ზუკა შონიას ბლოგი

8_issue_culinArt24

გზა ჭოპორტამდე,  არც თუ ისე შორია…

დიდი გამბედაობა და ბევრი ფიქრი დამჭირდა, სანამ ამ სტატიის წერას დავიწყებდი.
პირველ რიგში იმიტომ, რომ პირველია და მეორეც ის, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას ეხება. თუ ბოლომდე გარკვევით და გასაგებად ვერ გადმოვეცი ჩემი აზრი და გულისტკივილი ნუ გამკიცხავთ, უბრალოდ ვიფიქრე, ამ გზით გამეზიარებინა ჩემი საფიქრალი.
საქართველოში და მითუმეტეს თბილისში, ხალხი ყოველთვის ცდილობს მსოფლიო მოდას არ ჩამორჩეს, დაწყებული ჩაცმულობიდან, დამთავრებული ცხოვრების სტილით. ეს ძალიან კარგია, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, სადაც ჩვენ ქართველები, ჩვეულ რადიკალიზმში და უკიდურესობაში გადავდივართ ხოლმე.
მოდურობაში შეჯიბრიც კი გვიყვარს ქართველებს: ჩემზე ცოტათი უფროსი თაობის ბევრი წარმომადგენლისგან გამიგია თუ რამდენ მათგანს ჰქონდა „პირველი ჯინსი“, ჩემს თაობაში ეს „პირველი კონვერსის კეტები“ იყო. მოდაში არის ხოლმე პროფესიებიც, მაგალითად: იურიდიული და ბიზნესი ჩვენთვის, ხოლო სამედიცინო და საინჟინრო, ჩვენი მშობლებისთვის. რაც შეეხება ცხოვრების სტილს, ადრე თუ ქუჩაში დგომა „ძველბიჭობა“ და ნარკოტიკები იყო მოდაში; დღეს საბედნიეროდ მუშაობა, ვარჯიში, ლიბერალური აზროვნება და ცხოვრების ჯანსაღი წესი უფრო და უფრო პოპულარული ხდება, და ამ შემთხვევაში სულაც არ აქვს მნიშვნელობა „პირველი“ ვინ იყო.
ახლა კი, ჩემს მთავარ სათქმელზე გადავალ და ქართული მოდის იმ ნაწილს შევეხები, რომელზეც რაღაც მეთქმის. ფეშენი ჩემი ძლიერი მხარე არ არის, მე ჯანსაღ ცხოვრებაზე კონკრეტულად კი, ჯანსაღ კვებაზე მინდა ვისაუბრო.
ჯანსაღი კვება პოპულარობას იხვეჭს, მაგრამ სამწუხაროდ ეს მოდის ხარჯზე უფრო ხდება, ვიდრე ცნობიერების გაზრდის. ამით იმას ვგულისხმობ, რომ ბევრის აზრით, მხოლოდ სალათის ჭამა ან ცხიმიანი საჭმლის არ ჭამა არის ჯანსაღი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ასე არ არის.
ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა საკვებში, ისევე როგორც დანარჩენ ცხოვრებაში და რადიკალიზმისგან თავის შორს დაჭერა, ნორმის ფარგლებში არცერთი საკვები პროდუქტი არ გავნებთ (და არც გაგასუქებთ). მაგრამ ესეც არ არის მთავარი! პირველი და უმთავრესი საკვებში არის, თუ საიდან მოდის, როგორ არის მოყვანილი (ან გაზრდილი), რამდენად ნატურალურია, არის თუ არა გენმოდიფიცირებული და ასე შემდეგ.
სამწუხაროდ, სოფლები ყოველ წელს უფრო და უფრო ცარიელდება, მაგრამ ჯერ კიდევ საკმარისად შემორჩა ხალხი, რომლებიც ზრუნავენ მშობლიურ მიწაზე და ჯანსაღ, ხარისხიან პროდუქტს აწარმოებენ. ჩვენი ქვეყნის
წარმოების დიდი ნაწილი ჯერ-ჯერობით არ არის ინდუსტრიალიზებული. სოფლების დაცარიელებას, დიდი შანსია შედეგად მოყვეს მიწების დიდი კომპანიებისგან შესყიდვა და ყველაფრის მასიურ წარმოებად გადაქცევა (ეს თუ მანამდე რუსეთმა არ მიითვისა ყველაფერი), აი მაშინ კი, ნამდვილად გაძნელდება ჯანსაღი კვების მოდის აყოლა. გენმოდიფიცირებული თესლები, ქიმიკატები, რომლის გარეშეც ისინი არ იზრდებიან; „ორ კვადრატულში” გაზრდილი, ანტიბიოტიკებით გაჭყეპილი საქონელი… ეს ყველაფერი თაობებს ავნებს, არა მარტო ადამიანს, არამედ მიწასაც. წლები შეიძლება დასჭირდეს, საჭირო მიწისთვის უწინდელი ნოყიერების დასაბრუნებლად. რაც შეეხება ადამიანს: უმრავლესობა ქიმიკატებისა, რომელსაც ძირითადად ინდუსტრიულ ფერმებში ხმარობენ,სიცოცხლეშივე ვნებს სხვადასხვა გზით; ხოლო გენმოდიფიცირებული პროდუქტი, ზოგიერთი კვლევის თანახმად, მომავალ თაობებში იჩენს თავს, სიმსივნისა და სხვადასხვა დაავადების სახით. გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ ეს დამტკიცებული არ არის, მაგრამ ყველა კვლევა ზეწოლის ქვეშ მიმდინარებდა და ზოგი შეჩერდა კიდეც;
ამის გარდა, კვლევების უმრავლესობა, რომლებიც საწინააღმდეგოს ამტკიცებენ მწარმოებელი კომპანიებისგან ფინანსდებიან; დასკვნები თქვენით გამოიტანეთ.
მე მესმის, თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ნატურალური პროდუქტის მოყვანა, გასაღება. ბევრი საქმისა და შედარებით ნაკლები მოსავალის გამო, ასეთი პროდუქტი ძირითადად უფრო ძვირია და ამ გაჭირვებულ, გასაცოდავებულ ქვეყანაში, ერთ მხარესაც ურჩევნია მარტივად მოყვანილი ან შემოტანილი პროდუქტი გაყიდოს და მეორესაც, რომ იყიდოს. ასეთი წუთიერი აზროვნება გვახასიათებს ქართველებს დაc თავს არ ვიწუხებთ გრძელვადიანი გეგმების დასახვით (ძირითად შემთხვევებში). ჩემი აზრით, საჭიროა ცოტა მეტი დაფიქრება, როდესაც საქმე ჩვენს ჯანმრთელობას და რაც მთავარია, მომავალს ეხება (მთელი ქვეყნის). არა მგონია, ეკონომისტის დიპლომი იყოს იმის გასააზრებლად საჭირო, რომ თუ ცოტათი მეტს გადაიხდი ადგილობრივ, ნატურალურ პროდუქტში და მწარმოებლებს მოთხოვნას გაუჩენ, უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოიჩენს ამ სფეროში მუშაობის სურვილს და ადგილობრივ ეკონომიკას დაეხმარები, რაც საბოლოოდ ისევ შენ და შენს ქვეყანას წაგადგებათ. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ჯანსაღი ნატურალური პროდუქტი ბევრად გემრიელიცაა.
საქართველოს, მიუხედავად თავისი მცირე ზომისა, სუბტროპიკულიდან დაწყებული, უდაბნოს მშრალი ჰავით დამთავრებული, ყველანაირი კლიმატი აქვს და ეს გვაძლევს გასაოცარ ბიომრავალფეროვნებას. ჩვენ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ბიომრავალფეროვნება დავიცვათ და გადავარჩინოთ. კომუნისტური რეჟიმის წყალობით, მრავალი ადგილობრივი ჯიში გადაშენდა, ან გადაშენების პირასაა ადგილობრივი ჯიშის ცხოველი იქნება ეს თუ მცენარე, ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ თაობებით, ევოლუციით არის მორგებული ამ ადგილს და არ სჭირდება ზედმეტი ქიმიკატები, მოსავლის მოსაცემად; მას მშრომელი, მზრუნველი, მცოდნე გლეხი სჭირდება.
ბევრის აზრით ერთი ადამიანი „სისტემის“ წინააღმდეგ უძლურია. არის ხოლმე პერიოდები, როდესაც მეც ამ აზრზე ვარ, მაგრამ უამრავი მაგალითი ჩემ გარშემო, საწინააღმდეგოს ამტკიცებს: ჟან ჟაკი, ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა საფრანგეთიდან საქართველოში და ძველი ქართული ჯიშის ხორბლისგან აცხობს ნატურალურ, უგემრიელესს პურს; რამდენიმე მეღვინე, რომლებმაც სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყეს ნატურალური ღვინის ჩამოსხმა და ქართულ ღვინოს, მსოფლიოს მაღალი დონის ღვინოებში, თავისი ადგილი დაუბრუნეს. მაგალითები კიდევ ბევრია და თითოეულ მათგანზე სასაუბროდ თითო სტატია არ არის საკმარისი, მაგრამ აზრი ის არის, რომ ერთ ადამიანსაც კი, (მითუმეტეს ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ყველა ყველას იცნობს) ბევრის შეცვლის უნარი აქვს.
განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ამ საკითხს, ახალგაზრდა მზარეულები უნდა მოვეკიდოთ, რადგან სწორედ ჩვენ ვართ, დამაკავაშირებელი ხიდი მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის. არ აქვს მნიშვნელობა სად მუშაობთ. დასვით შეკითხვები: საიდან მოდის პროდუქტი? ვინ არის მწარმოებელი? რა საშუალებებს იყენებს შესაწამლად? იყენებენ თუ არა ფერმაში ანტიბიოტიკებს? რა რაოდენობით? და ასე შემდეგ. გამოიყენეთ სეზონური პროდუქტი. გამონახეთ ცოტა დრო, მოძებნეთ ალტერნატიული, ადგილობრივი მომწოდებელი (მარტო სტაფილოს ან ხახვს, რომ გაწვდიდეთ) და დაარწმუნეთ თქვენი დამსაქმებელი, რომ ასე ყველასთვის უკეთესია. ერთ ადამიანს, თითოეულ ჩვენგანს, შეუძლია უდიდესი ცვლილება მოახდინოს უკეთესობისკენ, ერთად კი საკვებ და აგრონომიულ სფეროში, რევოლუცია შეგვიძლია მოვახდინოთ და ახალი სული, სიცოცხლე ჩავბეროთ მთელს ქვეყანას.
კიდევ ბევრი რამ არის ჩემს თავში და გულში რასაც გაგიზიარებდით, თითოეულ პროდუქტზე ძალიან ბევრს ვისაუბრებდი, მაგრამ არ მინდა თავი შეგაწყინოთ, იქნებ კიდევ დავწერო სტატია მომავალში და უფრო განვავრცო ეს თემა.
ამჯერად, ალბათ ესეც საკმარისია. იმედია, გასაგებად შევძელი ჩემი აზრის გადმოცემა. უფრო დიდი იმედი კი იმისი მაქვს, რომ თუნდაც ერთ ადამიანს დააფიქრებს ჩემი სტატია და დააყენებს ჭოპორტის გზაზე, რათა მოძებნოს, იქნებ კი შემორჩა ვინმეს სადმე ბოსტანში, ის ნამდვილი, ოდესღაც განთქმული პომიდორი.

8_issue_culinArt111_Page_048

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com