ბავშვთა კვება

7_issue_culinart6

ნინი ბუკია

"ვთვლი, რომ თბილი, კეთილი და ძალიან კარგი შვილები მყავს. "

“ცხოვრების არცერთ ეტაპზე მათთან პრობლემა არ მქონია, არც ღამე გამითენებია, რადგან ძალიან მშვიდი ბავშვები არიან. ორივე დამჯერი და წესიერია, სადაც არ უნდა ვიყოთ, არც მე და არც გარშემომყოფები მათი ყოფნით არასდროს ვწუხდებით… მიხარია, რომ ასე ხელს მიწყობენ, სხვანაირი შვილები, რომ მყოლოდა ალბათ გამიჭირდებოდა…
დღეს, ბავშვები განსხვავებულები არიან და ვფიქრობ, ეს მათი თანამედროვე მშობლების დამსახურებაა.
ჩვენ ვაღიარებთ დემოკრატიული ტიპის ოჯახს.
საკუთარ შვილებს ისე უნდა მოექცე,როგორც თანატოლს. უნდა მოიპოვო მათი პატივისცემა, ნდობა, ამის შემდეგ კი, ყველაფერი მარტივია. თუ ბავშვი გენდობა, ის კარგად მოიქცევა, არ გაჯიუტდება. დარწმუნებული ვარ, ჩემს შვილებს ბევრი პირადი სურვილები აქვთ, მაგრამ ყოველთვის იციან ჩვენი შესაძლებლობები და არ მახსოვს, მაღაზიაში შესულებს რაიმეს ყიდვა აეჩემებინათ. ერთხელ მახსოვს, მე და ჩემი მეუღლე აჩიკო ძალიან შევწუხდით, ბავშვებს ვკითხეთ, თუ რა საჩუქრები უნდოდათ თოვლის ბაბუსგან ახალ წელს,- ერთმა გვიპასუხა- ფურცელი, მეორემ კი, – ფანქარი.ნამდვილად ვამაყობ ორივე მათგანით, რადგან კარგად სწავლობენ, საუკეთესო ნიშნებს იღებენ და წარმატებულები არიან.
მაგალითად, მარიამი უკვე იბრძვის ქალთა უფლებებისთვის. მოითხოვა რომ საგურამოს საფეხბურთო სკოლაში გახსნან ჯგუფი გოგონებისთვის, ამის შესახებ სტატუსებს აქვეყნებდა სოციალურ სივრცეში და აღნიშნავდა, რომ გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვანია. მეამაყება რომ ასეთია, მეც ვამხნევებდი ამ
ინიციატივაში და ვეუბნებოდი, რომ სწორედ ასეთი ქალები ხდებიან მომავალში მარგარეტ ტეტჩერის თუ ჰილარი კლინტონის მსგავსნი.
ალექსანდრე ძალიან წარმატებულია სპორტში. კარგად თამაშობს ფეხბურთს, არაჩვეულებრივად ცურავს. ბაბუა ჰყავს ყოფილი წყალბურთელი. დედას ოცნებაა , ის ოლიმპიური ნაკრების კაპიტანი გახდეს. თუმცა, ეს ჩემი ოცნებაა, თავად კი, რაც უნდათ ის პროფესია აირჩიონ, მთავარია იყვნენ ბედნიერები და ჯანმრთელები.

ჩემი შვილები ჩემი მეგობრები არიან, თავისუფლად ვურთიერთობთ, გადაწყვეტილებებს ურთიერთშეთანხმებით ვიღებთ. თუ რომელიმეს შემთხვევით ვუყვირე, აუცილებლად ბოდიშს ვუხდი და ვუხსნი ეს რატომ მოხდა, ჯერჯერობით ჩემს ბოდიშს იღებენ.
მარიამზე ფეხმძიმედ, რომ ვიყავი, ყველა მეუბნებოდა: – აი, გააჩენ და მაშინვე იგრძნობ საოცარ ემოციასო… სიმართლე გითხრათ, რომ გავაჩინე იმწამსვე ვერ აღვიქვი ეს ყველაფერი, – გულწრფელად ვამბობდი – „ჯერ არ ვიცი ვინ არის…
ჩემი აზრით, ეს გაცნობიერებული დედობრივი დამოკიდებულება დროსთან, ზრუნვასთან, გამოცდილებასთან ერთად მოდის. მარიამი რომ დაიბადა, ახალშობილებზე ბევრი არაფერი ვიცოდი, ყველაფერი მასთან ურთიერთობით ვისწავლე.

მშობლებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, თუ როგორი ადამიანები იქნებიან ჩვენი შვილები. მნიშვნელოვანია, ყველანაირად ხელი შევუწყოთ შვილების განვითარებას, დავიცვათ ისინი კომპლექსებისგან. ჩემი მთავარი ამოცანაა, ხელი შევუწყო მათ, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ. მინდა ჯანსაღი ადამიანები გაიზარდონ. ჩემი საყვარელი კერძია- ბიფშტექსი. ჩემს შვილებსაც ხორცისგან დამზადებული კერძები უყვართ, განსაკუთრებით სტეიკი, შემწვარი ხორცი, შემწვარი ქათამი. დილით, ვცდილობთ ერთად მოვიფიქროთ საუზმე. ძირითადად სენდვიჩებს, ”ყიყლიყოს” ვამზადებთ, ან კვერცხს და სოსისებს ვწვავთ. თანამედროვე დედების კიდევ ერთი პრობლემა დატვირთული გრაფიკია, შესაბამისად, როდესაც ერთად ვართ, გვირჩევნია გარეთ ვჭამოთ. ოჯახის ყველა წევრს განსაკუთრებით უყვარსა აჩიკოს დედის მომზადებული კერძები. ის არაჩვეულებრივი კულინარია, უგემრიელეს სადილებს ამზადებს.
სიმართლე გითხრათ, არ ვარ „გადარეული“ ჯანსაღ საკვებზე, თუმცა ნამდვილად ვცდილობ. ვფიქრობ, პრობლემა არ არის ,თუ ბავშვები ხანდახან ჰამბურგერს შეჭამენ, შეიძლება ეს ჩემი მინუსია.
მე, ჩემს ჩემს მეუღლეს და ბავშვებსაც ძალიან გვიყვარს ქართული სამზარეულო, რომელსაც ჯანსაღ კვებას ნამდვილად ვერ ვუწოდებ.
მიხარია, რომ ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ხილი. ალექსანდრეს, შოკოლადი ან ვაშლი, რომ შესთავაზო აუცილებლად ვაშლს აირჩევს…

7_issue_culinart7

ფოტო: ანა ბოკო

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com