სტუმრად სამზარეულოში ნელი აგირბა

7_issue_culinart48

ნელი აგირბა

ნელიკო პირველად, რვა წლის წინ, საკუთარ სკოლის ბოლო ზარზე გავიცანი. მაშინ ის პირველი არხის ჟურნალისტი იყო და ჩემი სკოლის ბოლო ზარს აშუქებდა. დღეს კი, სპეციალურად კულინArt- ისთვის, სამზარეულოში მიმასპინძლა.
შეხვედრა წინასწარ დავგეგმეთ, რისთვისაც ის საგანგებოდ მოემზადა.
შვრია, ბანანი და ყველი – ეს ის ინგრედიენტებია, რითაც ნელიკო დიეტურ კრეკერს და ასევე დიეტურ გალეტებს მოგვიმზადებს. ნელიკო დღეს კურიერის წამყვანია. დატვირთული რეჟიმის გამო სამზარეულოში ფუსფუსისთვის დრო თითქმის არ რჩება, მაგრამ საღამოობით მაინც ახერხებს, რომ ბავშვებს გემრიელი და სასარგებლო საჭმელი მოუმზადოს. ჯანსაღი კვება – სამზარეულოში, მისი მთავარი პრიორიტეტია და თვლის, რომ ამით ბავშვებსაც სწორ მაგალითს აძლევს. „ დიდ სიამოვნებას ვიღებ იმის გაცნობიერებით, რომ სასარგებლო საკვებს მივირთმევ.“
პატარა ბავშვივით უყვარს შოკოლადი და ეს ერთადერთი საკვებია, რომელზეც უარის თქმა ძალიან უჭირს. რაც შეეხება ქართულ სამზარეულოს, ნელი მიიჩნევს, რომ ის ძალიან საინტერესო და მდიდარია, თუმცა თავად ნაციონალური კერძების დიდი მოყვარული არ არის. “ნაკლებად ვეტანები, ზედმეტად ცხიმიანი და ნიგვზიანია.” შესაბამისად, კულინარიულ ექსპერიმენტებს ხშირად ატარებს, რათა ბავშვების მენიუ მრავალფეროვანი გახადოს. ნებისმიერი კერძის მოზადებისას მის ძირითად პრინციპებს ეცნობა და შემდეგ უკვე იმპროვიზაციას მიმართავს. ექსპერიმენტის დროსაც, რა თქმა უნდა, მთავარი აქცენტი საკვების სიჯანსაღეზე კეთდება. ნელიკოს მომზადებულ კერძებს, შვილების გარდა, მეგობრებიც ხშირად აგემოვნებენ. მზიან ამინდში სამეგობრო ქალაქგარეთ პიკნიკებს მართავს, სადაც ტელეწამყვანი ყოველთვის თავისი მომზადებული კერძებით მიდის. თუ წონაში დაკლება გადაწყვეტილი გაქვთ და თან სასუსნავებს ვერაფრით ელევით, ნელიკოს მომზადებული დიეტური გალეტები და კრეკერები ნამდვილად თქვენთვისაა. კულინArt-ი მკითხელს მათი მომზადების რეცეპტს სთავაზობს.

დიეტური კრეკერი 

7_issue_culinart49

მომზადების წესი: დავფქვათ ნახევარი ჭიქა შვრიის ფანტელი; დავამატოთ შვრიის საშუალო ზომის ფანტელი; დავფქვათ ყველი გემოვნებით (სასურველია, იყოს მაგარი სახეობის); მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი; გამოსაცხობ ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტი. გავაბრტყელოთ მასა და წინასწარ დავჭრათ სასურველ ფორმებად. ვაცხობთ გამოშრობამდე. 

დიეტური გალეტები 

7_issue_culinart50

მომზადების წესი: ავიღოთ 200 გრამი საშუალო ზომის შვრიის ფანტელი. ნახევარი დავფქვათ, დავამატოთ შვრიის დაუფქველი ნაწილი, წვრილად დაკეპილი 1-2 ბანანი და თაფლი გემოვნებით- მეტი სიტკბოსთვის. მოვზილოთ ცომი. პერგამენტზე გადავიტანოთ სასურველი ზომის ბურთები. გალეტები ცხობისას ზომაში არ იმატებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ზედმეტად არ გამოაშროთ. 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com