თაკო ჩხეიძე
პირველი შეხება კულინარიასთან – თუ გახსოვს, როდის იყო და რატომ გადაწყვიტე კერძის მომზადება?
კულინარიასთან ჩემი პირველი შეხება იყო დაახლოებით 12 წლის წინ. მაშინ, როდესაც მე და ჩემი მეუღლე ჟენევაში გადავედით საცხოვრებლად. იქ დავიწყე სადილების მომზადება. სხვათაშორის, კარგადაც გამომდიოდა და ბევრ ქათინაურსაც ვიმსახურებდი. თან ვერთობოდი, მეტი დრო მქონდა დიასახლისობისთვის. ძალიან მიყვარს პროდუქტების არჩევა და შეძენა. მახსოვს, ერთხელ ჩემი მეგობარი თამუნა ინგოროყვა ჩამოვიდა ჟენევაში და წავიყვანე საყიდლებზე. ყველაფერზე მეკითხებოდა _ „თაკო, ეს რა არის? ის რა არის?“ მეც სიამოვნებით ვუხსნიდი. ვფიქრობ, საზღვარგარეთ უფრო მარტივია საკვების მომზადება _ ყველაფერი მზა იყიდება. შესაბამისად, დიასახლისებსაც უადვილდებათ კერძების მომზადება.
როგორ ისწავლე კერძების მომზადება? ინტერნეტის დახმარებით, კულინარიულ ლიტერატურაში მოძიებული რეცეპტებით თუ დედისგან, ბებიისგან?
ჟენევაში რომ ვცხოვრობდი, მახსოვს სულ ტელეფონზე ვეკიდე. ხაზზე მუდმივად იყო დედაჩემი და ათას რამეს ვეკითხებოდი: ახლა რა უნდა გავაკეთო? რომელი სუნელი დავუმატო? რამდენი დრო სჭირდება? როდის იქნება მზად? მოკლედ, დედაჩემი მყავდა აკლებული. დღეს უკვე გაწვრთნილი ვარ. თუ რამე განსაკუთრებული კერძის მომზადება მომინდება, ერთი მეგობარი მყავს _ ლიკა კვარაცხელია, მე მგონი ყველაზე კარგი კულინარია მთელ თბილისში, და ზუსტად 5 წუთში მასწავლის ნებისმიერი კერძის მომზადებას.
პირველად იყო ჟენევაში. რა ხდება დღეს? სამი შვილის დედა ხარ, ყოველდღიურად ამზადებ კერძებს?
არ მოგატყუებ და არა. ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, ყოველდღე კერძების მომზადების დრო ნამდვილად არ მაქვს. მყავს დამხმარე ადამიანი, რომელიც სადილების მომზადებაში მეხმარება. მე, ძირითადად, შაბათ_კვირას ვტრიალებ სამზარეულოში. ვამზადებ კერძს მთელი ოჯახისთვის, მერე ერთად ვსხდებით და ვსადილობთ. ერთგვარი რიტუალია ჩვენთვის.
რომელ კერძებს ამზადებ? იმას, რაც შენ გიყვარს თუ რაც აუცილებელი და ჯანმრთელი საკვებია?
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ გურმანი ვარ. მიყვარს თითქმის ყველა ქვეყნის სამზარეულო. განსაკუთრებით _ იტალიური. დღის ნებისმიერ მონაკვეთში შემიძლია ზღვის პროდუქტების მიღება. მსუბუქია და გემრიელი. მე და ჩემი მეუღლე სადილსა თუ ვახშამზე ხშირად დავდივართ სხვადასხვა რესტორანში. რაც შეეხება შინ მომზადებას, ყველა კერძი, უპირველესად, ბავშვებისთვის კეთდება _ ის, რაც მათთვის სასარგებლო და აუცილებელია. მკაცრად გვაქვს განსაზღვრული, ბავშვებმა კვირის რომელ დღეს რა უნდა მიიღონ. ჩვენს სახლში მაცივრის კარი არ იხურება. ბავშვებს ხან რა მოუნდებათ და ხან რა. ამიტომ სადილის გარდა აუცილებლად უნდა გვქონდეს რძის პროდუქტები, ტკბილეული. ჩემი უფროსი შვილი განსაკუთრებული გურმანია, კულინარიულ გადაცემებსაც კი უყურებს. აინტერესებს, რომელი კერძი როგორ მზადდება.
გასაგებია, რომ თქვენს ოჯახში პრიორიტეტი ბავშვები არიან. შენთვის და მეუღლისთვის თუ ამზადებ კერძებს?
იშვიათად. ჩემთვის შეიძლება სახელდახელოდ სალათა გავაკეთო _ სალათის ფურცლები, ბოსტნეული. არ მიყვარს რძის პროდუქტები, საკუთარ თავს ვაიძულებ ვჭამო ხაჭო, იმიტომ, რომ აუცილებელია. მშიერი როცა ვარ, მაშინ ყველაფრის მომზადება მინდება. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, არ არის აუცილებელი, რომ კერძი მაინცდამაინც ჩემი მომზადებული იყოს. საკვების მიმართ არ ვართ პრეტენზიული.
სამზარეულო შინ ყველა ქალის საუკეთესო სივრცეა. მიუხედავად იმისა, რომ აქტიური კულინარი არ ხარ, რამდენად ხშირად ტრიალებ სამზარეულოში?
მერე რა, რომ ყოველდღე კერძებს არ ვამზადებ? სამზარეულო მაინც ძალიან მიყვარს. ყველაზე მყუდრო ადგილია ჩემთვის. საათობით შემიძლია აქ ყოფნა. დილით ყავა და ჟურნალები, ან პრინციპში, დღეს უკვე ინტერნეტი. მართალი გითხრა, როდესაც ამ სახლს ვაკეთებდი, გადავწყვიტე სამზარეულოში დიდი მაგიდისა და ბევრი სკამის დადგმა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატეულიყო. ჩემი გოგონები რომ მოდიან, როგორც წესი აქ ვსხდებით. ყავა და დაუსრულებელი საუბარი…
დაბოლოს, რა მოამზადე კულინArt-ისთვის? რა რეცეპტს სთავაზობს თაკო ჩხეიძე კულინArt-ის მკითხველს?
როგორც უკვე აღვნიშნე, მიყვარს იტალიური სამზარეულო და სპეციალურად თქვენთვის მოვამზადე „პასტა“. მარტივი რეცეპტი აქვს, ძალიან გემრიელია და 15 წუთში მზადდება.
''პასტა''
რეცეპტი:
ვჭრით პრასს და ვთუშავთ ცხიმში. მოთუშვის შემდეგ ვუმატებთ დაჭრილ შამპინიონს. პარალელურად, ვხარშავთ მაკარონს. სასურველია იყოს სპაგეტი. მოთუშულ ინგრედიენტებს დავუმატებთ ნაღებს და კარგად მოვურევთ. აუცილებელია შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით. წამოდუღების შემდეგ მოთუშულ ნარევს დავასხამთ სპაგეტის. კარგად ამოვურევთ და მზად არის ძალიან გემრიელი „პასტა“.
ფოტო: ანა ლორთქიფანიძე