ვახო ბაბუნაშვილის ბლოგი

იხვის ტოლმა და ბუს კვერცხები 

“იხვის ტოლმა/ბუს კვერცხები — ერთგვარი ეგზოტიკური კერძები, ძნელად საშოვარი დელიკატესები.” 

Margot Lescaut (facebook friend)

საქართველო, მიუხედავად გრძელი და ჩახლართული ისტორიისა, ისევ ახალგაზრდა ქვეყანაა. ჩვენ, ძალიან ბევრ სფეროში ეხლა ვიწყებთ გარკვევას, სწავლას, სხვადასხვა პროფესიის განვითარებას და მათ შორის კულინარიისაც.
დარწმუნებული ვარ, სულ რაღაც 10 წელიწადში საქართველო კავკასიის კულინარიული სამოთხე გახდება, ტრადიციებით, სიახლეებით, მოდერნიზმით … მინდა ერთ ბიჭზე მოგიყვე. თბილისელი იყო, თბილისში დაბადებული და გაზრდილი. მაშინ თბილისი უზარმაზარი იმპერიის, ერთ- ერთი პერიფერიის მთავარი ქალაქი იყო, ხოლო მოსკოვი ამ იმპერიის დედაქალაქი.
ამ ბიჭს ბავშვობიდან ჭამაც უყვარდა და ხუმრობაც. თბილისის პრესტიჟულ უბანში ერთ-ერთ სკოლაში სწავლობდა. სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ჯერ პერიფერიის მთავარ უნივერსიტეტში ჩააბარა, მისი წარმატებით დამთავრების შემდეგ კი, იმპერიის მთავარ უნივერსიტეტში გადავიდა და კარგი ბიოლოგი გახდა. კი არ უყვარდა ბავშობიდან მოსკოვი, მაგრამ მთავარი საქმეები მაშინ მანდ კეთდებოდა. ამბიციებიც დიდი ჰქონდა, ცოდნა, განათლება, ნიჭიც და მალე, მაშინ როცა დიდმა იმპერიამ ნგრევა დაიწყო და სხვა, უფრო მომცრო იმპერიად ყალიბდებოდა, ბედი ბიზნესშიც სცადა და ბევრი ფულიც იშოვა.
მრწამსით ლიბერტანიალელი იყო და თავისუფლება მიაჩნდა ყველაზე დიდ სიმდიდრედ.
ჯანიანი ბიჭი იყო და დიდი იუმორიც ჰქონდა. თუმცა წესრიგი უყვარდა. ბევრ რამეზე ფიქრობდა, ბევრი იდეა აწუხებდა.
ამ ბიჭის სახელია კახა ბენდუქიძე.
დიდი იმპერია რომ დაინგრა და მისი სამშობლო, ყოფილი პერიფერია, დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა და თვითგამორკვევა დაიწყო, უკან დაბრუნდა და ურთულესს რეფორმებს ჩაუდგა სათავეში. გახდა მთავრობის წევრი – ეკონომიკის მინისტრი, შემდგომ – ეკონომიკური განვითარების მინისტრი. შემდეგ დაინიშნა ქვეყნის სახელმწიფო მინისტრად – რეფორმების კოორდინაციის საკითხებში.იგი ითვლება ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმატორად. მისი უშუალო ავტორობით განხორციელდა ეკონომიკის დერეგულირების, ჯანმრთელობის დაცვის, საფინანსო სექტორის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, სანებართვო- სალიცენზიო სისტემის, ენერგეტიკისა და საჯარო სამსახურის მნიშვნელოვანი რეფორმირება, შრომის ბაზრისა და საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია. განახლდა პრივატიზაციის პროცესი.
ამ რეფორმების შედეგად მოქალაქეების ცხოვრება გაცილებით მარტივი გახდა.
ერთხელ თქვა: იყიდება ყველაფერი, სინდისის გარდაო და ამის შემდეგ გამყიდველს და იუდას ეძახდნენ. საკუთარი სახსრებით დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია ცოდნის ფონდი, დაარსა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, სადაც კულინარიული აკადემიაც შექმნა …
ბევრი შესძლო, მაგრამ ბევრის განხორციელებაში ხელი შეეშალა.
ყველას, უფროსს თუ უმცროსს თქვენობით ელაპარაკებოდა, მაგრამ თუ უტიფარ სულელს შეხვდებოდა, ძალიან უხამსად გაისტუმრებდა ხოლმე. უჭკუობის, გაუნათლებლობის და უტიფრობის მიმართ დაუნდობელი იყო. 90-იანების დანგრეულ ეკონომიკაში, კორუფციაში, კრიმინალში ცხოვრებისას, როცა თავისუფლებაზე ან კეთილდღეობაზე იწყებდი ლაპარაკს, ხშირად სკეპტიკოსები გპასუხობდნენ: თავისუფლება არა იხვის ტოლმაო, ჰოდა, ერთხელ კახა ბენდუქიძემაც იფიქრა “იხვის ტოლმის რეცეპტი რატომ არ არსებობსო”, გადაწყვიტა და მისი კულინარიული ფანტაზიების უყოყმანო და უბადლო შემსრულებელმა, ქალბატონ რუსიკოსთან ერთად შექმნა “იხვის ტოლმა”…
მე გასინჯული მაქვს მისი იხვის ტოლმა და ვთვლი, რომ იხვისგან მომზადებულ კერძებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესო რეცეპტია. ასეა, ასეთი იუმორის, იდეების და შესაძლებლობების ადამიანები ქმნიან ფუნდამენტურ რაღაცეებს და მათ შორის, მისი შექმნილი კულინარიული აკადემია ის მყარი ფუნდამენტია, რაზეც მომავალში ქართული კულინარია გაიზრდება და დარწმუნებული ვარ, მსოფლიო მაშტაბით გაითქვამს სახელს. სწორედ, ამ კულინარიულმა აკადემიამ შეცვალა მზარეულობა – კულინარობით, მზარეულის ხელოსნობა – კულინარის ხელოვნებით და ეს პროფესია პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი გახადა.
ამ პროფესიის შესასწავლად ახალგაზრდა, განათლებული, ინტერესიანი, უცხო ენების მცოდნე, ინტერნეტში მუდამ სიახლისთვის მძრომიალე ხალხი მიიზიდა და ეს იმ გარემოთი და იმ პედაგოგების მოზიდვით შეძლო, რასაც დღეს კულინარიულ აკადემიაში შეხვდები.
2014 წელს კახა ბენდუქიძე გულის უკმარისობით, ლონდონში პოლიტიკურ ემიგრაციაში ყოფნისას გარდაიცვალა. მის მტრებს გაუხარდათ, ძლიერი ინტელექტი და პრინციპული მოწინააღმდეგე აღარ ჰყავთ, მის მომხრეებს კი, დიდი ძალა გამოაკლდათ. უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში, მაგრამ ის ცვლილებები,
რაც მან დატოვა საქართველოში და უკრაინაში, თუნდაც რუსეთში, საკმარისი იქნებოდა რამდენიმე
ადამიანის უკვდავსაყოფად.

ერთხელ, ერთ-ერთ სატელევიზიო კულინარიულ-კონკურსში, ჟიურიში ვიყავი. მონაწილეები სწორედ, ამ კულინარიული აკადემიის სტუდენტები იყვნენ, ძალიან საინტერესო ხალხი, მას შემდეგ უმრავლესობასთან დღემდე გამომყვა მეგობრობა. აქ დავაგემოვნე მაგალითად, ქათქათა და მსუბუქ ქაფში ჯადოსნურად შენიღბული ქართული ტრადიციული შქმერულის გემო, თითქმის მოლეკულარული კულინარიის მეთოდით მომზადებული შქმერული, ძალიან საინტერესო ბადრიჯანი ნიგვზით და კიდევ სხვა კარგი იდეა.
ეს სტუდენტი-ახალგაზრდები, თავისი ასაკიდან გამომდინარე, ამბიციური და თავმომწონე ხალხია,
აქ ცოტა ქართული ხასიათიც ერთვება და შედეგად ვღებულობთ თამამ ექსპერიმენტებს ქართულ
სამზარეულოში, რაც განვითარების აუცილებელი პირობაა.
მათ მენტორებად, სხვადასხვა კარგი რესტორნების ძალიან საინტერესო შეფ-მზარეულები ჰყავთ, რომლებიც
გარდა თავისი პროფესიული გამოცდილებისა, ამ ხალხს ფანტაზიის თავისუფლების მაგალითსაც აძლევენ, მაგრამ მთავარი მაგალითის მიმცემი, მთავარი კრიტიკოსი, მთავარი სულისჩამდგმელი და მთავარი დეგუსტატორი მაინც, კახა ბენდუქიძე იყო, რომელმაც იხვის ტოლმის რეცეპტის შექმნა კი მოასწრო, მაგრამ ბუს კვერცხების შოვნა არ დასცალდა.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com