გიორგი ნაკაშიძე
ბავშვობოდან, ოჯახში კულინარი ქალბატონები ანებივრებდნენ. ბებიების მომზადებულ ნამცხვრებს – „ნაპოლეონს“, იდეალს, ვაშლის პეროგს და ლიმნის ორცხობილას შაქრიან, ხრაშუნა კუთხეებს მუსრს ავლებდა. ამ ყველაფერს ემატებოდა კარგი მზარეული და ამავდროულად ყურადღებიანი დედა, რომელიც შვილის კვებაზე განსაკუთრებულად ზრუნავდა. სამზარეულოს ჯადოქრებმა მისგან საუკეთესო გურმანი დააყენეს, თუმცა მზარეულობა არასდროს უცდია და არც დასჭირვებია. მსახიობი გიორგი ნაკაშიძე ბავშვობის გემრიელ მოგონებებს და მწარე კრახს იხსენებს.
„დაახლოებით, 10 წლის ასაკში დედამ მასწავლა ტაფამწვარის გაკეთება, შემდეგ – სოსისის, კარტოფილსაც ვწვავდი, კიტრის და პომიდვრის სალათს ვამზადებდი, ზედ ბევრ მწვანილს ვაყრიდი. ძალიან მიყვარდა და კარგად გამომდიოდა გოგლიმოგლიც . მე ზოგადად, არ ვაკეთებ კერძებს. არიან ტიპები, რომლებსაც ევასებათ ეს საქმე. მე მზამზარეული მიყვარს. ასე გამზარდეს და მიმაჩვიეს. მეზარება და თან, არ მსიამოვნებს მაგალითად ხორცთან შეხება , დაჭრის პროცესი , ხელების ამოვლება და ხახვის ჩათლა, ჩემი სტილი არ არის. მე ვარ გემრიელი კერძების მომხმარებელი , მირჩევნია ვიღაცამ მომართვას. „
ამბობს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოებში საკმაოდ გათვიცნობიერებულია. სენსორული
შეგრძნებები ძალიან კარგად აქვს განვითარებული, განსაკუთრებით მგრძნობიარე და გარკვეულია გემოებში. და მაინც… ასეთ გურმან ადამიანსაც განუცდია კულინარიული კრახი. ეს მოხდა 16 წლის ასაკში, აგარაკზე…
„3 მეგობართან ერთად ვიყავი. სოფლის მაღაზიაში რატომღაც“ სგუშონი“, შოკოლადები, კალოშები და რაღაც სისულელეები იყიდებოდა. „ სგუშონკა“ წამყვანი თემა იყო. ჩვენ, 3 ქილა ვიყიდეთ. დედაჩემს ჰქონდა რვეული, სადაც „იდეალის“ რეცეპტი ეწერა. ქვაბზე უნდა დაგვედგა და 2 საათი გვეხარშა, მერე ცომი მოგემზადებინა და მთელი პროცესი იყო. მოკლედ, დავადგით მოსახარშად, გავედით სახლიდან და საერთოდ გადაგვავიწყდა.
მდინარიდან შინ დაღლილებიდავბრუნდით, აღარც გვახსოვს რომ ჩართული დავტოვეთ გაზის ქურა და რას ვხედავთ ?! შევდივართ და მთელი სამზარეულო წვეთებშია… წკაპ… წკაპ… წკაპ… მოდის „ სგუშონკის“ წვმა. წყალი ჩაშრა და ქილა გამსკდარა. მთელი სახლი ტკბილი იყო. მე იმდენად მიყვარს სიტკბო, რომ კედლებს ვლოკავდი. წარმოიდგინე, ხის სახლის სამზარეულო მთიანად დასვრილი როგორი გასაწმენდია?! სამი დღე , სანამ დედაჩემი ჩამოვიდოდა, ვასუფთავებდი.
მე მაინც იხტიბარი არ გავიტეხე და ვაშლის პეროგს გავაკეთებმეთქი. დავჭერი ვაშლი და რეცეპტის მიხედვით დავიწყე კეთება. ცომი გავაკეთე, ყველაფერი მოვაყარე, შევდგი ღუმელში, მაგრამ ჩამივარდა ნამცხვარი. ვაშლის პეროგის მაგივრად ტკბილი აჯაფსანდალი გამომივიდა. მაინც კარგად მახსოვს, ხუმრობა-ხუმრობაში სულ შევჭამეთ.“
მსახობის აზრით, კულინარიული კრახი სულაც არ არის სირცხვილი. გიორგი ფიქრობს, რომ ადამიანები იმის მიხედვით არ უნდა ფასდებოდნენ, თუ რამდენად კარგი მზარეულები არიან ისინი, ეს დატალებია, მთავარი კი შინაგანი თვისებებია. „არ არსებობს ადამიანმა რაღაცას სერიოზულად მოკიდოს ხელი და კრახი არ დაემართოს. ზოგადად, ჩვენი პროგრესი გადადებულია ჩვენსავე შემთხვევებსა და მათ გამოსწორებაში. ეს დაუწერელი კანონია ყველა საქმეში. ამბობენ, კაცის გულის მოგება საჭმლით შიძლებაო. მე არ ვეთანხმები ამ თეორიას. სულიერება ხორციელ წვრილმანებზე არ არის დამოკიდებული.“
ოთახში 10 წლის ალექსანდრე ნაკაშიძე შემოვიდა … ველოსიპედი კედელთან მიაყუადა…
ჩამოჯდა და როგორც კი გაიგო, რომ კერძებზე ვსაუბრობდით, ცისფერი თვლები გაუფართოვდა და საკუთარი კულინარიული გამოცდილებისა და კრახების შესახებ მთელი მონდომებით ალაპარაკდა. მამისგან განსხვავებით, ალექსანდრეს სამზარეულოში ფუსფუსი ძალიან უყვარს. ამბობს, რომ ინტერნეტში კულინარიის
სკოლაც იპოვა და ჩაეწერა, თუმცა საკმარისი რაოდენობის ბავშვები ვერ შეგროვდნენ და ჯგუფი არ შედგაო, გულდაწყვეტით დაამატა. ყვება, როგორ გააკეთა დამოუკიდებლად ნამცხვარი, რომელიც კარგი გამოუვიდა და სახლშიც მოუწონეს. ამის შემდეგ, კიდევ რამდენჯერმე სცადა მზარეულობა და წარმატებით დასრულდა, თუმცა კრახს მაინც ვერ აცდა.
„მარცეპანის ტორტები მიყვარს ძალიან. ერთხელ გავაკეთე რაღაც ნამცხვარივით, ზემოდან კარაქივით წავუსვი მარცეპანი და შევდგი გამოსაცხობად. ღუმელიდან, რომ გამოვიღე ყველაფერი დამწვარი და ერთმანეთში არეული იყო.
ერთხელაც, ჩიკვაიძეებთან ვიყავი, ბლინჩიკების გაკეთება გვინდოდა, მაღალ ცეცხლზე დავდგით, ცოტა ხანში შიშხინის ხმა მოგვესმა, ცომის მასა ძირს იყო გადმოსხმული და ტაფაც გადმოვარდნილა.
დედასთან ერთად ვაკეთებ ხოლმე კატლეტებს, ჰამბურგერებსაც ვამზადებ. მაცივარს გამოვაღებ ხოლმე, რაც დევს ყველაფერს გამოვიღებ და ერთმანეთში ვურევ. მამას საჭმლის გაკეთების სურვილი იშვიათად აქვს. შემოვა, დაგვხედავს, ვა ნამცხვარს აკეთებთ? რა მაგარიაო იტყვის და გადის.“
მას შემდეგ, რაც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ თამაშობს, გიორგის ხშირად აიგივებენ თავის გმირთან, პეტრესთან. თავად ამბობს, რომ რადიკალურად განსხვავდება თვისებებით და განსაკუთრებით კულინარიასთან დამოკიდებულებით. პეტრეს ოჯახურმა მდგომარეობამ აიძულა, კარგი მზარეული ყოფილიყო, ამიტომ გიორგი ხშირად ეკრანზე იმიტაციას აკეთებს და ილუზიას ქმნის, ვითომ კერძი მოამზადა.
მსახიობს ოცნების კერძიც აქვს, რომლის გაკეთებასაც სიამოვნებით ისწავლიდა. „ბებიაჩემი ამზადებდა, რაღაც საცივსა და ხარჩოს შორის იყო. შავ წვენს ეძახდა. ეს არის კერძი შემწვარი ქათმით ან ინდაურით. მას თან ახლავს უგემრიელესი, მაყვვლებით დამზადებული წვენი. ყოველ აღდომას აკეთებდა, ღომთან და სულგუნთან ერთად მივირთმევდით.ბევრი მწვანილი ქონდა. ისე მაქ ჩარჩენილი, ზეიმებთან და დღეისასწაულებთან მიასოცირდება… არიან ადამიანები , რომლებიც ინტუიციით აზავებენ ყველაფერს, ეს ნიჭია. პიროვნება როგორიც არის, რა გულით და ენერგეტიკითაც ამზადებენ საჭმელს, ისეთი გამოდის. მე შემიძლია კერძის მიხედვით მივხვდე რა ხასიეთის ადამიანმა გააკეთა ის. ხომ არსებობენ უმარილო ტიპები? აი, ეგეთებს არ გამოსდით კარგი სადილები.“
გიორგი ნაკაშიძე ფიქრობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად, განსხვავებული ინეტერესები ჩნდება ხოლმე. ამიტომ, იგი არ გამორიცხავს, რაღაც ეტაპზე მზარეულობამ გაიტაცოს. მისი აზრით, კულინარია ხელოვნებაა, რომელსაც სამყაროს დასაბამიდან მოყოლებული აქვს სტორია. ის კულტურასთან და ესთეტიკასთანაა გადაჯაჭვული…
ფოტო: ანა ბოკო