სტუმრად სამზარეულოში თიკა ფაცაცია

_MG_2650

თიკა ფაცაცია

გაინტერესებთ როგორ უნდა სამზარეულოში ნამდვილი ცეცხლის დანთება? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა, „კულინArt”-ს ამჯერად სამზარეულოში თიკა ფაცაციამ ცეცხლოვანმა სალათით უმასპინძლა.

_MG_2695

ალბათ, როგორც ყველა გოგო, თიკაც სამზარეულოს მაგიას პირველად დედის წყალობით გაეცნო. შემდეგ უკვე დეიდას ეხმარებოდა გემრიელი ნამცხვრებისა და ტორტების ცხობაში. სამზარეულოში საფუძვლიანად უკვე მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც ოჯახი შექმნა და საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა. გემრიელი კერძების მოსამზადებლად, ხან საქართველოში, დედასთან რეკავდა, ხან კი თავად ცდილობდა საინტერესო რეცეპტები მოეძიებინა.

„წარმოდგენით ვაკეთებ ხოლმე საჭმელს. კონკრეტული ინგრედიენტების კონკრეტული გემოები მამახსოვრდება და ამის მიხედვით მივდივარ რეცეპტამდე. საჭმლის მომზადების ანბანი ვიცი, შემდეგ კი უკვე თავად ვიგონებ. ერთხელ მახსოვს ჩემს ძმას ჩავაკითხეთ კანარის კუნძულებზე. გადავწყვიტე მომემზადებინა მისთვის საჭმელი. გავუკეთე წვნიანი, აჯაფსანდალი და ხორციანი კერძი – ყველაფერს ერთი გემო ჰქონდა. ძალიან შემრცხვა, მართალია არავინ არაფერი მითხრა, მაგრამ მაინც. ამის შემდეგ გადავწყვიტე კიდევ უფრო დავახლოებულიყავი კულინარიასთან.“

კულინარია და სამზარეულოში ფუსფუსი თიკას ყოველდღიურობა ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა ამ საქმეს
ხელს ჰკიდებს ყოველთვის განსხვავებულ და განსაკუთრებულ კერძებს ამზადებს. მისი პირველი და მთავარი შემფასებლები შვილები არიან, რომლებსაც ყველაზე მეტად სწორედ, დედის მომზადებული საჭმელები მოსწონთ.

– „ყველაზე მეტად უფროსს, ანდროს, უყვარს ჩემი გაკეთებული საჭმელი, იმიტომ რომ მასაც უცნაური, არატრადიცული კერძები მოსწონს. ერთი და იგივეს ვერასდროს ვიმეორებ, არც მომწონს და აღარც გამომდის. კულინარიაში მრავალფეროვნება მირჩევნია. რაც შეეხება ამოჩემებულ კერძებს, ადრე ბრინჯის ნაირ-ნაირ ვარიაციებს ვაკეთებდი, ხან ფრინველის ხორცით, ხან საქონლის, ხან კიდევ სხვადასხვა სუნელებით, რომ განსხვავებული შეფერილობა მიეღო. ერთი პერიოდი ოჯახში პასტას ვაკეთედით ხშირად. ბავშვებს უყვართ და სულ იხსენებენ იმ დღეს, როცა ყველა სათითაოდ დავასაქმე და სადილისთვის ბოლონეზეს სოუსით პასტა მოვამზადეთ. ახლა თევზი მაქვს ამოჩემებული, მამა მიგზავნის ხოლმე ფოთიდან დიდ თევზებს და ვაცხობ ღუმელში. ზოგადად თევზი იმდენად სასარგებლოა, რომ როცა ეს კერძი გვაქვს, სხვას აღარაფერს ვაკეთებ.“

თიკა სამი შვილის დედაა და რთული მისახვედრი არაა, რომ ჯანსაღ კვებას ანიჭებს უპირატესობას. მავნე ჩვევას, ეჭამა არც თუ ისე ჯანსაღი საკვები, მეუღლემ გადააჩვია. ბავშვებმა კი ზუსტად იციან, რომ მათ სახლში მხოლოდ სასარგებლო საკვები კეთდება. ამიტომ თიკას მაცივარში ყოველთვის ბოსტნეული ჭარბობს.

„კულინArt“ – ის მკითხველისთვის თიკამ თავისი საყვარელი სალათი მოამზადა, რომელიც პირველად პარიზში, საქორწინო მოგზაურობის დროს გასინჯა. – „არ ვიცი ალბათ გარემომ იმოქმედა, ეს არის ჩემი საყვარელი სალათი, რომელსაც ყოველთვის მივირთმევ, როდესაც პარიზში ვარ. მისი მომზადება კი დამახსოვრებული გემოს მიხედვით გადავწყვიტე.“

„აზიური სალათი ქათმით“ 

_MG_2613

დაჭერით ლურჯი კომბოსტო, სტაფილო, 1 ც. ბულგარული წიწაკა, მწვანე ხახვი, ქინძი და შემწვარი ქათმის ფილე. (რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა) ეს ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში.

_MG_2724

Dressing-ისთვის დაგჭირდებათ 7 ინგრედიენტი: სეზამის ზეთი, სეზამის მარცვლები, ზეითუნის ზეთი, შაქარი, ლიმონის წვენი, სოიოს სოუსი და მაიონეზი. თითოეული მათგანი 2 ს.კ., ხოლო სეზამის ზეთი 2 ჩ.კ. კარგად აურიეთ და მოასხით სალათს.

_MG_2738

სალათთან ერთად თიკამ სეზონური ლიმონათიც მოგვიმზადა, რისთვისაც პიტნა, რამდენიმე მარწყვი,
მწიკვი დარიჩინი, შაქარი და ყინული გამოიყენა. ჩამოთვლილი ინგრედიენტები მოათავსეთ ბლენდერში და გემრიელი ლიმონათიც მზად არის.

_MG_2751

ფოტო: LIG STUDIO

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com