სტუმრად სამზარეულოში გვანცა დარასელია

DSC_4930

ჩემი წარმოსახვით გვანცა დარასელიას სამზარეულო დიდი და ფერადი უნდა ყოფილიყო, თუმცა ინტუიციამ მიღალატა და გვანცასთან შავ-თეთრი სამზარეულო დამხვდა. პირადად მე, ამ ფერების შეხამება ძალიან მომწონს, ჩვენს მასპინძელს კი თავისი სამზარეულო უკვე მობეზრებული აქვს და ბევრად დიდ, იზოლირებულ „სამუშაო“ კუთხეზე ოცნებობს. ბევრი დამეთანხმება იმაში, რომ გვანცა კარგი დიასახლისია და მისი მომზადებული კერძები ყოველთვის ყველასათვის დასამახსოვრებელია.ყველაზე მხიარული, ენერგიული და ლამაზი ტელეწამყვანი გვანცა დარასელია „კულინArt-ს“ სამზარეულოში მასპინძლობს და საკუთარ კულინარიულ გამოცდილებასა და სააღდგომო ტრადიციებზე ესაუბრება.

პირველად სამზარეულოში
„პირველი შეხება, რა თქმა უნდა, იყო ოჯახში, როდესაც დედა კერძებს ამზადებდა. მე ყოველთვის ვეხმარებოდი ანუ ინგრედიენტებს მაძლევდა და ვჭრიდი ხოლმე. ძალიან მიყვარდა ეს საქმიანობა. ჩემს დაჭრილ ინგრედიენტებს დედა შემდეგ კერძს უმატებდა. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ ამ დროს მეგონა, საჭმლის კეთება უკვე ვიცოდი.
პირველი კერძი, რომელიც დამოუკიდებლად მოვამზადე, იყო სალათი „ოლივიე“, ასევე ვიცოდი ბორშჩის გაკეთებაც. ჩემი „ოლივიე“ ყველას ძალიან მოეწონა და დღემდე ზუსტად ისე ვაკეთებ, როგორც ბავშვობაში.“

სამზარეულოს ინტერიერი
„მიმაჩნია, რომ სამზარეულო დიდ როლს თამაშობს ინტერიერში, ვერ ვიტყოდი, რომ ჩემი შავ-თეთრი სამზარეულო ბოლომდე მაკმაყოფილებს, სულ ვამბობ, ახალი სახლი რომ მექნება, აბსოლუტურად განსხვავებულს გავაკეთებ. აქამდე არ მქონდა პრაქტიკული გამოცდილება, თან სახლის განლაგებამაც არ მოგვცა საშუალება, დიდი და იზოლირებული სამზარეულო გაგვეკეთებინა. ვფიქრობ,რომ სამზარეულო აუცილებლად უნდა იყოს ცალკე, არ უნდა იყოს შავ-თეთრი, იმიტომ რომ ძალიან მომბეზრდა. დიდი სამუშაო სივრცე უნდა მქონდეს და ბევრი სათავსო. მიმაჩნია, რომ საუზმე, სადილი და ვახშამი სამზარეულოში უნდა მივირთვათ.“

ამოჩემებული კერძი
„ამოჩემებული მაქვს ის კერძი, რომელიც ოჯახში მოსწონთ. მაგალითად, ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს ქათამი და ყველა კერძი, რაც ამ პროდუქტით მზადდება. შესაბამისად, ხშირად გვაქვს ჩახოხბილი, შემწვარი ქათამი ბოსტნეულით, ქათამი ტკბილ-ცხარე სოუსში. პირადად მე მიყვარს საქონლის ხორცი და ხშირად ვანაცვლებ ხოლმე; მიყვარს ბოსტნეულის და ხორცის სხვადასხვა ვარიაციები; ასევე ხშირად ვიგონებ კერძებს; არასოდეს ვეძებ ინტერნეტში, რამდენჯერაც ვცადე ინტერნეტით რეცეპტის მოძიება, იმდენჯერ არ გამომივიდა კერძი. მთავარია, მივხვდე კერძის ძირითად პრინციპებს და შემდეგ თავად ვუხამებ ინგრედიენტებს. ვფიქრობ, ასე უფრო გემრიელი გამოდის.“

Culinart_11_PRINT111_Page_039

„სხვა შუადღის“ პარასკევი
„მერიკოსთან გატარებულმა ყოველმა პარასკევმა, მიმახვერდა, რომ სულაც არ არის აუცილებელი იცოდე ბევრი კერძის რეცეპტი და მათი მომზადება, მთავარია, იცოდე ძირითადი პრინციპები. მაგალითად, ძალიან გახურებულ ტაფაზე ნიორს თუ დავყრით, ის აუცილებლად დაგვეწვება. რაც ყველაზე მთავარია, მერიკომ მასწავლა სოუსების გაკეთება. ამის შემდეგ კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მაცივრიდან სამუდამოდ გაქრა მაიონეზი.
„სხვა შუადღის“ დამსახურებით, ჩემი სამზარეულო გახდა უფრო ჯანსაღი და მრავალფეროვანი, დაემატა ბევრი ახალი პროდუქტი, რაც აქამდე არ ვიცოდი და რაც მთავარია, კერძების მომზადების დროს მომემატა სითამამე.“

აღდგომა და ოჯახური ტრადიციები
სააღდგომოდ, ოჯახში ყოველთვის გვაქვს მოხარშული წითელი კვერცხები. სამწუხაროდ, მე რაც მეუღლესთან და შვილთან ერთად ვცხოვრობ, თავად ვერ ვიღებ ამ პროცესში მონაწილეობას.
„მთავარ კერძს რაც შეეხება, ეს არის ჩაქაფული. პირადად მე ძალიან მიყვარს ხორცის და მწვანილის მიქსი. სწორედ ამიტომ, „კულინArt-სთვის“ გადავწყვიტე გამეკეთებინა ჩაქაფული, ოღონდ სხვანაირად. ცხვრის ხორცის ნაცვლად იქნება – საქონლის ხორცი; მწვანილი, რაც ჩაქაფულს ძალიან უხდება, ჩემს შემთხვევაში, იქნება სოუსის სახით.“

DSC_4860

მომზადების წესი:
•საქონლის ხორცი (სუკის ნაჭერი), შეგიძლიათ ცხვრის ხორციც გამოიყენოთ.
•ტარხუნა
•ოხრახუში
•ქინძი
•ნიორი
•ლიმონის ცედრა
•მარილი
•პილპილი
•ზეითუნის ზეთი

საქონლის ხორცი შევწვათ. მწვანილი დავაბლენდეროთ, სასურველია იყოს სქელი მასა და მოვასხათ ხორცს.
კერძის გარნირი – პრასი.

ფოტო: ირა კურმაევა

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com