კუნძულ ისკეაზე, ერთი პატარა იტალიური რესტორანია, სახელად "DANI MAISON"-ი, რომელმაც ორი წლის წინ დაიწყო ფუნქციონირება და გახსნიდან სულ რაღაც ოთხ თვეში მიშლენის ორი ვარსკვლავი მოიპოვა. რესტორნის მასპინძელი და შეფ მზარეული ნინო (გაეტანო) დი კოსტანცოა, რომელიც წარმატებით მართავს თავის პატარა ბიზნესს და მაშინ, როცა კუნძულზე სეზონი არ არის, სხვა ქვეყნებში მოგზაურობს და ახალ გემოებს ეძებს.
– ნინო, როგორ შეძელით ამ მოკლე პერიოდში მიშლენის ორი ვარსკვლავის მოპოვება?
– სანამ საკუთარი რესტორნის გახსნას გადავწყვეტდი, ვმუშაობდი ერთ-ერთ სასტუმროში, რომელსაც ასევე ორი მიშლენის ვარსკვლავი ჰქონდა. იქიდან წამოსვლის შემდეგ უკვე ჩემი საკუთარი იდეა მქონდა, ტურისტებისთვის მიმზიდველი რესტორანი მქონოდა. არ ვიცი, ჩემს შემთხვევაში როგორ მოხდა. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ ამხელა აღიარებით. ვფიქრობ, იმისთვის რომ წარმატებას მიაღწიო, აუცილებელია კარგად იცოდე შენი საქმე, ისწავლო, პროდუქტი და სერვისი გქონდეს უმაღლესი ხარისხის; ალბათ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით დავიმსახურეთ ასეთი მნიშვნელოვანი აღიარება, რაც დამეთანხმებით მზარეულისთვის დიდი წარმატებაა.
– რატომ ჩამოხვედით საქართველოში?
– ჩემი ჩამოსვლა იტალიური სამზარეულოს კვირეულს უკავშირდება. მომიწვია იტალიის საელჩომ. გასულ წელს ამავე კვირეულის ფარგლებში ვიყავი ტორონტოში, კანადაში. სულ ვმოგზაურობ, მიყვარს ახალი გემოების აღმოჩენა და მიხარია, რომ ახლა საქართველოში ვარ.
– ვინ უნდა დააგემოვნოს თქვენი კერძები? ვინ იქნებიან თქვენი სტუმრები?
– სტუმრები საელჩოს დაპატიჟებულია. იმედი მაქვს მათ მოეწონებათ ჩემი მომზადებული კერძები. სპეციალურად ამ საღამოსთვის იტალიიდან ჩამოვიტანე პროდუქტები: კრევეტები, კამეჩის ყველი, ხორცი, პასტა, ზეთი და სხვა ნედლეული. მინდა გავიცნო ქართველი მზარეულები, რადგან შემდეგ გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება.
– თქვენი აზრით, რით არის იტალიური სამზარეულო გამორჩეული?
– პირველი, რასაც იტალიურ სამზარეულოში ვანიჭებ უპირატესობას, ეს არის პროდუქტი. სანამ რაიმე კერძს დავამზადებ, ვყიდულობ ისეთ პროდუქტს, რომელსაც მაღაზიაში ან ჩვეულებრივ ბაზრობაზე ვერ შეიძენთ. ვფიქრობ, ეს არის სამზარეულოს მთავარი პრინციპი. ჩემი სამზარეულოს ფილოსოფიაა, არ მქონდეს გავლენა სხვა ქვეყნის კულინარიაზე, ყოველთვის ვცდილობ განვაახლო ის ტრადიციული რეცეპტები, რაც იტალიურ სამზარეულოს აქვს. შესაძლებელია კონსისტენცია ან ფორმა განსხვავებული იყოს, მაგრამ ის ყოველთვის ტრადიციულია.
– ნინო, რა არის იტალიელების საშობაო კერძი და შეგიძლიათ თუ არა პატარა რეცეპტის გამხელა?
– შობა არის ისეთი დღესასწაული, რომელსაც ყოველთვის ოჯახში აღვნიშნავთ. დღეს ტენდენციაა, რომ ოჯახი ერთმანეთს ვეღარ ნახულობს. ჩემი რჩევა იქნება ამ დღისთვის გაერთიანდეთ, რადგან მნიშვნელოვანია ერთად ყოფნა. რაც შეეხება ტრადიციულ კერძებს, იტალიაში მათ ყოველთვის ვამზადებთ. ეს არის ღარიბული სუფრა, ადვილი რეცეპტებით. მასში განსაკუთრებულს ვერაფერს ნახავთ. კერძი „მინესტრა მატიანე“ ან წვნიანი – მზადდება მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტისგან – ქათმის ხორცი, ღორის ხორცი და ბოსტნეული. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბევრი ტრადიციული კერძი გექნებათ და ვიმედოვნებ, ახალი მზარეულები, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ, შემდგომ განაახლებენ ტრადიციულ კერძებს და არაჩვეულებრივ კომბინაციას მიიღებენ.
– დაბოლოს გკითხავთ: გასინჯეთ ქართული სამზარეულოს კერძები?
– სამწუხაროდ დრო არ მქონდა, თუმცა გარეთ ვიყავი და დავაგემოვნე ფენოვანი ხაჭაპური. ის ძალიან ჰგავს ჩვენს პიცას. ვფიქრობ, მათი შეზავებით საინტერესო კომბინაცია შეიძლება გამოვიდეს. დღეს street food-ი ძალიან პოპულარულია. უბრალო კერძისგან შესაძლებელია შედევრის მიღება.
DANI MAISON