდურია. მომწონს, რომ ბარმენს, მზარეულებს, მიმტანებს, დამლაგებელს, რესტორნის მთელ პერსონალს ერთნაირი ფორმები აცვია, ყველა ბარში დგას და შეკრულ გუნდად მუშაობს. სტუმარს აქვს საშუალება დააკვირდეს კერძების მომზადების პროცესს. ათი მეტრი არის ბარის მაგიდის სიგრძე, ძალიან მინდა საქართველოშიც ვხედავდე ადამიანებს, რომლებიც მარტო მოდიან, ბართან სხდებიან ცოტას სვამენ, მიირთმევენ ლანჩს თუ ვახშამის, ისვენებენ. ბისტრო, გარკვეული მიზეზების გამო, საქართველოში, ძირითადად სწრაფი კვების, იაფიან ობიექტთან ასოცირდება და როდესაც აქ მოდიან უკვირთ, არის მოსაზრება რომ ფასები აქ შედარებით ძვირია. ისეთ ცნობილ შეფ-მზარეულებს, როგორებიც არიან ალან დუკასი ან თომას კელერი, რომლებიც ოსკაროსანი მსახიობებისთვის ამზადებენ კერძებს, მათაც აქვთ ბისტროს ტიპის რესტორნები. რადგან ბისტრო ჰქვია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სწრაფად და იაფად უნდა მიირთვა. ეს უფრო ფრანგული გასტრონომიული სამზარეულოა. ერთი თვეც არ გასულა ბისტროს გახსნის დღიდან, უკვე ბევრი სტუმარია, უამრავი ტურისტი, რაც ძალიან მიხარია. როდესაც ბისტროსთვის სახელზე ვბჭობდით, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა თამამი გადაწყვეტილება იყო, სახელად შევარჩიეთ „ქეთის ბისტრო“ (Keti's Bistro), ასოცირებულია ჩემთან და აქ წარმოდგენილია ფრანგული სოფლების გასტრონომია, კერძების ჩემი ხედვა. რაც შეეხება მენიუს, ჯერჯერობით სულ რვა კერძია ჩამონათვალში. რადგან გახსნილი სტილის სამზარეულოა, ცოტა დრო გვჭირდება, უახლოეს მომავალში ახალი კერძები დაემატება. ჟურნალ „კულინArt“-ის მკითხველებისთვის დღეს პომიდვრის ცხელი წვნიანი მოვამზადეთ, ძალიან გემრიელია, შერეული აქვს გამომშრალი და ჩვეულებრივი პომიდვრები, ბარბექიუს სოუსი, ტობასკო, ცოტა კვამლის გემო დაჰყვება, რასაც თავისი ხიბლი აქვს. წვნიანთან ერთად მოგართმევენ ტომატის ძალიან გემრიელ პურს. მეორე კერძად სალათა „ნისუას“ შემოგთავაზებთ, ესეც ამ სალათას ჩემებური, არასტანდარტული ვერსიაა ‒ ზეთში ჩაწყობილი არტიშოკებით და გამომშრალი პომიდვრებით. „ნისუა“ ზოგადად კვერცხით მზადდება, განსხვავებული რომ ყოფილიყო მწყერის კვერცხი გამოვიყენეთ, დომინანტი ინგრედიენტი არის თინუსი, ანჩოუსებით. მიუხედავად მრავალი შემადგენელი ინგრედიენტისა, ის ძალიან მსუბუქი თევზის სალათაა ლანჩისთვის. „ქეთის ბისტროში“ ჯერჯერობით გვაქვს სამი დესერტი, ვაშლის ტარტი, შოკოლადის მუსი და „კაფე გურმე“ ‒ რომელიც მსოფლიოში ძალიან გავრცელებული დესერტია, თუმცა საქართველოში, როგორც ვიცი, მხოლოდ ჩვენ გვაქვს. „კაფე გურმე“ ‒ ეს არის ერთ თეფშზე მოთავსებული ოთხი პატარა, ერთმანეთისგან განსხვავებული ნამცხვარი. ჩვენს შემთხვევაში ეს არის ეკლერი, შუ, ტრიუფელი და მაკარო.
ის ადამიანები, რომლებიც ხშირად სტუმრობენ რესტორანს “The Dining Room”, ვერცერთ მსგავს გემოს და კერძს ვერ აღმოაჩენენ “Keti's Bistro”-ში. უახლოეს მომავალში, შაბათ-კვირას სხვადასხვანაირი ბრანჩები დაემატება.
სექტემბრიდან კი, ლანჩ-მენიუები. ჟურნალ „კულინArt“-ის შემდეგი ნომრისთვის “Keti's Bistro”-ს ახალ, განსხვავებულ კერძებს შემოგთავაზებთ.
ტომატის წვნიანი
ინგრედიენტები:
• 2 ც. – პომიდორი
• 5 ც. – გამომშრალი პომიდორი
• ბარბექიუ ტობასკო
• ლაიმი
• ბოსტნეულის ბულიონი
• მარილი – გემოვნებით
• პილპილი – გემოვნებით
• მუსკატის კაკალი – გემოვნებით
• 10 გრ. – შაქარი
• ვორჩესტერის სოუსი
მომზადების წესი:
2ც. მოზრდილი პომიდორი გაჭერით შუაზე და მოათავსეთ ტაფაზე. მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაასხით ზეითუნის ზეთი და გამოაცხვეთ ღუმელში. გამომცხვარი მასა გადაიტანეთ ბლენდერში, დაუმატეთ გამომშრალი პომიდორი და დააბლენდერეთ. დაბლენდერებული მასა გადაიტანეთ ქვაბში, დაუმატეთ ბულიონი, შაქარი, მუსკატი, ტობასკო, ვორჩესტერის სოუსი, მარილი, პილპილი, ლაიმის ფრეში. წამოადუღეთ და გადაიტანეთ წვნიანის ჭურჭელში. გააფორმეთ ზეითუნის ზეთით.
სალათა „ნისუა“
ინგრედიენტები:
• 150 გრ. – სალათის ფოთოლი (რომანა)
• 100 გრ. – რუკოლა
• ½ ც. – მოხარშული კარტოფილი
• 4 ც. – გამომშრალი პომიდორი
• 4 ც. – მწყერის კვერცხი (საშუალოდ მოხარშული)
• 3 ც. – ანჩოუსი
• 1 ქილა – დაკონსერვებული თინუსი (საკუთარ წვენში)
• ზეითუნის ზეთი
• ლიმონის ფრეში
• არტიშოკი ზეთში (4 ნაწილად დაჭრილი)
მომზადების წესი:
ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს და მოასხით ზეითუნის ზეთი. მიირთვით თეთრ მშრალ ღვინოსთან ერთად…