კულინარია მის ინსპირაციად სამზარეულოსა და ტანსაცმლის კოლექციაში პრაქტიკულად ერთდროულად იქცა. იტალიური სამზარეულოთი გატაცების პარარელურად, ანუკი არეშიძის გაზაფხული-ზაფხული-2016 წლის კოლექციაში ტროპიკული მოტივები გაჩნდა. კაბებზე, ჟილეტებსა და ფეხსაცმელებზე ხელით შესრულებულმა ანანასისა და მარწყვის გამოსახულებების ნაქარგობებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ანალოგიურად წარმატებულია დიზაინერის პირველი კულინარიული ნაბიჯებიც.
ინტერვიუ ანუკი არეშიძესთან
ანუკი, კვება და კულინარია რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის?
დიდი გურმანი ვარ! ჩემი მეგობრები ხშირად ხუმრობენ ამ თემაზე. საოცრად მიყვარს გემრიელი საჭმელი. როცა უცხოეთში ვარ, არც იქ ვერიდები ახალ-ახალი კერძების დაგემოვნებას. განსხვავებული, საინტერესო გემოს აღმოჩენა ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
რომელი ქვეყნის სამზარეულოს ანიჭებთ უპირატესობას?
ყველანაირი გემრიელი კერძი მიყვარს. სულ ერთია, სადაური იქნება, მაგრამ გამორჩეულ უპირატესობას მაინც იტალიურ სამზარეულოს ვანიჭებ. იქაური კერძები წარმოუდგენლად მიყვარს! იტალიურმა სამზარეულომ ყველაზე დიდი გავლენა იქონია ჩემი გასტრონომიული გემოვნების ჩამოყალიბებაზე. ამას იმითაც ვხსნი, რომ იტალიაში ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი, პრაქტიკულად გარდამტეხი ეტაპი გავატარე. შეიძლება ითქვას, მაშინ ვყალიბდებოდი ბევრი თვალსაზრისით. ესაა ქვეყანა, სადაც კვება უმაღლეს რანგში აქვთ აყვანილი და საუკეთესო რესტორნებითაც გამოირჩევიან. ყველაფერი მომწონს იტალიურ სამზარეულოში ძირითადი კერძები, აპეტაიზერები, დესერტები, ღვინო… მიყვარს ფრანგული და აზიური სამზარეულოც.
რომელ იტალიურ კერძს გამოარჩევდით?
აბსოლუტურად ყველაფერი მომწონს! რიზოტო, რავიოლი, მილანური კოტლეტი, კარბონარა… პასტაზე აღარც მაქვს საუბარი!
თვითონ თუ ამზადებთ?
ბოლო დროს ძალიან გამიტაცა კულინარიამ, მანამდე კი ძალიან დიდხანს ვერ ჩავწვდი სამზარეულოს საიდუმლოებას. როცა საცხოვრებლად თბილისში დავბრუნდით, იტალიისა და იტალიური კერძების დიდი ნოსტალგია მქონდა. ბოლო დროს YouTube-ს საშუალებით იტალიური რესტორნის მზარეულის კულინარიულ გაკვეთილებს ვუსმენ, რამაც სამზარეულოსთან დაკავშირებული ჩემი გამოცდილება მნიშვნელოვნად გაამდიდრა.
ქართული კერძები თუ გიყვართ?
ქართულ სამზარეულოზე ვგიჟდები! ყველაფერი მიყვარს ფხალეულის გარდა. განსაკუთრებით, ხორცი და ცომეული რაშიც ურევია. ხინკალი, მწვადი, ჩაშუშული ხორცი, ქათმის მწვადი შამფურზე…
ქართულ კერძებსაც ამზადებთ?
ვცდილობ, მაგრამ მაინცდამაინც კარგად არ გამომდის. ჩემი აზრით, ქართული კერძები ყველაზე რთული მოსამზადებელია. იტალიაში ვცადე ხინკლის, აჭარული ხაჭაპურის მომზადება, მაგრამ ძალიან გამიჭირდა. ქართველ დიასახლისებს გამორჩეულ კულინარებად ვთვლი იმის გამო, რომ ასეთ რთულ კერძებს ამზადებენ.
სტუმრებისთვის რას ამზადებთ ხოლმე?
ზოგადად, ძალიან მიყვარს, როცა მეგობრებს ჩემი მომზადებული კერძებით ვუმასპინძლდები. მეც მსიამოვნებს და თვითონაც მთხოვენ ხოლმე. ძირითადად, იტალიური კერძებს ვამზადებ. მართალია, ამ კერძების რეცეპტებს ინტერნეტით გავეცანი, მაგრამ რაღაც დეტალებს ვცვლი ხოლმე. შეიძლება, რომელიმე ინგრედიენტზე უარი ვთქვა ან პირიქით, თვითონ დავუმატო რამე. გემოს ასეთ ნიუანსებს კარგად ვგრძნობ.
დედა როგორი კულინარია?
დედაც და მამაც არაჩვეულებრივი კულინარები არიან. განაწილებული აქვთ, რომელი კერძი რომელს უკეთესად გამოსდის. მაგალითად, სალათები და ბაჟე დედას აბარია. მამა უფრო ექსპერიმენტატორია. ბავშვობიდან მივეჩვიე კარგ გემოს და დღეს, როცა თვითონაც ვამზადებ, საკუთარ თავთან ბევრი მოთხოვნა მაქვს.
ტკბილეული გიყვართ?
დესერტები საერთოდ არ მიყვარს. თუ რაღაც სასწაული არაა, არც ვსინჯავ. მხოლოდ ნაყინი მიყვარს ტკბილეულიდან და ხილი.
სასმელებიდან რას ანიჭებთ უპირატესობას?
ყავას საერთოდ არ ვსვამ. მიუჩვეველია ჩემი ორგანიზმი და გულს მიჩქარებს. პიტნის ან მწვანე ჩაი მიყვარს უშაქროდ. ბევრ წყალს ვსვამ, დღეში 3-4 ლიტრს. ვვარჯიშობ და ორგანიზმი მთხოვს წყალს. გაზიან სასმელს, მინერალურ წყლებს ნაკლებად ვეტანები. წყლის გარდა რაც ძალიან მიყვარს, ფორთოხლის ფრეშია.
ალკოჰოლური სასმელებიდან?
ღვინო მიყვარს, თეთრიც და წითელიც, მაგრამ ჩემი მაქსიმუმი ერთი ჭიქაა. მთენთავს და მაძინებს. ამიტომ დღის საათებში, სადილზე, თუნდაც ნახევარი ჭიქის დალევა გამორიცხულია. იშვიათად ვახშამზე თუ დავაგემოვნებ ცოტას. დანარჩენ ალკოჰოლურ სასმელებს, მაგალითად, არაყს, საერთოდ ვერ ვსვამ. ხილის კოქტეილი შეიძლება უფრო გავსინჯო, სადაც ალკოჰოლის გემოს ვერ ვგრძნობ.
კვების რეჟიმი მოწესრიგებული გაქვთ?
დილით, უდროობის გამო, როგორც წესი, ვერ ვსაუზმობ. ჩაის თუ დავლევ. უცხოეთში უფრო გამომდის კვების სწორი რეჟიმის დაცვა. იქ უფრი ადრე ვდგები და არსად მეჩქარება, შემიძლია მშვიდად ვისაუზმო კარაქიანი პურით ან კრუასანით. ვერ გეტყვით, რომ საათობრივად ვიკვებები, გვიან საღამოსაც მივირთმევ, მაგრამ იმდენად დატვირთული რეჟიმი მაქვს, დიდ ენერგიას ვხარჯავ და არ ვიმატებ.
ბავშვების კვებას დიდ ყურადღებას აქცევთ?
ჩემი სამივე შვილი ჩემნაირი გურმანია. საღამოობით წესად გვაქვს, რომ სანამ დაიძინებენ, პიცა უნდა გამოვაცხოთ, ფოკაჩა, პასტა ან პელმენები მოვამზადოთ. ბავშვების კვება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ვცდილობთ, რომ სოფლის ჯანსაღი პროდუქტები მიიღონ. ხილი, რძე ნატურალური გვაქვს. კახეთში მამას რამდენიმე ძროხა ჰყავს, რძე და ყველი მას ჩამოაქვს ჩვენთვის, მაწონსაც სახლში ვადედებთ. ბავშვები პრეტენზიულები საერთოდ არ არიან, გემრიელი ყველაფერი უყვართ, ერთადერთი ბევრი ტკვბილეულის ჭამას ვუშლი.
ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევთ?
ბავშვობიდან ძალიან სპორტული ვარ. ცურვაზე, ცეკვაზე დავდიოდი. ჩემი სხეული დღესაც სულ ითხოვს, რომ დატვირთვა მივიღო. ესეც რომ არ იყოს, გარკვეული ასაკის მერე უკვე ზრუნვაა საჭირო, რომ სასურველი ფორმა შეინარჩუნო. ეს მაძლევს მოტივაციას, რომ ჯანსაღად ვიცხოვრო. არ ვეწევი, ვვარჯიშობ, დილით ადრე ვდგები, ვცდილობ 1 საათზე გვიან არ დავიძინო და ა. შ.
დრო ყველაფრისთვის გყოფნით?
მთავარია დრო სწორად გაანაწილო. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ბევრი რამ მოასწრო. ვცდილობ, კარგად შევასრულო ის ფუნქციები, რაც როგორ ქალს, დედას თუ მეუღლეს მაკისრია. ვფიქრობ, ვახერხებ იმას, რომ ჩემი საქმეც მქონდეს და ამით შვილებსაც არაფერი დავაკლო. დილით ბავშვებს სკოლასა და ბაღში რომ გავისტუმრებ, სავარჯიშოდ მივდივარ, მერე ვწესრიგდები და სამუშაო დღე იწყება. ყოველდღიურად მიწევს მომხმარებლებთან შეხვედრა, ახალ კოლექციაზე მუშაობა. საღამოს, სახლში რომ ვბრუნდები, ვახშამს ვამზადებ და ყველანი ერთად ვაგემოვნებთ.
მეუღლეს მოსწონს თქვენი მომზადებული კერძები?
მას ჩემი მომზადებული ყველაფერი მოსწონს და, ზოგადად, ის მომენტი სიამოვნებს ძალიან, რომ საღამოს სახლში მეუღლის მომზადებული საჭმელი ხვდება. პარასკევს და შაბათს ხშირად გავდივართ ხოლმე და მეგობრებთან ერთად ვვახშმობთ. დანარჩენ დღეებში ჩემს მომზადებულს მივირთმევთ სახლში.
სამზარეულოს დიზაინი, ნივთები მნიშვნელოვანია თქვენთვის?
სამზარეულო ძალიან მნიშვნელოვანი სივრცეა. მოძრაობის საშუალება უნდა მქონდეს. ყველანაირი აქსესუარი მიყვარს, რაც კერძების მომზადებისას შეიძლება დამჭირდეს – დამხმარე ნივთები, ჭურჭელი, შესაბამისი ფორმისა და ზომის ქვაბები და სხვ.
რომანტიკული ვახშამი როგორ გარემოსთან ასოცირდება თქვენთვის?
საერთოდ, ძალიან რომანტიკული არ ვარ, თუმცა ასეთი ვახშმისთვის მშვიდ სივრცეს ვამჯობინებ, სადაც ცოცხლი მუსიკაა და ხალხმრავლობა არ გაწუხებს.
თქვენი და თქვენი მეუღლის პირველი ვახშამი თუ გახსოვთ?
ერთმანეთი მილანში გავიცანით და პირველ ვახშამზე ქათმის ხორცისგან მომზადებული კერძი მივირთვით. კიდევ დესერტი, რომელსაც „შოკოლადის ყუთი“ ჰქვია. საოცარი ნამცხვარია, კვადრატული ფორმის, კოვზს ჩაარჭობ და ცხელი შოკოლადი გადმოიღვრება, ზემოდან კი ჩაის ხის ნაყინი აქვს.
საკუთარ თავს, როგორც კულინარს, როგორ შეაფასებდით?
ალბათ, როგორც თამამსა და გაბედულს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პირველ ნაბიჯებს ვდგამ ამ სფეროში, იმედს არ ვკარგავ, რომ წლების მერე კარგ აჭარულსაც გამოვაცხობ. რამდენჯერმე რომ ვცადე და გამომივიდა, გავთამამდი და წარმოუდგენლად გამიტაცა. საოცარი რელაქსაციაა! გადაწყვეტილი მაქვს, რომ საფუძვლიანად მივყვე. ის, რაც არ მიყვარს, რეცეპტების წიგნებია. არ მომწონს, ზუსტად რომ გასწავლიან რა და როგორ მოამზადო. ყოველთვის უკეთესია ფანტაზიას მიჰყვე.
ხამანწკებისა და კრევეტების სალათი
კრევეტებს ცოტა ხნით ლიმონიან წყალში ვალაგებ, კვერცხის გულსა და ფქვილში ვავლებ და ადუღებულ ზეთში სულ რამდენიმე წამით ვყრი. სალათის ფურცლებს, გახუხულ და წვრილად დაჭრილ პურს ვუმატებ. ზემოდან სოიოს დესერტის სოუსს ვასხამ, რომელსაც მოტკბო გემო აქვს, ფორთოხლის ცედრას, ცოტა ნიგოზს ვაყრი, ზეითუნის ზეთს ვასხამ და ერთმანეთში ვურევ.
ღორის სტეიკი იტალიურად
მოხარშულ კარტოფილს დავჭრით, ცალკე ღორის სტეიკს შევწვავთ და გვერდით მივუდებთ. თხლად დაჭრილ კამა სოკოს ნაღებში მოვთუშავთ და სტეიკზე მოვათავსებთ, ზემოდან კი პომიდორს დავაჭრით.
ფოტო: ანა ბოკო