საუზმე იულიასთან

5_issue_culinart1

ფოტო: ირა კურმაევა

იმ დღეს, როცა ინტერვიუ უნდა ჩამეწერა, სცენაზე პირველად ვნახე. იულია ვისოცკაია თბილისში ხელოვნების
საერთაშორისო ფესტივალზე ჩამოვიდა. ,,საჩუქარი“ მისი მეუღლის, ანდრეი კანჩალოვსკის სპექტაკლით დახურეს. რუსულმა დასმა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ჩეხოვის ,,სამი და“ წარმოადგინა.
,, შეხედე, რა გოგოა! ნახე, რა გემრიელად ამზადებს. იქნებ, შენც ისწავლო რამე..“ – ასეთი ფრაზები მისი გამოჩენისას ჩემი ოჯახის წევრებს ხშირად წამოსცდენიათ და ბავშვობაში ,,Едим Дома”-ს წამყვანს მეც დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი. მაკვირვებდა ის აზარტი, რომლითაც კერძებს ამზადებდა და სამზარეულოში ,,ტრიალის“ ვირტუოზული უნარიც. არ ვიცი, მას შემდეგ რამდენად ,,ვისწავლე რამე“, მზარეულისთვის საჭირო რამდენიმე ხერხი კი დამამახსოვრდა და წლების შემდეგ გამომადგა კიდეც. მათ შორის, ერთი სასარგებლო რამ: ქათამს დღემდე ოსტატურად, წამებში ვაცლი კანს. ხელთათმანის გახდის მსგავსად.
,,Едим Дома”-ს და ,,Завтрак С Юлией Высоцкой”-ს წამყვანს პირისპირ თითქმის ოთხსაათიანი სპექტაკლის შემდეგ შევხვდი. მოსკოვიდან ჩამოსულ სტუმრებს ფესტივალის ორგანიზატორებმა კინომსახიობთა თეატრის კაფეში გაუშალეს ქართული სუფრა.
მაკიაჟის გარეშე, წარწერიანი მაისურით, ჯინსით და კედებით მოვიდა, რამდენიმე წუთით ადრე სცენაზე ნანახი მაშასგან სრულიად განსხვავებული. სანამ ადგილს მეუღლის გვერდით დაიკავებდა, თავად კულინარული ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა ,,კულინარტისთვის“ ინტერვიუს ჩასაწერად რამდენიმე წუთი დამითმო.

სპექტაკლის შემდეგ
სპექტაკლები საკმაოდ გვიან მთავრდება, ამიტომ ღამე სამზარეულოში, როგორც წესი, აღარც შევდივარ. ასეთ დროს არასოდეს გეახლებით, თუმცა დღეს განსაკუთრებული შემთხვევაა. რა თქმა უნდა, ვცდილობ ფორმაში ვიყო, ყოველდღე დავრბივარ, მაგრამ არის მომენტები, როცა აუცილებელია თავი გაინებივრო. მაგალითად, პარიზში ყოფნისას ძალიან მიჭირს კრუასანების ცდუნებას გავუძლო, ამიტომ არასოდეს ვამბობ უარს ამ სიამოვნებაზე.

საქართველოში გატარებული ბავშვობის გემო
აქ ცოტა ხანს ვცხოვრობდი, მაგრამ ახლაც კარგად მახსოვს იმ პერიოდში გასინჯული ჩურჩხელების, უგემრიელესი საცივის, ფხალისა და საახალწლოდ შემწვარი გოჭის გემო. ძალიან მიყვარს ტორტი ,,იდეალი“, თუმცა იმ გემოსა და არომატის დაჭერა, რომელიც ბავშვობაში დამამახსოვრდა, არ გამომდის. ისეთი ,,იდეალი“ მას შემდეგ აღარც მიჭამია. ქართულ სამზარეულოს უკეთ მოგვიანებით გავეცანი. ჩემს ერთ-ერთ გადაცემაში ჩახოხბილიც კი გავაკეთე. ეს კერძი კარგად გამომდის, მეგობრები ხშირად მეუბნებიან – ,,შენი ჩახოხბილი“ დაგვახვედრეო და მეც ყოველთვის სიამოვნებით ვუმასპინძლდები სტუმრად მოსულებს. კიდევ, ხაჭაპურის შედარებით მსუბუქ, ,,სახლურ ვერსიას“ ვაცხობ. აჯიკის და ტყემლის კარგი რეცეპტებიც ვიცი, თუმცა, იშვიათად ვაკეთებ.

5_issue_culinart1111_Page_08

ყველაზე დიდი კომპლიმენტი
ჩემთვის არასოდეს ვამზადებ. მინსკში, ჯერ კიდევ ბელორუსიის თეატრალურ-სამხატვრო ინსტიტუტში სწავლისას, კურსელები ხშირად ვიკრიბებოდით და ქურასთან ყოველთვის მე ვიდექი. საერთო საცხოვრებლის საშინელ სამზარეულოში ორცხობილებს და ეკლერებსაც ვაცხობდი. რატომღაც სულ მქონდა ეს სურვილი – ვინმე რამით გამომეკვება.
ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტი – სუფთა თეფშია.

გზა მამაკაცის გულამდე
ვერ ვიტყვი, რომ მამაკაცის გულთან მიმავალი გზა პირდაპირ გემოს რეცეპტორებზე და კუჭზე გადის, თუმცა, გემრიელი კერძებით მისი მოხიბვლა და გარკვეული სიმპათიის დამსახურება ნამდვილად შეიძლება. ადამიანისთვის საკვები ძალიან მნიშვნელოვანია და ამის იგნორირება, უბრალოდ, სისულელე მგონია. არასოდეს მესმოდა ქალების, რომლებიც ახლადგაკეთებული მანიკურის გამო სადილს არ ამზადებენ.
მომწონს, როცა ქალი კარგი კულინარია და გემრიელად მიირთმევს. ისიც მომწონს, როცა სამზარეულოში მამაკაცია, თუმცა, ჩემს სამზარეულოში – არა. იქ მე უნდა ვიყო და ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საქმის კეთებისას, ვეცადო იმის 100, 200.. 1000 პროცენტი გავაკეთო, რაც შემიძლია.

5_issue_culinart2

,,საყვარელი სამზარეულო“
არ მაქვს საყვარელი სამზარეულო და კერძი. დღეს შეიძლება საცივი მომინდეს, ხვალ სუში და ზეგ ბორშჩი, თუმცა წვნიანი ნაკლებად მიყვარს. ჩემი მეუღლეც ასეა – უყვარს ის, რასაც მე ვამზადებ და მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს იაპონური, ქართული, იტალიური თუ უკრაინული სამზარეულო.

როგორც არტი, როგორც ხელოვნება..
ჟურნალისთვის ინტერვიუს ვწერდი და ჩემმა რესპოდენტმა თითქმის დამარწმუნა, რომ ცუდი მსახიობი კარგი მზარეული ვერ იქნება და ვერც ცუდი კულინარი ითამაშებს კარგად სპექტაკლში. ეს ხუმრობით, ისე კი ადამიანის ხასიათი და ნიჭია, ნებისმიერი რამ გულით აკეთოს. მჯერა, რომ ვინც სასურველი შედეგისთვის ბევრს შრომობს, ამას აუცილებლად მიაღწევს. მომწონს, როცა ბევრი საქმე მაქვს. ვფიქრობ, კინო და თეატრი, მთელი ეს ინდუსტრია, რა მდგომარეობაშიც ის დღეს არის, ჩემთვის საკმარისი არ იქნებოდა. კულინარიას თითქოს თავი შევაფარე – ეს ხელოვნებაა და ბევრ ენერგიას, მუშაობას ითხოვს. პროექტებმა, რომლებშიც ჩავერთე, მეტი მასწავლა, უფრო და უფრო გამარკვია ამ სფეროში. ჟურნალი, ინტერნეტბლოგი, ტელევიზია, უკვე ორი რესტორანი მოსკოვში, კულინარიული მოგზაურობა, სტუდია.. ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი დრო მიაქვს, მაგრამ ოჯახის წევრებისა და სტუმრებისთვის კერძების მომზადებას მაინც ხშირად ვახერხებ.

,,Едим Дома“ или ,,Завтрак С Юлией Высоцкой”
ეს სრულიად განსხვავებული პროფესიაა, თამაშის სულ სხვა წესებით. არაფერი აქვს საერთო კინოსთან, თეატრთან, არც ტელევიზიასთან. ასეთი ტიპის გადაცემის წაყვანისას კარგად უნდა იცოდე, რას აკეთებ და იქცეოდე ისე, რომ შენთვის თვალის დევნება საინტერესო იყოს. კულინარიულ ტელეშოუს ყველაფრისგან განსხვავებული სპეციფიკა აქვს – აქ ორგანული უნდა იყო, გადამდები, მართალი და ამავე დროს, ტექნოლოგიურადაც დიდი სიზუსტით ასრულებდე ყველაფერს.
ჩემთვის ეს არ არის როლი, თუმცა არც ბოლომდე მე ვარ. როცა კამერის გარეშე, ჩემთვის ვამზადებ, ბუნებრივია, არავის ველაპარაკები და არც ისე სწრაფად დავრბივარ, როგორც კადრში.

რეცეპტი წინსაფრის გარეშე
ყველა რეცეპტი უკვე დიდი ხნის დაწერილია ჩინელი, ქართველი, სხვა ბრძენი ადამიანების მიერ. ვფიქრობ, უნდა ვეცადოთ, ვისწავლოთ საკუთარი თავის მოსმენა. ძალიან კარგი ნათქვამია, რომ ადამიანი დილით წყვეტს, როგორი დღე ექნება… გამოდის, ჩვენ საკუთარ მომავალს ვსაზღვრავთ…
ასე რომ, კარგი ,,საუზმე“ და ცხოვრება მშვენიერია.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com