ფირი ერბოკვერცხზე გადავახვიოთ

5_issue_culinart43

ელდარ შენგელაია

დუბლი ერთი, დუბლი ორი, დუბლი სამი……

გადასაღები მოედანი, პროფესიონალი და არაპროფესიონალი მსახიობები, ეპოქის ალეგორია, თეატრალური ელემენტები, განათება, მონტაჟი, კადრებად დანახული ცხოვრება და ბევრი წარმატება. ამ ადამიანზე წერა დაუსრულებლად შემიძლია. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ ელდარ შენგელაიას „კულინArt“-ი უჩვეულო სივრცეში შეხვდა.

დატვირთული დღეების გამო, ოჯახში კერძების მომზადებასა და პროდუქტის შეძენაზე მას არასოდეს არავინ აწუხებდა. მეუღლე ყოველთვის ცდილობდა, ელდარისთვის ყველა ოჯახური საქმე აერიდებინა და საკუთარ საქმეში სრულად რეალიზებულიყო. ასე გრძელდება დღემდე. მხოლოდ „კულინArt“- ის თხოვნით უგემრიელესი კერძი მოამზადა, თუმცა, ამაზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე კი ფირი ერბოკვერცხზე გადავახვიოთ, იქ, სადაც ელდარ შენგელაიას კულინარია იწყება.

ზეთში შემწვარი ერბოკვერცხი, აუცილებლად ყველით ან პომიდვრით – ეს მისი საფირმო კერძი იყო მაშინ, როდესაც ქალბატონი ნელი ცოლად შეირთო. ამ ეტაპიდან კი ე.წ. ,,დამხმარის“ პოზიციაშია. თავად არ ამზადებდა, თუმცა, შესანიშნავად ეხმარებოდა მეუღლეს, მაგალითად, გოჭის დაჭრასა და სუფრის გაწყობაში. გამორჩეულად და, შეიძლება ითქვას, იდეალურად შეუძლია გოჭის დაჭრა. ახლა სახლში სტუმრიანობისთვის ემზადება. კვირას მისი მეგობრები შენგელაიებთან ხაშზე არიან დაპატიჟებულები. ქალბატონი ნელი მზადებაშია. სუფრა დიდ ოთახში უნდა გაიშალოს, დღე უკვე შერჩეულია – კვირა, ძირითადი კერძი – ხაში. მნიშვნელოვანია ოჯახის დიასახლისმა წინასწარ იცოდეს სტუმრების ზუსტი რაოდენობა, თუმცა, ეს ასე არ ხდება. ,,ელდარს ვინც დაურეკავს, ყველას ეპატიჟება ხოლმე. ასეთი ჩვევა აქვს“ – ამბობს მეუღლე. მასპინძელი ელდარი სუფრის გაწყობაში მიიღებს მონაწილეობას, საკუთარი ინიციატივით აუცილებლად წავა დიდ მარკეტში, საიდანაც სახლში იმ პროდუქტით დაბრუნდება, რომელიც ქალბატონ ნელის უკვე შეძენილი აქვს. შერჩევის კრიტერიუმი ამოუხსნელია. ძეხვი, წვენი, რძის ნაწარმი – ასე მეუღლისთვის გაუგებრად იცის ხოლმე ელდარ შენგელაიამ პროდუქტების არჩევა. ,,როდესაც გარეთ ვართ და ვეტყვი: წამოდი, ელდარ, სუპერმარკეტში შევიაროთ – ბავშვივით უხარია. სიამოვნებით მომყვება ხოლმე“.

ბევრისგან განსხვავებით, ელდარ შენგელაია დაუზარელი ადამიანია, არც კულინარიაშია პრეტენზიული. უყვარს ელარჯი, ჩიხირთმა და კახური ტანინიანი ღვინო. საკვებთან მიმართებით გემოვნებას პერიოდულად იცვლის. ახლა ზღვის პროდუქტების ეტაპია. ყოველთვის მზად არის ახალი კერძი დააგემოვნოს, ის, რაც აქამდე არასოდეს გაუსინჯავს. ამ ხერხს განსაკუთრებით უცხო ქვეყნებში მიმართავს ხოლმე. მაგრამ სანამ უცხო ქვეყანაში კულინარიულ ინტერესს კიდევ ერთხელ დაიკმაყოფილებს, მანამდე „კულინArt“-ისთვის გემრიელ შუბას მოგვიმზადებს.

მაშ ასე, გთავაზობთ ელდარ შენგელაიას მიერ მომზადებულ სპეციალურ

შუბას – ქაშაყის გარეშე:

5_issue_culinart44

ინგრედიენტები:
*კარტოფილი
*სტაფილო
*ჭარხალი
*კამა
*ოხრახუში
*შავი წიწაკა
*მარილი
*მაიონეზი

მომზადების წესი:
ვხარშავთ კარტოფილს, სტაფილოსა და ჭარხალს, თითოეულ მათგანს სახეხზე ვხეხავთ და ვალაგებთ ფენა-ფენა.
ფენებზე გემოვნებით ვაყრით მარილსა და შავ წიწაკას, ვასხამთ მაიონეზს და ვაყრით წვრილად დაჭრილ კამასა და ოხრახუშს. შუბა – ქაშაყის გარეშე მზად არის.

ფოტო: ირა კურმაევა

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com