ჩემი იაპონია

საკუთარი თავისთვის ხშირად დამისვამს კითხვა – სად მინდა მოგზაურობა? – პასუხი კი თითქმის ყოველთვის, რომელიმე ევროპული ქვეყანა იყო. ალბათ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ევროპაზე ადრე, აზიის ქვეყნებში მომიწევდა მოგზაურობა, და კიდევ, იმას უფრო ვერ ვიფიქრებდი, რომ მსოფლიოში ყველაზე განვითარებულ და კულტურულად მდიდარ ქვეყანაში მოვხვდებოდი. იაპონიაში წასვლა მარტივი არ არის, თუმცა მე გამიმართლა, მოწვევა გამომიგზავნეს და მივლინების დაგეგმვაც დავიწყე. პირველი დადებითი ემოცია ამ ქვეყნის მიმართ ჩვენს საკონსულოში გამიჩნდა, როცა დაგვიანებით მივედი ელჩთან გასაუბრებაზე. ვიზისთვის დოკუმენტების ჩაბარების დრო ამერია, არადა წასვლამდე სულ რამდენიმე დღე მქონდა დარჩენილი, ბილეთებს კი უკვე ვეღარ გადავცვლიდი; საკონსულოში, ჩემდა გასაოცრად, მომისმინეს და გაოგნებული დავრჩი, როდესაც პასპორტი დაიტოვეს და 3 დღეში ვიზის გასატანად დამიბარეს. აი, ზუსტად იმ მომენტში, საბოლოოდ გავაცნობიერე, რომ ყველაზე კულტურულ და მაღალი ღირებულებების ქვეყანაში მივდიოდი.

Culinart_11_PRINT48

Culinart_11_PRINT49

რეისი: თბილისი-სტამბული-სტამბული-ტოკიო

„ნარიტას“ აეროპორტში ჩასვლისთანავე, გრძნობ ამ ქვეყნის კულტურისადმი მაღალ მისწრაფებებს. მომსახურე პერსონალი მუდმივად გიღიმის, გიგვარებს მინიმალურ პრობლემას და გულისყურით გისმენს. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ენა უმრავლესობამ არ იცის, ამ ფაქტმა არ უნდა შეგაშინოთ, რადგან თითოეული იაპონელი ჟესტების მეშვეობით მარტივად მიგახვედრებთ ყველაფერს, თან ისე, რომ შემდეგი კითხვის დასმა აღარ დაგჭირდეთ.
სანამ აეროპორტიდან გამოხვალთ, აუცილებლად მიაკითხეთ სავალუტო ჯიხურს, რადგან იაპონური იენის გარდა, ქალაქში სხვა კუპიურით ვერაფერს შეიძენთ.
და აი, ჩემი მოგზაურობაც იწყება!
ტოკიოს აეროპორტში საღამოს ჩავფრინდი, ამიტომ გზად „დისნეი ლენდის“ და „ტოკიო თაუერის“ გარდა, სხვა ღირშესანიშნავი ვერაფერი დავინახე, სამაგიეროდ მოვიხიბლე ავტობანით, სადაც ყოველ რამდენიმე კილომეტში გარკვეულ საფასურს იხდი, იმისთვის რომ გზა გააგრძელო. ჩვენ ტოკიოდან იოკოჰამასკენ მივდივართ.

横浜市 – იოკოჰამა

სახლში დაღლილები მივედით, მაგრამ მასპინძლებს უარს ვერ ვეტყოდით, როდესაც სავახშმოდ წასვლა შემოგვთავაზეს, თან გამოგიტყდებით და იაპონური სამსაზარეულო ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა. აქაური კერძები, რომ ცალკე ხელოვნების ნაწილია, ეს ყველამ ვიცით და მეც ველოდები, რომ პირველი კულინარიული შოკი მივიღო, მაგრამ შევცდი. ჩემდა გასაოცრად, იტალიურ რესტორანში აღვმოჩნდი, რომელიც სახლთან ახლოს მდებარეობდა.
როგორც მასპინძლებმა მითხრეს, იაპონურ ტრადიციულ კერძებს მოგზაურობის განმავლობაში დავაგემოვნდებდით. რადგან, იტალიურ რესტორანში ვიყავით, ვიფიქრე ნაცნობ კერძს შევუკვეთავ და ამიტომ მენიუდან პიცა ავარჩიე, მაგრამ აქაც ვინ მომისმინა?! სუფრაზე მიდიებისა და კრივეტების სალათი და ქათმის ფრთები მოგვიტანეს. დიდად, არც ერთი კერძის მოყვარული არ ვარ, ამიტომ ყველაზე ნაცნობი – ქათმის ფრთებით დავიკმაყოფილე შიმშილი. რესტორანში დიდხანს არ დავრჩენილვართ. ვივახშმეთ, დავგეგმეთ მეორე დღე და დავიშალეთ.
ფრენისგან დაღლილს მალე ჩამეძინა. დილიდან კი ქალაქის დათვალიერება დავიწყეთ. იოკოჰამა, ტოკიოს შემდეგ, სიდიდითა და მოსახლეობით მეორე ქალაქია. ის ტოკიოს ყურეში მდებარეობს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზღვაო პორტით გამოირჩევა.
ქალაქში სანახავი ბევრია, მაგრამ დროის სიმცირის გამო ყველაფრის ნახვა ფაქტობრივად შეუძლებელია, თან მაშინ, როდესაც ტოკიოც უნდა დაათვალიერო. ამიტომ იოკოჰამას სავიზიტო ბარათ „Landmark Tower“-ის სანახავად წავედით. შენობა ქალაქში ყველაზე მაღალია და ის 69 სართულისგან შედგება. „Landmark Tower“ სავაჭრო ცენტრია, სადაც ყველა ცნობილი ბრენდის მაღაზიებსა და სხვადასხვა რესტორანს შეხვდებით. ბოლო 69-ე სართულიდან კი 360 გრადუსიანი ხედი იშლება მთელ ქალაქზე. აქვე შეგიძლიათ ბევრი სამახსოვრო სუვენირის შეძენა.
„Landmark Tower“-ის ქვევით კი ექსტრემალური ატრაქციონებია, აქვე მოხალისეები სხვადასხვა წარმოდგენას მართავენ; ჩვენ ცეცხლოვან შოუს შევესწარით; ამის შემდეგ კი „Osanbashi Pier“-ში წავედით, ანუ იოკოჰამას ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტერმინალთან, საიდანაც ტურისტები ქალაქში შემოდიან. აქედან იშლება ულამაზესი იოკოჰამას პანორამა და ეს ადგილი განსაკუთრებით საღამოს არის ლამაზი, როდესაც ქალაქის მთავარი განათებები ირთვება.
თუ „სელფების“ გადაღება გიყვართ, „Osanbashi Pier“-ში საუკეთესო ხედებს შეარჩევთ.

Welcome To Japanese restaurant “Umenohana”

Culinart_11_PRINT111_Page_090

„Umenohana”-ს რესტორნების ქსელი ყველაზე პოპულარულია იაპონიაში. ჩვენმა მასპინძლებმაც აქ წამოგვიყვანეს, იმისთვის რომ იაპონურ კულინარიაზე სწორი წარმოდგენა შეგვქმნოდა. რესტორანი ერთ-ერთი მაღალი შენობის ბოლო სართულზეა. საკმარისია ფეხი შეადგა და მაშინვე ხვდები, რომ ტრადიციულ იაპონურ გარემოშ იმოხვდი. რესტორანში შესვლისთანავე ფეხსაცმლის გახდას მოგთხოვენ, იმისთვის რომ პატივი ვცეთ ამ ქვეყნის უძველეს ტრადიციებს.
მე, რესტორნის ინტერიერმა „Kill Bill”-ის პირველი ფილმის გადასაღები მოედანი გამახსენა, სადაც ბოლო ჩხუბის სცენებია გადაღებული (გრძელი – ვიწრო კორიდორი და გვერდიგვერდ ჩამწკრივებული კუპეები).
შევედით ჩვენს „ოთახში“ და დავსხედით მაგიდასთან. მაგიდა ჩვეულებრივი არ გეგონოთ, ის იაპონური ტრადიციების ყველა ელემენტის მიხედვით არის გაწყობილი. სუფრაზე იაპონური ჩხირები, თბილი პირსახოცი და მაგიდის შუაში ორი დიდი მეტალის კონსტრუქცია დაგვხვდა. მენიუ კი- ნამდვილი ხელოვნების შედევრივითაა, მაგრამ შიგნით რა წერია ვერაფრით მიხვდები, ამიტომ სასურველია რესტორანში იმასთან ერთად წახვიდეთ ვინც აქაურ ენას კარგად ფლობს.
ტრადიცული იაპონური მენიუ რამდენიმე კერძისგან შედგება. სუფრაზე პირველად იაპონური მწვანილი, ნაღები სოიოს წვენში და იუბა (ქაფმოხდილი სოის რძე) მოაქვთ. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, თან ახლავს იაპონური სასმელი საკე, რომელიც ბევრად უფრო ძლიერი ალკოჰოლი მეგონა, ვიდრე სინამდვილეში იყო.
ამ კერძის მერე შემოვიდა კიმონოში ჩაცმული ქალბატონი და ორი დიდი მეტალის ჯამი შემოიტანა, რომელიც მაგიდაზე – მეტალის კონსტრუქციაზე დადო. თავიდან ვერ მივხვდი და თურმე ეს მეტალის კონსტრუქცია ღუმელის ფუნქციას ასრულებს, სადაც რძე უნდა ადუღდეს, იმისთვის რომ ნაღები გაიკეთოს. (იაპონელები ნაღებს, როგორც გარნირს, ისე მიირთმევენ) ვისაც ნაღები არ უყვარს, ჩათვალეთ, რომ რესტორანი არასწორად შეარჩიეთ, რადგან აქ თითქმის ყველა კერძს ნაღებით მოგიტანენ.
ნელ-ნელა მივირთმევ მწვანილს, იმ იმედით, რომ შემდეგი ულუფა უფრო გემრიელი იქნება. აქ კი უკვე გამიმართლა და თევზი მოგვიტანეს. სხვა დანარჩენი კი მიმტანს გავატანე, რომელიც გაოგნებული სახით მიყურებდა, რომ ყველაფერი ზუსტად ისე დავტოვე, როგორც თავიდან მოიტანა.
თევზის შემდეგ, ისევ სოიოს წვენი და ბრინჯის მსგავსი კერძი შემოიტანეს, რომლითაც დიდად აღფრთოვანებული არ დავრჩი, მაგრამ ვერაფერს გავხდები, ასეთია იაპონური სამზარეულოს თავისებურებანი.
შემდეგ ისევ თევზის რამდენიმე სახეობა მოიტანეს, ყველაზე გემრიელი ჩემთვის „გინდარა“ იყო, რომელიც ლიმონით იჭმევა. თუმცა ამ ყველაფერს მაინც თან ახლდა სოიოს სოუსი და რა თქმა უნდა, ნაღებიც.

ბოლოს, დესერტამდე ბრინჯი მოიტანეს და როგორც აგვიხსნეს, იაპონურ სამზარეულოში ბრინჯი ბოლო კერძად მოდის, რადგან მანამდე უნდა გასინჯო ყველაფერი.
დესერტი, რომ მეგონა ყველაზე გემრიელი უნდა ყოფილიყო, აქაც მცდარი წარმოდგენა მაქვს, რადგან ორ ჩხირზე წამოცმული ბრინჯის პუდინგი მოგვართვეს. ყველაზე მეტად ვახშმის ბოლოს ჩაის დალევა გამიხარდა.
ვახშამი საკმაოდ ხანგრძლივი გამოვიდა, ამ პატარ-პატარა კერძებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინეს, ამიტომ მთელი დღის დაღლილი, ფაქტობრივად მშიერი დავრჩი. თუმცა, ბოლომდე ჩემს გემოვნებას ნუ ენდობით, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ტრადციული კერძები თქვენთვის საკმაოდ გემრიელიც იყოს. უბრალოდ მე სოიოს დიდი მოყვარული არ ვარ და ამიტომ ვერ მოვიხიბლე ამ კონკრეტული რესტორნის მენიუთი. სამაგიეროდ, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ადგილმა, სადაც ვიყავით, რადგან რესტორნის ბოლო სართულიდან კარგად ჩანდა მთელი ქალაქი, ჩემი ყურადღება კი სახლების სახურავზე დამონტაჟებულმა ფეხბურთის და ბეისბოლის მოედნებმა მიიქცია, შეიძლება ეს იაპონელებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მე, მსგავსი სანახაობა ცხოვრებაში პირველად ვნახე.
რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ ჩვენმა მასპინძლებმა სახლამდე მიყვანა მანქანით შემოგვთავაზეს, მაგრამ მე უარი ვუთხარი, ვითომ მეტროთი მინდოდა გასეირნება, სინამდვილეში კი ერთი სული მქონდა წასულიყვნენ, რომ იქვე „Starbucks“- ში შევსულიყავი.
აი, ასეთი იყო პირველი დღის შთაბეჭდილებები, შემდეგ ნომერში უკვე ტოკიოში ვიმოგზაურებთ.

Culinart_11_PRINT50

Culinart_11_PRINT51

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com