კულინარიული მასტერკლასი გერმანელი შეფ-მზარეულისგან

შტეფან ობერმიულერი გერმანელი შეფ–მზარეულია, რომელიც „2017-საქართველო-გერმანიის წლის“ ფარგლებში საქართველოს ესტუმრა. მისი ვიზიტი არა მხოლოდ კულინარიული ტრადიციების გაცვლას გულისხმობს, არამედ ხელს უწყობს საქართველოში ამ დარგის პროფესიული განათლების განვითარებას. შტეფან ობერმიულერი, გერმანიაში, ერთ-ერთი პროფესიული კოლეჯის პედაგოგია. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ის პროფესიული კოლეჯ „მერმისის“ სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის გამართავს კულინარიულ მასტერკლასს. თავად თვლის, რომ ვიზიტი მის კულინარიულ პალიტრას კიდევ უფრო გაამდიდრებს.

– შტეფან, მოგვიყევით თქვენ შესახებ, როდიდან დაინტერესდით კულინარიით? 

– პროფესიით მზარეული ვარ. მზარეულობის სწავლა დავიწყე 1938 წელს. ეს იყო სამწლიანი პროფესიული განათლება. გერმანიაში არის იდეალური სისტემა, რაც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას. ცამეტი წლის განმავლობაში ვმუშაობდი, შემდეგ გავიარე სამწლიანი ოსტატური მზარეულის დაოსტატების კურსი და ამ დარგში სახელმწიფო დიპლომი მივიღე. ეს პრემია, რომელიც მომანიჭეს, გამოქვეყნებული იყო გაზეთებში და შემომთავაზეს გერმანიის მზარეულთა ეროვნულ ნაკრებში მონაწილეობის მიღება. თავიდან ცოტა შემეშინდა, მაგრამ ვცადე და გაამართლა. 2008 წელს გავედი მსოფლიო ოლიმპიადაზე და პირველი ადგილი ჩვენმა ნაკრებმა მოიპოვა. ესეც ფართოდ გაშუქდა პრესაში და ამის შემდეგ უკვე მიმიწვიეს გერმანიის შეიარაღებულ ძალებში სამუშაოდ, სადაც ვმართავდი სხვადასხვა საპასუხისმგებლო ღონისძიებებს. ფაქტობრივად, გერმანიაში დიდ სამზარეულოებს ვემსახურებოდი. ასევე მიღებული მაქვს მონაწილეობა სხვადასხვა კონკურსებში. ერთ-ერთი იყო სტამბულის გასტრონომიული კონკურსი, სადაც ევროპელები და აზიელები ერთად ამზადებენ კერძებს. დიდ წარმატებას მივაღწიე! 

ასევე ევროპის კულინარიულ კონკურსში ავიღე ჯილდო და 2010 წელს უკვე ლუქსემბურგის მსოფლიო ჩემპიონატში მივიღე მონაწილეობა, სადაც მესამე ადგილი მოვიპოვე. ამჟამად ვარ მასწავლებელი გერმანიაში და პარალელურად ვმუშაობ მზარეულად. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და დიდი საიმოვნებით ვუნაწილებ ჩემს გამოცდილებას ახალბედა მზარეულებს. 

– საქართველოში პირველად ხართ? 

– დიახ. 

– მოასწარით თუ არა ქართული სამზარეულოს კერძების დაგემოვნება? 

– დიახ, ვცდილობდი, რომ გავცნობოდი საქართველოს კულინარიას. ჯერჯერობით სახელები ვერ დავიმახსოვრე, რადგან ძალიან მრავალფეროვანი სამზარეულო გაქვთ, ამიტომ ვიყიდე სპეციალური წიგნი და ნელ-ნელა ვეცნობი. 

– რა კერძები უნდა მოუმზადოთ სტუდენტებს და რითი აპირებთ მათ გაკვირვებას? 

– თავიდან გადავწყვიტე ტრადიციული გერმანული საშობაო კერძი მოგვემზადებინა ბატის მკერდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველოში ბატი არც თუ ისე პოპულარულია, ამიტომ შევცვალეთ მენიუ და გავაკეთებთ დამარინადებული ორაგულის ფილეს სხვადასხვა გარნირებით. 

– რამდენი კერძისგან შედგება მენიუ? 

– სამი. პირველი იქნება ორაგულის ფილე. მეორე მთავარი კერძი ‒ შებოლილი საქონლის ფილე, რომელიც ალუბლის ტოტებისა და მისი სოუსის ორთქლში იწვება; პირშუშხას სოუსი, რომელიც ავსტრიული მეთოდით იქნება მომზადებული; ასევე ექნება თხლად დაჭრილი კარტოფილი და სხვადასხვა ბოსტნეული. დესერტად ‒ ტრადიციული გერმანული შემწვარი ვაშლი ‒ მარციპანით, ქიშმიშითა და ნუშით, სპეციალურ ფორმაში და ამასთან ერთად, გამოყენებული იქნება საშობაო ნამცხვრის ცომი. 

– როგორ აღნიშნავთ შობას და რა ხდება საშობაოდ გერმანულ ტრადიციულ სუფრაზე? 

– 24 დეკემბერს, საღამოს, როცა შობა შემოდის, ძალიან სტრესული დღეა ჩვენთვის. პირველ რიგში უნდა მოვასწროთ საჩუქრების დალაგება, ამიტომ ამ საღამოს ბევრს არ აქვს დრო სამზარეულოში იტრიალოს. ამის გამო სუფრაზე კომბოსტო და ძეხვი გვიდევს. სამაგიეროდ 25-ში და 26-ში მეტი დრო გვაქვს საშობაო სადილის მოსამზადებლად. ტრადიციულ საშობაო სუფრაზე აუცილებელია შემწვარი ბატი ან იხვი. 

ფოტო : ირა კურმაევა 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com