ნათია ჩხარტიშვილის ბლოგი

5_issue_culinart91

ლონდონში მეიფეარის ცენტრში გაიხსნა რესტორანი Quattro Passi. მისი მეპატრონე და შეფ-მზარეული
ორი მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი ანტონიო მელინოა. ის ოჯახთან ერთად მშობლიური იტალიიდან ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. ანტონიოს მიზანია, ლონდონელებს იტალიური სამზარეულო მთელი თავისი ხიბლით გააცნოს.

ანტონიო, მისი ორი შვილი – ფაბრიციო და რაფაელე – და სამზარეულოს მთელი გუნდი, სტუმრებს განსაკუთრებული გემოვნებით მომზადებულ კერძებს სთავაზობენ.

რესტორნის მენიუს კერძები შედგება საუკეთესო პროდუქტებისგან, რომლებიც ლონდონში ანტონიოს მშობლიური იტალიიდან ყოველდღიურად ჩამოდის.

34 Dover Street, მე ყოველდღე ვსეირნობ ამ ქუჩაზე და ერთხელაც დავინახე ახალი რესტორანი – Quattro Passi. ამის შესახებ მოვუყევი ჩემს მეგობარ ნინის, რომელსაც ეს ამბავი ძალიან გაუხარდა. აღმოჩნდა, რომ იტალიაში ყოფნის დროს ის ხშირად სტუმრობდა ანტონიო მელინოს რესტორანს. ჩვენ გადავწყვიტეთ, აქაც ვწვეოდით ანტონიოს და უკეთ გაგვეცნო. მეორე დღესვე მივედით რესტორანში, მაგრამ მენეჯერმა გვითხრა, რომ იგი ერთი კვირის მერე გაიხსნებოდა. ჩვენ, როგორც ნამდვილი ქართველები, უკან დახევას არ ვაპირებდით, ამიტომ ვთქვით, რომ კარგად ვიცნობდით ანტონიო მელინოს და მასთან გასაუბრება გვინდოდა. რამდენიმე წუთში რესტორნის მთავარ ჰოლში ანტონიო გამოჩნდა. მან ნინი იცნო და როგორც რესტორნის პირველ სტუმრებს – გემრიელი პასტით, დესერტითა და შამპანურით გაგვიმასპინძლდა, მაგრამ არსად ჩანდა მოცარელა. თუ რატომ, ამაზე ანტონიომ გვიპასუხა, რომ ის ინგლისში არასდროს ყიდულობს მოცარელას, მხოლოდ იტალიიდან გამოგზავნილია მისთვის მისაღები.

5_issue_culinart92

რამდენიმე კვირის შემდეგ რესტორნის მენეჯერმა დამირეკა და მკითხა, თუ შემეძლო რესტორანში მისვლა. მე დავთანხმდი და არ შევმცდარვარ. მოცარელა, რომელიც იქ დავაგემოვნე, ვერცერთ მანამდე გასინჯულს ვერ შეედრება. ყოველ მეორე დღეს ბურატა და მოცარელა პირდაპირ ნაპოლიდან ჩამოაქვთ ლონდონში. რა თქმა უნდა, მე ანტონიოს რესტორნის მუდმივი კლიენტი გავხდი.

როდესაც ჩემმა მეგობარმა ბახვამ მთხოვა დამეწერა, თუ რომელი ახალი კერძი მომეწონა ბოლო დროს, მაშინვე ანტონიო გამახსენდა. ბახვა აუცილებლად იამაყებს, როდესაც მის ჟურნალში ორი მიშელინის ვარსკვლავის მფლობელ შეფმზარეულთან დაიბეჭდება ინტერვიუ. ჩემი ბავშვობის მეგობარი ამას ნამდვილად იმსახურებს.

17 ნოემბერს მე და ნინი ანტონიოს რესტორანში მივედით. თან მქონდა კამერა და კითხვების ჩამონათვალი. ანტონიოს ჩვენი ნახვა გაუხარდა, რამაც მეტი პოზიტივი შემოიტანა ინტერვიუში.

ანტონიო, მომიყევი როგორ დაიწყო ყველაფერი?

5_issue_culinart93

უპირველესად, დავამთავრე სკოლა, შემდეგ ვმუშაობდი სასტუმროში, ვიყავი გემის ეკიპაჟის წევრი. მოგვიანებით ერთ-ერთი პატარა გემის შეფ-მზარეული გავხდი. რამდენიმე წლის შემდეგ უკვე საკუთარი რესტორანი მქონდა ამალფიზე, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი. დღეს ლონდონში ვარ და მომხმარებელს წელიწადის დროების მიხედვით შედგენილ მენიუს ვთავაზობ, კერძებს კი უმთავრესად იტალიიდან ჩამოტანილი პროდუქტებით ვამზადებთ.

კითხვაზე, თუ რომელია მისი საყვარელი კერძი, მიპასუხა: „რა თქმა უნდა, პასტა!“ მას უყვარს პასტისა და თევზის სხვადასხვანაირად მომზადება. ის ზღვის სანაპიროზე დაიბადა და თევზი მისთვის ყოველდღიური მოხმარების
 პროდუქტი გახლდათ.

ძალიან უჩვეულოდ მომეჩვენა ფრაზა, რომ მას არასდროს გაუკეთებია ტორტი. მისი აზრით, ტორტის მომზადება განსაკუთრებულ ტექნიკას, გემოვნებასა და დროს მოითხოვს.

იყო შეფ-მზარეული, ეს ნიჭია, თუ ისეთი რამ, რაც შეიძლება ისწავლო?

რა თქმა უნდა, ნიჭი! თუ თქვენ წახვალთ მზარეულების სკოლაში, მხოლოდ მომზადების ტექნიკას შეისწავლით, მაგრამ ვერ შეიგრძნობთ, საიდან მოდის ყველაფერი და რა იმალება მის უკან.

მისთვის მზადების პროცესი რაღაც მისტერიული, იდუმალი, ექსპერიმენტული და რელაქსაციურია. 

ვკითხე, ატარებდა თუ არა ის ექსპერიმენტებს, რაზეც მიპასუხა: „ყოველდღე, რადგან ეს ჩემი წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამასთან, ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ იმ პროდუქტის ხარისხზეც, რომელსაც კერძების მომზადების დროს ვიყენებთ“.

ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ ლონდონზე, იქაურ რესტორნებზე, რომლებსაც ხშირად სტუმრობს იმის გასაგებად, თუ რა სიახლეებს გვთავაზობენ ისინი. კვირაობით ბევრს დადის ფეხით და არასდროს ივიწყებს, რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხარისხიან პროდუქტს.

5_issue_culinart94

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com