ახალი წლის ახალი ათვლები, რიტუალები და მთავარი რეცეპტი

„აიღეთ 12 თვე და კარგად გარეცხეთ შურისგან, სიავისაგან, სიძუნწისაგან, პედანტიზმისაგან, აღშფოთებისა და შურისძიებისაგან, ყველაფერი დანარჩენი გაყავით 30 ან 31 ნაწილად. ყოველი დღე შეკმაზეთ, მხნეობის, შრომისა და იუმორისაგან, დაუმატეთ სავსე სუფრის კოვზი ოპტიმიზმი, ჩაის კოვზით ტოლერანტობა, ერთი მწიკვი ირონია და ტაქტი. 

მთელი ეს მასა შეანელეთ დრესინგით, რომელსაც ჰქვია სიყვარული. მომზადებული კერძი კი ყოველდღე მორთეთ ყურადღების, სიმხნევისა და ხალისის პატარა თაიგულით.“ 

კატარინა ელიზაბეტ გოეთე, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს დედა 1731–1808

ჩვენი ცხოვრება წარსულის გამოცდილებაა, რომელსაც აწმყოში ვიყენებთ სამომავლოდ ჩვენივე ცხოვრებისათვის, ჩვენი შვილების, ახლობლებისა და საყვარელი ადამიანებისათვის, საზოგადოებისათვის და კიდევ ვინ იცის რისთვის, მაგრამ ახალი წლის დასაწყისისთვის ყველას რაც გვაერთიანებს, ეს ახლის მოლოდინია, ახალი ათვლის დასაწყისი, რომელიც იდუმალებით, ძველის გაცნობიერებითა და მომავლის იმედით გვავსებს. ბუნებას საოცარი მენეჯმენტი აქვს, ყველაფერი განსაზღვრულია, მოწესრიგებულია, გაივლის 12 თვე 365 ზოგჯერ 366 დღე 8784 საათი და ისევ თავიდან იწყება ყველაფერი, გვეძლევა შანსი, განსაზღვრული დრო და პირობები, რომ ჩვენი ცხოვრება ვიცხოვროთ. ყველას უნდა, რომ ეს მისი ე.წ. ცხოვრება ბედნიერი იყოს, ბედნიერება კი ყველასთვის სხვადასხვანაირია და რასკვირველია, საახალწლოდ რეცეპტებიც სხვადასხვანაირი იქნება ერის რელიგიიდან, კულტურიდან, ტრადიციებიდან გამომდინარე. 

ახალი წელი საუკეთესო საშუალებაა, ახლის დასაწყებად, ძველი უსიამოვნებების დასავიწყებლად, ახალი გეგმების იმედის მომცემი ოცნებების განსახორციელებლად. საქართველოში მას ოდითგანვე ზეიმობდნენ, ოღონდ სხვადასხვა დროს: მეშვიდე საუკუნემდე ახალ წელს საქართველოში აგვისტოში აღნიშნავდნენ, შემდეგ, მეცხრე საუკუნემდე ‒ სექტემბერში, მერე კი მარტში და ასე გრძელდებოდა XIV საუკუნის მიწურულამდე, როცა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს დაიწყო. ის ეფუძნება ახალი წლის დასაწყისის პირველი დღის მაგიას, რაც ბევრ კულტურას აერთიანებს. სურვილები, ადათ-წესები, დალოცვები, სხვადასხვა რიტუალები, რომელიც ამ მაგიურ დღეს უკავშირდება ყველა კულტურას აქვს, ასევე ყველა კულტურას აქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებული რჩევები, რეკომენდაციები, მენიუ და სხვადასხვა რეცეპტები, რომელიც თითქოს ამ კულტურებს ერთმანეთთან აკავშირებს და ასევე განასხვავებს კიდევაც ‒ პირველი დღე უნდა იყოს უხვი, მხიარული, ბარაქიანი, ახლობლებისა და საყვარელი ადამიანების წრეში, უდარდელი, რომ მთელი წელი უხვი, ბედნიერი და წარმატებული იყოს. 

ეს ახალი წლის პირველი დღეების სამოქმედო კასკადი უძველესი დროიდან იღებს სათავეს, როდესაც წლის ათვლა გაზაფხულზე ბუნების გამოღვიძებასთან ერთად იწყებოდა და მიწათმოქმედი პირველ ხნულს ავლებდა, ეს გაკვალვა დალოცვით და ძღვენით იწყებოდა, რომ უზენაესისთვის პატივი მიეგოთ იმავე პროდუქტებით, რასაც იგი სიცოცხლისათვის უგზავნიდა ადამიანს. აქედან მოდის მეკვლეს ტრადიციაც და სუფრის სიუხვეც, რამაც საზოგადოების განვითარებასთან ერთად იცვალა სახე, თუმცა ახალი წლის პირველი დღეების რიტუალური დანიშნულება არ შეცვლილა. ადამიანებს ისეთი შეგრძნება აქვთ, რომ რაღაცა ახალი და განსაკუთრებული უნდა მოხდეს, ამას ირგვლივ გამეფებული საზეიმო განწყობა და საყოველთაო სამზადისიც უწყობს ხელს. 

არც თუ ისე დიდი ხნის წინ დამკვიდრდა ტრადიცია-კერძები, ფერები, რიტუალები იმ საკულტო ნიშანს მიეძღვნას რისი წელიც არის, აქედან გამომდინარე, ევროპულ ნაწილს თავისი ტრადიციების შეხამება აღმოსავლური კულტურის, ფილოსოფიის ტრადიციებთან უხდება, ეს გლობალიზაციის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია გასტრონომიაში თუ კულტურის სხვა ნაწილში.

მომავალი 2018 წელი აღმოსავლური კალენდრით ყვითელი ძაღლის წელია, ძაღლი კი ოჯახის, ერთგულების, სიმშვიდის და გარანტირებული სიფრთხილის სიმბოლოა. ყველა წელიწადს აღმოსავლური ფილოსოფიის მიხედვით მართავს და განსაზღვრავს თავისი სტიქია. ეს სტიქია 2018 წლისათვის არის მიწა, რომელიც განასახიერებს, სტაბილურობას, სიმყარეს და ნაყოფიერებას. აღმოსავლურ ფილოსოფიაში ყვითელი ფერი კი გამოხატავს სიმწიფეს, სიბრძნეს, და გონების მოწიფულობას. რაც შეეხება ყვითელ ძაღლს, იგი ოჯახის არსებაა, ამიტომაც სახლში მომზადებული კერძები უფრო უპრიანია და სახალისოც.

ყვითელი კი შეიძლება იყოს სიმინდისგან, ყვითელი ბულგარულისგან, გოგრა ეს ბუთქუჩა ყვითელი დედოფალი შეგიძლიათ ხორცთან, როგორც გარნირი და ასევე, დესერტად ტკბილ ანსამბლში გამოიყენოთ, ყვითელი პომიდვრები, ყვითელი ხიზილალა, ანანასი, ბანანი, მსხალი, ფორთოხალი, მანდარინი.

ყოველი ძაღლის ოცნება კი, რასაკვირველია, ძვალია, ამიტომაც ნეკნები ბოსტნეულთან ერთდ ზედგამოჭრილი იქნება. 

ძაღლს ყველანაირი ხორცი უყვარს, ამიტომაც შეგიძლიათ ცხელი კერძი, კურდღლის, ღორის, საქონლის და ფრინველის ხორცისგან გააკეთოთ. 

მთავარია, ყველანაირი სადილი შენელებული იყოს სიყვარულით და ხალისიანი განწყობით. როგორც 

ცნობილი მზარეულები ამბობენ, თუ მზარეულს რამე აწუხებს, კერძი არასდროს გამოსდის გემრიელიო. მნიშვნელოვანი არ არის რას დადებ, არამედ როგორს დადებ, რომ სიხალისე და სიამოვნება მოგანიჭოს, ეს შეიძლება იყოს მარტივად პიტნიანი ნადუღი მორთული ნუშით, რომელსაც გირჩის ან ნაძვის ხის ფორმა აქვს, ან თუნდაც მარტივი სალათი ყვითელი ფერის ბოსტნეულისგან გამოყვანილი რიცხვით 1. 

საქართველოს მთავარი მახასიათებელი ხომ მისი რეგიონალური თავისებურებებია, როგორც გეოგრაფიული, ასევე კულტურული თვალსაზრისით. ყველა კუთხეში საახალწლო რიტუალი თავისებურად ვითარდებოდა, მაგრამ არც დედაქალაქი იყო ამ თვალსაზრისით გამონაკლისი. თბილისში მიღებული წესი იყო, რომ ახალ წელს სახლის კარები ღია დაეტოვებინათ, რომ ნებისმიერი სტუმარი შემოსულიყო მისალოცად და ბედნიერებას გვერდით არ ჩაევლო, მაშინ როცა დასავლეთ საქართველოში სპეციალურად შერჩეულ მეკვლეს ელოდებოდნენ და არ იყო სასურველი, რომ უცხო ვინმე შემოსულიყო პირველი. წესით ახალ წელს თრობა მიუღებელი იყო, იმდენი უნდა დაელიათ, რომ კარგ ხასიათზე ყოფილიყვნენ, რომ სიყვარული, სიხარული და სითბო ყოფილიყო ადამიანებს შორის. 

ტრადიციის მიმდევარი ოჯახები დღესაც ახალ წელს ერთად ხვდებიან, ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან და შეძლებისდაგვარად, უხვ სუფრასთან ატარებენ ახალი წლის პირველ წუთებს, ერთმანეთისთვის კეთილი სურვილებითა და მოფერებით.

ამ წლის საახალწლო სუფრაზე ალბათ ვერაფრით ვიტყვით უარს ჩახოხბილის პირვანდელ სახეზე, სანამ პომიდორი შემოვიდოდა ჩვენს ცხოვრებაში, შემწვარი ფრინველი ხომ ბროწეულის სოუსით იყო, ბროწეულის სოუსი კი სრულიად მარტივია, ბროწეულის წვენი, მარილი, წიწაკა, დანაყილი ქინძი, ხახვი და კამა სიყვარულით შეზავებული. 

როგორც უკვე აღვნიშნე, უმჯობესია საახალწლო სუფრაზე მეტი ხორციანი კერძი იყოს, როგორც ამბობენ თავი უნდა აარიდოთ კვერცხიან სალათებს, მაგრამ უხვად უნდა იყოს რძიანი კერძები და პურ-ფუნთუშეული. სერვირება, კი რასაკვირველია, ნათელი და რაც შეიძლება ბრჭყვიალა. უმჯობესია თევზეული კატას დაუვუტოვოთ, ძაღლი მას ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდება. რაც შეეხება სამარხვო კერძებს, შეგვიძლია ფერადი ბოსტნეულის მოთუშული თბილი სალათით დავამშვენოთ სადღესასწაულო მაგიდა. დესერტად კი ხილის სალათი მოვამზადოთ: ანანასი, ფორთოხალი, მანდარინისა და გარგარის ჩირი, ყვითელი ქიშმიში, ვაშლი, ბანანი, ყვითელი მსხალი, მოხალული ნიგოზი და ნუში ერთმანეთში ლამაზად ავურიოთ, დრესინგად კი ანანასის, ლიმონის წვენისა და მაისის თაფლის ნაზავი მოვასხათ. 

ვინატროთ, რომ ჩვენი საქართველო გაერთიანდეს, გაძლიერდეს და ყველაფერი ეს ჩვენს ცხოვრებაზე ნათლად აისახოს, ამიტომაც, როგორც სამეგრელოში იციან, სთხოვეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანს გახდეს თქვენი მეკვლე, მეგრელებივით დაახვედრეთ მას ხაჭაპური, ელარჯი და გებჟალია, გურულებივით კი მოიმარაგეთ სიცოცხლის სიმბოლო ჩიჩილაკი, ღორის ხორცი, იმერლებივით ‒ ცივად მოხარშეთ დედალი, აფხაზებივით აჯიკაში შეწვით ქათამი, მესხების დელიკატესი ‒ აპოხტი, ბაქმაზი და ტენილი ყველი არ დაგავიწყდეთ, აჭარლებივით გამოაცხვეთ ბაქლავა და სახლის ყველა კუთხეში მოაბნიეთ სიუხვის სიმდიდრის და გამრავლების სიმბოლო ‒ ხორბალი, რაჭველებივით გამოაცხვეთ ბაჭულები და არ დაგავიწყდეთ რაჭული ლორი, მას მიუმატეთ სვანური კუბდარი, დესერტისთვის ხევსურული ქადები და ქართლური ნაზუქები, დაალაგეთ ეს ყველაფერი თქვენი ოჯახის გობზე, მიუდგით გვერდით კახური ქვევრის ღვინო, ჩურჩხელა, თბილისური გოზინაყი და დაიბედეთ ყვალაფერი საუკეთესო.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com