ლიზა ბაგრატიონი
იმპროვიზირებული კულინარია
ლიზას ბევრი წელია ვიცნობ. ტელევიზიისთვის, ჟურნალისთვის ხშირად ჩამიწერია, თუმცა ინტერვიუს ძირითადი თემა ყოველთვის მისი შემოქმედება იყო. ლიზა და კულინარია – შეიძლება ითქვას, რომ არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. კულინArt-ის გადაღების შემდეგ ბევრი რამ გავიგე მის გემოვნებაზე, კულინარიულ შესაძლებლობებზე, იმპროვიზაციაზე, მოკლედ, წუთში და განწყობის მიხედვით მოგონილ კერძებზეც კი.
ახლა მოგიყვებით, როგორი კულინარია ლიზა ბაგრატიონი, რომელიც კულინArt-ისთვის საგანგებოდ მოემზადა.
გადაღებაზე მისულს დაგვახვედრა ყველა ინგრედიენტი, რაც კერძების მომზადების დროს დასჭირდებოდა. სია
საკმაოდ ვრცელი იყო, მიხაკ-დარიჩინით დაწყებული კომშითა და შავი ქლიავით დამთავრებული. მარხვის პერიოდში სპეციალურად კულინArt-ისთვის ორი კერძი მოგვიმზადა: მწარე-მჟავე, აზიური ტიპის ფლავი და ტკბილი ფლავი. ამ გემრიელი კერძების მომზადების პროცესში, საკუთარ გემოვნებაზე მითხრა ორი სიტყვა. ,,ჩემი გემოვნება მრავალფეროვანია, მიყვარს ქართული, აზიური, ჩინური, ტაილანდური, იაპონური სამზარეულო. ყველაფერი მიყვარს, შემიძლია გითხრათ რა არ მიყვარს. ეს არის: ლობიო, ღომი (ელარჯზე ვგიჟდები) და ზეთის ხილი. ჩემდა სამწუხაროდ, დავასრულე. სხვა ყველაფერი შემიძლია ვჭამო”.
სახლში კერძების მომზადება არ უწევს, დედა არის ამ საქმის მედროშე. იმპროვიზაციას ძირითად შემთხვევაში, მეგობრების წრეში ან ნიკოლოზ რაჭველთან სახლში მიმართავს ხოლმე. რეცეპტების სწავლა არ უყვარს, კერძებს თავად იგონებს და აფორმებს კიდეც, რა თქმა უნდა გემოვნებით. ,,არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემი კერძი ვინმეს არ მოსწონებოდა. როდესაც ვამზადებ, მუსრს ავლებენ ხოლმე. რატომღაც ამ საქმეში ალღო არ მღალატობს”.
ლიზას ალღო რომ არ ღალატობს, ამაში კულინArt-ის გადამღები ჯგუფიც ერთ საათში დარწმუნდა მაშინ, როცა სამზარეულოში ნაირ-ნაირი სუნი დატრიალდა. ტაფაზე ხან ბოსტნეული ტკაცუნობდა, ხან ქვაბში კომში და მსხალი თუხთუხებდა, ხანაც ,,ბადაგონის” წითელი ღვინის სურნელი აბრუებდა იქ მყოფებს. ამ ყველაფერს თაფლში არეული შავი ქლიავი, ქიშმიში, ნიგოზი, რომ დაემატა დავრწმუნდი, რომ ლიზა ნებისმიერ გამოცდილ დიასახლისს ჯანსაღ კონკურენციას გაუწევს.
მაშ ასე, ლიზა ბაგრატიონის აზიური და ტკბილი ფლავი. რა თქმა უნდა, თეთრ და წითელ ნახევრად-ტკბილ ,,ბადაგონთან” ერთად:
აზიური ფლავი
ინგრედიენტები:
ბრინჯი, ხახვი, სოკო, წითელი და მწვანე ბულგარულის წიწაკა, ცუკინი და ,,პარი”. მცენარეული ზეთი და სოიო.
მომზადების წესი:
მცენარეულ ზეთში ვხარშავთ ბრინჯს, პარალელურად, ტაფაზე ვწვავთ ბოსტნეულს. ბრინჯი ერთმანეთს არ უნდა ეწებებოდეს, ხოლო ბოსტნეული არ უნდა იყოს ძალიან ჩათუშული. ამის შემდეგ ჩათუშულ ბოსტნეულს დავაყრით ბრინჯს და დავასხამთ სოიოს, ამოვურევთ. არასამარხვო პერიოდში ამ კერძის მომზადება შესაძლებელია თევზის, საქონლის ხორცისა თუ ქათმის გარნირად. გემრიელ აზიურ ფლავს უხდება ,,ბადაგონის” თეთრი ღვინო.
ტკბილი ფლავი
ინგრედიენტები:
ბრინჯი, მსხალი, ვაშლი, კომში, წითელი ღვინო, შავი ქლიავი, ქიშმიში, ნიგოზი, თაფლი, მიხაკ-დარიჩინი.
მომზადების წესი:
მოვხარშავთ ბრინჯს, პარალელურად ქვაბში, წითელ ღვინოსთან ერთად ვთუშავთ მთლიან ვაშლს, მსხალსა და კომშს.
ცალკე ვამზადებთ გულსართს:
ნიგოზს, შავ ქლიავსა და ქიშმიშს ვჭრით, ვუმატებთ მიხაკ- დარიჩინს და ვურევთ თაფლში.
მსხლის, კომშისა და ვაშლის ჩათუშვის შემდეგ ქვაბშივე ვათავსებთ თაფლში არეულ მასას.
ჩათუშული და დატენილი მსხალი, კომში და ვაშლი უნდა ჩავალაგოთ ბრინჯში და მოვასხათ ,,ბადაგონის”, წითელი ნახევრად-ტკბილი ღვინო.