ფოტო: ნაკანიმამასახლისი
ტელეწამყვანები მუდმივად შეჯიბრის რეჟიმში არიან. მაღალი რეიტინგი და დადებითი შეფასება კი პრიზია, რომლისთვისაც ისინი ყოველდღიურად იბრძვიან. ტელეეკრანებზე მათ პროფესიონალიზმში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა ცნობილი ჟურნალისტები როგორი მზარეულები არიან, ამის გასარკვევად `კულინარტმა ექვსი წამყვანი პირისპირ დააყენა და ამჯერად კულინარიულ შეჯიბრში ჩართო. წამყვანი კულინარების გამოვლენა აკადემიის~ შეფ-მზარეულს დაევალა.
გიორგი ქორქია
გურმანი ვარ. მიყვარს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოები. სამსახურიდან ხშირად მიწევდა მოგზაურობა და ყოველთვის ვსინჯავდი იქაურ კერძებს. განსაკუთრებით მიყვარს აზიური, ინდური, პაკისტანური, ჩინური და ქართული კერძები. ქართული და ინდური სამზარეულოები ერთმანეთს ჰგავს – ორივეგან ბევრია სუნელი და ნიგოზი. ეგზოტიკური სამზარეულოც ძალიან მიყვარს და ბევრი რამ მაქვს გასინჯული: გველი, ხოჭოები, ბაყაყი, ოღონდ ისე არა, რომ არ მცოდნოდა რას ვჭამდი. არანაირი პრობლემა არ მაქვს. ძალიან მიყვარს სუნელები და ცხარე და მჟავე ერთმანეთში რომ არის არეული. ტკბილს იშვიათად მივირთმევ. ხანდახან ვერთობი ხოლმე და ვამზადებ, ოღონდ მარტო ჩემთვის. ხშირად `ვმარცხდები~ მარილთან დაკავშირებით – ან მეტს ვუკეთებ ან ნაკლებს. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა კერძი დამიწვავს – სამზარეულოდან ცოტა ხნით გავდივარ ხოლმე, ვიწყებ ტელევიზორის ყურებას და მავიწყდება. თითქმის ყველაფერს მივირთმევ. ყველაზე მეტად არ მიყვარს ფაფები. საერთოდ მიმაჩნია, რომ ფაფებს კულინარიასთან კავშირი არ აქვს. ფაფების გარდა, არ მიყვარს ყვავილოვანი კომფოსტო, სუნზეც კი ცუდად ვხდები. ხშირად გამიგია კერძზე, პიკანტური გემო აქვსო, და ამ დროს მოაქვთ სტეიკი ატმის მურაბით. ასეთ რაღაცას ვერ შევჭამ ვერასდროს. მინერალურ წყალს ძალიან ბევრს ვსვამ. დღის განმავლობაში 5 ლიტრი ჩემთვის ნორმაა. ალკოჰოლური სასმელი თითქმის ყველანაირი მიყვარს. უპირატესობას ლუდს ვანიჭებ. არ ვსვამ ლიქიორებს და კოქტეილებს.
გვანცა დარასელია
კულინარიასთან გათხოვების შემდეგ `დავმეგობრდი~. ხელი შემიწყო იმ ფაქტორმა, რომ ცალკე ვცხოვრობთ და სხვა გზა არ არის, ჩემი გასაკეთებელია. სიმართლე გითხრათ, რაც ჩემს ცხოვრებაში გადაცემა `სხვა შუა დღე~ გაჩნდა, სადაც პარასკევი კულინარიის დღე გვაქვს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფანტაზია გამეხსნა. დედისგან ვიცოდი რაღაცეების კეთება, მაგრამ ძალიან კონკრეტული და შაბლონური რეცეპტებით, რასაც დიასახლისების უმეტესობა შინ ამზადებს. ოჯახში დედას საჭმლის მომზადებაში ვეხმარებოდი ხოლმე და მეგონა, რომ ვიცოდი, მაგრამ როცა დამოუკიდებლად მომიწია გაკეთება, აღმოვაჩინე, რომ ბევრი რამ არ მცოდნია. მარტო როცა ამზადებ, უნდა გაითვალისწინო რამდენი წუთი გააჩერო ცეცხლზე ან რამდენი გრამი რამდენზეა საჭირო. რეალურად რთულია, მაგრამ რაღაცეები გამომდის, გამოცდილებაც დავაგროვე. ძირითადად სადილებსვამზადებ. მერიკოსგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. კონკრეტული რეცეპტების გარდა, ავითვისე სწორი მიდგომა. მაგალითად, იტალიური სამზარეულოს პრინციპები. ზოგადი წესები რომ იცი, მერე ადვილია ლავირება. ჩემს კულინარიულ ცნობიერებაში ისეთი პროდუქტები შემოვიდა, რასაც მანამდე არ ვიყენებდი. შეგიძლია ძალიან ნაცნობ კერძს დაუმატო და სრულიად განსხვავებული გემო მიიღო. მაგალითად, ქათმის ბულიონი – ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი კერძი. ყველამ იცის მომზადება. მერიკოსგან ვისწავლე ქათმის ბულიონის ნიახურის ღეროებით მომზადება, რომელიც კერძს სრულიად სხვა არომატს აძლევს. ჩემს მეუღლეს ისე მოეწონა, სულ მთხოვს გავაკეთო. არის რაღაც მიმართულებები, რაც არ გამომდის. კატლეტს ვერ ვწვავ – მაგარი და არც ისე გემრიელი გამომდის. ცხობა არ მიცდია, დესერტებზე ჯერ არ გადავსულვარ. ადრე, სადმე რომ მივემგზავრებოდი, ახალ კერძებს არასდროს ვსინჯავდი. ყოველთვის იმას ვუკვეთავდი, რისი გემოც უკვე ვიცოდი. ბოლო დროს დავიწყე ექსპერიმენტები. ეგზოტიკური კერძები ინტერესის გამო მაქვს გასინჯული, მაგრამ მირჩევნია, რაც ვიცი და მიყვარს, ის მივირთვა. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ყველაზე მეტად მეგრული სამზარეულო მიზიდავს. ძალიან მრავალფეროვანია, მითუმეტეს – ერთი კუთხისთვის. ასევე მიყვარს იტალიური და იაპონური კერძები.
ნანუკა ჟორჟოლიანი
რა გასაკვირიც უნდა იყოს, მე და კულინარია `ვმეგობრობთ~. მე გავიზარდე ოჯახში, სადაც დედაჩემი დღემდე პირველ და მეორე კერძს აკეთებს. ამ მხრივ ძალიან ტრადიციულია. დედაჩემი მეთორმეტე სართულზე ცხოვრობს, მე – მეათეზე, ამიტომ კარგი სადილი შინ სულ არის. ქართული ტრადიციული კერძების გარდა, რაღაცეებს თვითონაც იგონებს. მაგალითად, `აჯაფსანდალს~ აკეთებს მაიონეზში, ნედლი კიტრით. საბაზე ორსულობის პერიოდში, შინ ყოფნისგან რომ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, დარეჯანის მოგონილ კერძებს ვამზადებდი და ამით ვერთობოდი. საზღვარგარეთ, როცა მარიამს ვაკითხავ, იქ მიწევს საჭმლის მომზადება. მაგალითად, 31 დეკემბრის ღამეს ბევრი ქართული კერძი მოვამზადე. მართალია ტელეფონით დარეჯანი მკარნახობდა რა უნდა მექნა, მაგრამ რაც მთავარია, მასპინძლები ძალიან კმაყოფილი დარჩნენ. ზოგადად, ჩემთვის დედაჩემი საუკეთესო მზარეულია. მის პირობაზე მე არ ვვარგივარ. ჩინური სამზარეულო მიყვარს, მაგრამ ზოგადად, ექსპერიმენტები – არა. მყავს მეგობარი თათა, რომელიც ყველაფერს სინჯავს. ერთხელ, სანამ ბაყაყი არ გამასინჯა, არ მომეშვა. რაც უფრო უცნაურია კერძი, მით უფრო აინტერესებს. მე არ მიყვარს უცხო გემო. მიყვარს ქართული სამზარეულო. უცხოეთში ქართული რესტორანიც მომინახავს. განსაკუთრებით – საფრანგეთში. არ მინდა ფრანგები გავანაწყენო, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც კიდევ უფრო მიჭირს ჭამა. მიყვარს ჩინური, იტალიური სამზარეულო, `პასტა~ განსაკუთრებით. თუ დიეტაზე ვარ, საერთოდ არ მივირთმევ. ძალიან მეტყობა დიეტაზე ყოფნა. გუნებაზე აისახება, ინაცვლებს მეგობრებთან და პირად ურთიერთობებზე. ჩემი დიეტა ცნობილი ამბავია – ჩემს გარშემო ახლობლებმა იციან, რომ ამ დროს ურთიერთობები გვეძაბება. ყველაზე მეტად პური მიყვარს. რაც არ უნდა ვჭამო, მწვადი იქნება თუ სალათი, პურის გარეშე აბსოლუტურად მშიერი ვარ. ბავშვების კვებას დიდ ყურადღებას ვაქცევ. საბა გაზიან სასმელებს არ სვამს. მარიამთან სერიოზული პრობლემა მაქვს – არ ჭამს წვნიანს. როცა აქ არის, დედაჩემი აქცევს ყურადღებას, რომ შესაბამისად იკვებოს. ჩემი აზრით, სწორი კვება განსაზღვრავს ჯანსაღი ცხოვრების წესს. თუ ჯანსაღად იკვებები და ძილიც სწორი გაქვს, ჩემთვის ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი.
ვახო სანაია
რომელ ქვეყანაშიც ჩავდივარ, ვცდილობ აუცილებლად იქაური კერძი გავსინჯო, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ქართული სამზარეულო მიყვარს. ადრე იტალიური მიყვარდა, ახლა – ისე აღარ. ქართულის გარდა ძალიან მიყვარს მექსიკური. რომელ ქვეყანაშიც ჩავდივარ, ყოველთვის ვეძებ მექსიკურ რესტორანს. პრეტენზიული მჭამელი არ ვარ. ყველა კერძს აქვს თავისი მომხიბლაობა, ამიტომ თითქმის ყველაფერს მივირთმევ. გველი არასდროს გამისინჯავს, ბაყაყს კი გეახელით. დიდად არ მომეწონა, ქათმის ხორცს ჰგავს, მაგრამ ქათამი უფრო გემრიელია. ადრე არ მიყვარდა ზეთისხილი. როგორც ვიცი, ბევრს ჰქონია ასეთი მომენტი, თავიდან რომ არ მოსწონდა და შემდეგ შეუყვარდა. გემო უნდა გაუგო. ახლა ძალიან მიყვარს. ჩემით მომზადება არ მიწევს. მაქვს კომფორტი, რომ შინ საჭმელი ყოველთვის დამხვდეს. ექსტრემალურ სიტუაციაში მარტივი კერძის მომზადება შემიძლია. მაგალითად, კიტრისა და პომიდვრის სალათის. სხვა შემთხვევაში ინტერესი არ მაქვს. ზოგადად, საჭმლის კეთება ხელოვნებაა. ტკბილს საერთოდ არ მივირთმევ. ნამცხვარი ალბათ წლებია რაც არ გამისინჯავს. სუფრაზე ძალიან ცოტა ტკბილი თუ მივირთვი, მერე აუცილებლად მწარე უნდა ვჭამო. ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც უფრო მწარე კერძებს ეტანებიან, ხასიათით განსხვავდებიან მათგან, ვისაც ტკბილი უყვარს. ზუსტად ვერ დავახასიათებ, როგორები არიან, მაგრამ რაღაც დეტალების დაჭერა შეიძლება. ჩაის საერთოდ არ ვსვამ, ყავას _ მხოლოდ ნალექიანს, და ისიც ბათუმში მომზადებული მიყვარს. თუ დაღლილი ხარ, ლუდი კარგია განტვირთვისთვის. ღვინოდან ყველაზე მეტად `ხვანჭკარა~ მიყვარს. ბევრის დალევა არ შეიძლება, მაგრამ ერთი ჭიქა სასარგებლოა. საღამოობით ხშირად ვსვამ ხოლმე ერთ ჭიქას.
მარიამ გიორგობიანი
მიყვარს კერძების მომზადება. მაინტერესებს ახალი რეცეპტები და ხშირად ვეძებ ინტერნეტში. ჩემი მეგობრები, რომლებიც ცნობილი კულინარები არიან, ხშირად მაძლევენ რჩევებს და მასწავლიან, რა როგორ უნდა გავაკეთო. სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო, ხშირად ვერ ვახერხებ კეთებას. შაბათს და კვირას, როდესაც შინ ვარ, ხშირად ვამზადებ ხოლმე. პირადად მე, ბოსტნეულის მოყვარული ვარ, არ მიყვარს მძიმე, ცხელი და ცხიმიანი საჭმელები. თუ ხორცია, მაშინ გრილზე შემწვარი ან თევზეული უნდა იყოს. რომელიმე კონკრეტული ქვეყნის სამზარეულოს ვერ გამოვყოფ. არის პერიოდი, როცა ჩინური კერძები მომწონს. პერიოდულად იტალიური, თუმცა ჩემთვის ორივე ცოტა მძიმეა, ამიტომ ხშირად არ მივირთმევ. ყველაზე ხშირად მაინც იაპონურ სამზარეულოს ვსტუმრობ. არის საჭმელები, რომლებსაც არ გავსინჯავ, თუმცა ეგზოტიკური კერძები მიყვარს. სახლისთვის ვცდილობ ბიოპროდუქტები შევიძინო. საქართველოში ძირითადად პროდუქტს არ აქვს ნიშანი, სადაც მითითებული იქნება `ბიო~. უმეტესად ქართულ პროდუქტებს ვყიდულობ, განსაკუთრებით – ბოსტნეულს. ვერიდები სათბურის ხილსა და ბოსტნეულს. ზამთარში თვითონ კი მივირთმევ, მაგრამ ბავშვებს არ ვაჭმევ კიტრს და პომიდორს, ასევე არასეზონურ ხილს. წონის შესანარჩუნებლად სპეციალური კვება არ მაქვს, უბრალოდ ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო. ეს ავტომატურად მოიცავს ფორმის შენარჩუნებასაც. დილით 8 საათზე ვიღვიძებ. ვსვამ 1 ლიტრ წყალს და 30 წუთის შემდეგ ვსაუზმობ _ მივირთმევ ჰერკულესის ფაფას. თუ ძალიან მომინდა, კარაქიან პურსაც გეახლებით. დღის მანძილზე ჩემი ბოლო კვება საღამოს 6 საათზეა. დაძინებამდე თუ ძალიან მომშივდა, ნახევარ ჭიქა მაწონს ან კიტრს მივირთმევ.
სოფიკო ნარჩემაშვილი
მიყვარს კერძების მომზადება. სხვადასხვა კულინარიულ გვერდზე ვარ გაწევრიანებული. ძირითადად, რუსულზე და უკრაინულზე. ყველანაირ კერძს ვამზადებ. ვცდილობ, ყოველ შემთხვევაში. ახალ კერძს შინ ჯერ მარტო ჩემთვის ვაკეთებ, საცდელად, როგორი გამომივა. იმიტომ, რომ ბევრი ნიუანსია. შემდეგ ვაკეთებ ოჯახის წევრებისთვის. ასეთი იდეა მაქვს: კვირაში ერთი დღე ჩემთან რომ შევიკრიბოთ, მე რაღაც ახალს გავაკეთებ, რაც იმ კვირის განმავლობაში ვისწავლე და მოვაწყოთ დეგუსტაცია. ვუთხარი ამის შესახებ ჩემ შვილებს და ძალიან მოეწონათ. ადრე არ მქონდა მსგავსი ინტერესი კულინარიის მიმართ. ახლა დავინტერესდი. რატომ, არ ვიცი. ყველანაირ კერძს ვამზადებ – ქართულსაც და ევროპულსაც. ყველაზე მეტად ხაჭაპური მიყვარს, მაგრამ არ გამომდის, ვერაფრით გავაკეთე. გურმანი ვარ. მიყვარს გემრიელი საჭმელები, მაგრამ ჩემი მიმართულებები მაქვს. მიზიდავს ბოსტნეული და ცომეული. ხორცი – ნაკლებად. უკრაინელებს ძალიან კარგი სამზარეულო აქვთ და ბოლო დროს ხშირად ვამზადებ უკრაინულ კერძებს. ბორშჩი, კიევური კატლეტი არაჩვეულებრივი გამომდის. ხშირად პირველ ცდაზე არ გამოდის კარგი, მაგრამ მეორე, მესამე ცდაზე რაღაც შედეგს ვაღწევ. ტკბილი არ მიყვარს. მეტწილად, ძირითად კერძებს ვამზადებ. ვცდილობ, ჯანსაღი პროდუქტები შევიძინო. საქართველო ყოველთვის ცნობილი იყო ჯანსაღი და გემრიელი პროდუქტებით. უკრაინაში დიდხანს ვცხოვრობდი და იქ გაჩნდა მაღაზიები, სადაც ეკოლოგიურად სუფთა საკვები იყიდება. უკრაინაში ვნახე ერთ-ერთი ქართული კომპანიის პროდუქტები. ამიხსნეს, რომ ეს ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებია. ახლა ისეთი სამსახური მაქვს, რომ სამწუხაროდ ხშირად ვეღარ ვახერხებ მოგზაურობას. ძველი სამსახურიდან ხშირად მიწევდა საზღვარგარეთ ყოფნა. ასეთ დროს, უპირველესად, ვსინჯავ იქაურ სამზარეულოს და ვიწერ რეცეპტებს. მაქვს პოლონური, ავსტრიული, ჩეხური რეცეპტები. პური მიყვარს ძალიან, არ შემიძლია ცხოვრება პურის გარეშე. ქართული სამზარეულოდან გამოვარჩევ პურს, ხაჭაპურს, გუდის ყველს და მეგრულ ბაჟეს. საცივი იმდენად მიყვარს, რომ წელიწადში რამდენჯერმე ვაკეთებ, თუმცა მოხარშული ნიგოზი ძალიან მძიმეა. სააღდგომო პასკას ჩემი ქალიშვილი აკეთებს. არაჩვეულებრივად გამოსდის, ვერსად რომ იყიდი, ისეთი. ჩემი ქალიშვილი სერიოზული კულინარია. კიევში ისწავლა. ძალიან მიყვარს ხაჭოს პასკა. სპეციალური ფორმა მაქვს, კიევში ნაყიდი, და სააღდგომოდ ვაკეთებ ხოლმე.
ივანი
კარგად იმუშავეს. კრეატიულები არიან. გიორგიმ ხორცი კარგად მოამზადა. მთლიანობაში, ორივე გუნდმა ერთნაირი შედეგი აჩვენა.
პროფესიონალი ჟურნალისტები არიან, მაგრამ თუ მოინდომებენ, ამ კუთხითაც განვითარდებიან.