ქრისტინე იმედაძე
თეთრი სამზარეულო და წინასაახალწლო განწყობა – ასეთია იყო პირველი შთაბეჭდილება, როცა ქრისტინესთან
სტუმრად მივედით. გადატვირთული რეჟიმის გამო, იშვიათად აქვს დრო იმისთვის რომ სამზარეულოში ხშირად იყოს, არადა ძალიან უყვარს, როდესაც მის მომზადებულ კერძებს მეგობრები და ოჯახის წევრები აგემოვნებენ.
პირველად 13 წლის იყო, როდესაც ბებოს რეცეპტით ტკბილი ფლავი მოამზადა.
– მონაკოში საბალეტო აკადემიაში ვსწავლობდი… იაპონელი ბავშვები მელოდებოდნენ რას გავაკეთებდი, გაოცებული სახეებით მიყურებდნენ, როდესაც ბრინჯს შაქარი და ცუკატები მოვაყარე, ყვიროდნენ და ხელებში მირტყამდნენ, რას შვრებიო? ☺ მერე კი მიირთვეს გემრიელად.
ქრისტინეს არ უყვარს სპეციალურად მომზადებული სადილი. უპირატესობას ცომეულს და კანფეტებს ანიჭებს, ანუ იმას, რაც მთელი ბავშვობა აკრძალული ჰქონდა.
რაც შეეხება ახალ წელს – წინათ ქრისტინე ბებოსთან და დეიდაშვილებთან ერთად აწყობდა ნაძვის ხეს. ბებიას
კერძების მომზადებაში ეხმარებოდა და 31 დეკემბერს დიდ ოჯახთან ერთად ეგებებოდა ახალი წლის მოსვლას. ბოლო 13-14 წელია, რაც ამ ტრადიციას გამოაკლდა და ახალი წლის შეხვედრა კონცერტებზე უწევს; ამიტომ დღეს, ქრისტინესთვის საახალწლო სამზადისი სამზარეულოსთან კავშირში არ არის. ის, რაც ზუსტად იცის, ახალი წლის დღეებში სუფრაზე უნდა დახვდეს – შოკოლადი და ჩურჩხელა, სხვა დანარჩენს მნიშვნელობა არა აქვს.
„კულინArt”-ისთვის გამონაკლისი დაუშვა და ახალი წლისთვის შვილ ტაისიასა, და დეიდაშვილ ნიკოსთან ერთად საახალწლო ორცხობილები გამოაცხო. – ეს ორცხობილა სულ მხვდება საზღვარგარეთ მაღაზიის დახლებზე, ნაძვის ხეებზე, ინტერნეტში, ჩემს საყვარელ თამაშ შიმს – ში, იქ ხშირად ვაცხობ (ტელეფონში), წელს პირველად დავფიქრდი, რომ არასოდეს გამისინჯავს და ამიტომ გადავწყვიტე პატარა ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და ჯანჯაფილის ორცხობილასპეციალურად „კულინAრტ“- ისთვის გამომეცხო. ჩემთან ერთად ამ ექსპერიმენტში მონაწილეობა ტაისიამ და ნიკომავ მიიღეს.
ყველაზე მხიარულ და ამავდროულად, საპასუხისმგებლო პროცესში ყველაზე მეტად ბავშვები გაერთნენ. ტაისიამ ჯინჯერის ორცხობილა გულის და ვარსკვლავის ფორმებით გამოჭრა და სანამ ამ საქმით იყო გართული გაგვიმხილა, რომ ქრისტინეს ყველაზე გემრიელი მაწვნის წვნიანი და მჭადები გამოსდისო.
ქრისტინე: – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ავირჩიე ამ ორცხობილების გამოცხობა, რადგან მხიარული პროცესია. ვისიამოვნე იმითაც, რომ ბავშვობის დროინდელ საახალწლო სამზადისს ჰგავდა, ანუ წარსულში ვიმოგზაურე. ალბათ „კულინArt“-ი რომ არა, ამისთვის დროს ვერ გამოვნახავდი, ამიტომ დიდი მადლობა თქვენ“.
ტაისია: – ძალიან მომეწონა ქრისტინესთან ერთად სამზარეულოში ფუსფუსი. დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამ ორცხობილებს ყოველ დღე.
ინგრედიენტები:
* ჯინჯერი (კოჭა) – 1,5 ჩ/კ
* დარიჩინი – 1 ჩ/კ
* თაფლი – 150 გრ
* შაქარი – 200 გრ
* ფქვილი – 500 გრ
* კარაქი – 125 გრ
* კვერცხი – 1 ც
* სოდა – 1 ჩ/კ
მომზადება:
ჯანჯაფილი, დარიჩინი, თაფლი და შაქარი კარგად ავურიოთ ერთმანეთში და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, სანამ არ წამოდუღდება. ადუღების შემდეგ გადმოვდგათ, დავუმატოთ კარაქი და სოდა და ვურიოთ მანამ, სანამ ერთიანი მასა არ გახდება. შემდეგ დავუმატოთ კვერცხი და ფქვილი. მოვზილოთ ცომი და გამოვჭრათ ჩვენთვის
სასურველ ფორმებად. 15-20 წუთის განმავლობაში შევდგათ ქურაში. ორცხობილამ ფერი უნდა იცვალოს და შეიბრაწოს.