კაცები ზრუნავენ / კახა კინწურაშვილი

5

კახა კინწურაშვილი

„როცა გიყვარს და მასთან ურთიერთობას გადაწყვეტ, პირველ რიგში, პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე. მზრუნელობაც ამ პასუხისმგებლობის თანმდევია. მზრუნელობისა და ინტერესის გარეშე ურთიერთობა არ გამოდის. ძირითადი, რაზეც ურთიერთობა დგას, სიყვარულია, რა თქმა უნდა, მაგრამ სიყვარული არ არსებობს ასე, განყენებულად, მრგვალი წრესავით, ბევრი კომპონენტის ერთობლიობას გულისხმობს. შეიძლება უამრავი ძალიან კარგი ადამიანი გვეხვიოს გარს, მაგრამ ჩვენ კონკრეტული ადამიანები გვიყვარდება ‒ ისინი, რომლებსაც ჩვენ მიმართ საპასუხო ინტერესი აქვთ. სწორედ ამ ურთიერთინტერესს ვარქმევ სიყვარულს. მე რამდენად შემიძლია სიყვარული? დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ის, რომ თუ მიყვარს, მართლა მიყვარს და ვცდილობ ეს სიყვარული ყოველ დღე ვასაზრდოო. მიყვარს და მორჩა ‒ ასე არ ხდება. როგორც ბევრ რამეს ჩვენს ცხოვრებაში ‒ რწმენას, საქმეს, ამ გრძნობასაც ბრძოლა უნდა.

როლების რაიმე ტიპის გადანაწილება ‒ რომ, მაგალითად, შენ შემომტანი ხარ, მე ნაკლებად და ა.შ. ‒ ჩვენს ოჯახში არ არსებობს. იგივეა ნებისმიერ ყოფით საკითხთან მიმართებაშიც. არაფრის კეთება არაა რთული და დამაკნინებელი. თუ სახლის საქმეებიდან რამეს ვერ ვიტან, თეფშების გარეცხვაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვას ეს საქმე უყვარს და უფრო სიამოვნებით აკეთებს. საქმე საქმეა. ჩემი აზრით, ადამიანებმა დაინაწლეს რაღაც-რაღაცების კეთების ვალდებულება, თორემ სახლის დაგვა და ჭურჭლის რეცხვა არაა რომელიმე სქესისთვის მოგონილი აქტივობა. ყველას შეუძლია. ვისაც სცალია, აკეთებს. უბრალოდ, ვიღაცას შეიძლება უკეთესად და უფრო იოლად გამოსდიოდეს და ამიტომ აიღოს თავის თავზე. ესაა და ეს.

სამზარეულოს რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გატაცებული ვარ. ელემენტარული გამომდის, მაგრამ რატომღაც ვერ მოვახერხე, რომ კარგად მესწავლა ეს სფერო. სალათებზე და მწვადის შეწვაზე არაა საუბარი, ეს მარტივია. ასეთი რაღაცები გამიკეთებია და ცუდად არ გამომდის.

ის, რომ ოჯახურ ურთიერთობებზე ასე ვფიქრობ და არა სხვაგვარად, ბევრი რამის შედგია. ყველაფერმა ერთად მოახდინა, ალბათ, გავლენა ‒ როგორც დადებითი, ისე საპირისპირო კუთხით ‒ ოჯახმა, სამეგობრომ, სკოლამ, უნივერსიტეტმა. გარემოცვამ და იმ სტერეოტიპებმაც, რომლებსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით. ჩემი დამოკიდებულება ამ სტერეოტიპების მიმართ ძალიან სკეპტიკურია. რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა დაწესებული ჩარჩოების, შაბლონური ნორმების დარღვევა, პირველ რიგში, ჩემში და მერე ‒ ჩემს ირგვლივაც. ზოგადი ფონი დღემდე განსხვავებულია. როცა ვამბობ, რომ ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ჩვეულებრივი ამბავია ჩემთვის, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად რაღაც მტკიცების ნაწილია, ჯერ კიდევ პროცესია, მაგრამ ბევრი არც ამისთვისაა მზად. როგორც ასწავლა მამამ, როგორც უჩიჩინებდა ბიძა: ქალი აქ ვიცი და კაცი იქ ვიციო, ისევ იმ ხაზს ადგას.

სანამ შვილი გამიჩნდებოდა, ბევრის მსგავსად, მეც მქონდა მიდგომა, რომ ამისთვის ჯერ კარგად უნდა მოემზადო და მერე დაგეგმო ბავშვის დაბადება. დღეს ეს მიდგომა ცოტა მატრაკვეცული მეჩვენება. სანამ ბავშვი არ გაჩნდება, წინასწარ რაღაც პროცესებისთვის მაინც ვერ მოემზადები. ამიტომ თუ გინდა, რომ გაჩნდეს ის, ვინც შენი ნაწილი და გაგრძელება იქნება, უნდა გაჩნდეს და მორჩა! ჩემი შვილის დაბადების პირველივე წამიდან მისი თანმდევი ვარ და პირიქით! სულ თავიდანვე მქონდა იმის მძაფრი განცდა რომ ჩემი ნაწილი გაჩნდა. მისი მოვლის პრაქტიკულ მხარეს რაც შეეხება, არც ამ თვალსაზრისითაა რამე პრობლემური. არასდროს გამიკეთებია მისი სუფი, უბრალოდ, აუცილებლობა არ ყოფილა, თორემ თუ დამჭირდა, ვისწავლი. მთავარია, ვმეგობრობთ და მინდა მთელი ცხოვრება ასე იყოს, თანამოაზრეები გავხდეთ.“

საზაფხულო სალათი

„სალათის ფურცლებს და ყველანაირ მწვანილს ვჭრით, ვამატებთ კიტრს, კუბებად დაჭრილ ყველს, ორცხობილას და არაჟანს. ყველი თუ ორი-სამი სახის იქნება, უკეთესია. ძალიან მსუბუქი და გემრიელი სალათი გამოდის“.

Culinart_N13_PRINT_Page_045

 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com