გიორგი გაბუნიას საახალწლო დღესასწაული

სუბიექტურად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ კულინარია თითოეულ ადამიანში განსხვავებულ ემოციას იწვევს. გიორგი გაბუნიას ბევრი იცნობს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მისი სუსტი წერტილი ტკბილეულია. შეუძლია უზომო რაოდენობით მიირთვას და ამ დროს ყველაზე ბედნიერია. განსაკუთრებით საახალწლო ტკბილეული იწვევს მასში გამორჩეულ ემოციებს. გაგიკვირდებათ და ინტერნეტიდანაც კი იწერს ხოლმე და შემდეგ მხოლოდ თვითონ მიირთმევს. მოკლედ, დანარჩენს ჩვენი ინტერვიუდან გაიგებთ:

– რა არის შენთვის კულინარია?

– ადამიანების, რომლებიც საჭმლის კეთებით სიამოვნებას იღებენ და სტრესი ეხსნებათ, მათი მესმის, თუმცა ჩემთვის ეს პროცესი დროის კარგვასთან ასოცირდება. ჩემთვის საჭმელი მხოლოდ იმისთვის არის, რომ არ მოვკვდე, შესაბამისად საჭმელს თვითონ არასდროს ვამზადებ. ჭამის პროცესშიც კი მენანება ხოლმე დროის კარგვა. ამის გამო მიყვარს fastfood-ი. იმ ადამიანებისთვის, ვინც მართლა აფასებს კვებას და გურმანია, მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ ჩემთვის ასეა. მიყვარს, როცა საჭმელს არ ელოდები, ზუსტად იცი რასაც მიირთმევ და ყველა ქვეყანაში ერთნაირია. ჩემი სამსახურის სასადილოშიც ძალიან გემრიელად ვჭამ. უმეტესად მარტო, მიუხედავად იმისა, რომ მაგიდა და საკვები სოციალიზაციის ერთ-ერთი ნაწილია, არ გამაჩნია მარტო ჭამის კომპლექსი და დისკომფორტი. 

– საზღვარგარეთ ყოფნისას, თუ ინტერესდები კულინარიით?

მოგზაურობისას, ჩემთვის ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. იშვიათად ვახერხებ ქვეყნიდან გასვლას, მით უმეტეს, ყოველთვის ისეთ მიმართულებებს ვირჩევ, სადაც უამრავი რამის ნახვა მიწევს. ამის გამო რესტორნებში დროის დაკარგვა ჩემთვის მიუღებელია. ჩემი მოგზაურობებიდან ეს ნაწილი ყოველთვის ამოშლილი მაქვს და გადასული ვარ სწრაფი კვების ობიექტებზე, რაც ძალიან ბევრისთვის შეურაცხმყოფელია.

– ბოლოს რა დააგემოვნე?

წელს პარიზში ყოფნისას, ჩემმა მეგობარმა და საქართველოს მთავარმა გურმანმა, ხომ მიხვდით ვისაც ვგულისხმობ, რამდენიმე რესტორანი მირჩია, რადგან მის გემოვნებას ვენდობი, ანგარიში გავუწიე და ევროპის ერთ-ერთ მთავარ კულინარიულ ქალაქში გამონაკლისი დავუშვი. წლების განმავლობაში უამრავ ადგილას ვყოფილვარ და ასეთი რამ პირველად გავაკეთე. თან მარტო წავედი. რესტორანში ყველა წყვილებითა თუ ოჯახებით მიდიოდნენ, მე კი მარტო ვიჯექი, ჩემთვის გამოყოფილ პატარა მაგიდასთან. ვიცოდი, რომ იქ მეორედ აღარ მივიდოდი, ამიტომ რაც საქართველოს მთავარმა გურმანმა მირჩია, ყველაფერი შევუკვეთე: ლოკოკინები, ბაყაყის ბარკლები და ასე შემდეგ, ბოლოს დესერტიც არ დავტოვე. ვაღიარებ, ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ამას მეორედ აღარ გავაკეთებ. ამ რესტორანშიც თადარიგი დავიჭირე, შემთხვევით მოხდა, რომ დროზე მივედი და ადგილი იყო. მეორე რესტორანში, ხალხის რიგი მუზეუმების, თეატრებისა და კონცერტების რიგს მოგაგონებდათ. ამხელა რიგში რესტორნის გამო არ დავდგებოდი. მეორე დღესაც მივედი და იგივე რიგი დამხვდა. ბოლოს ვიკითხე, რომელ საათზე იხსნებოდნენ, მივედი ნახევარი საათით ადრე. რიგი მაინც იყო, მაგრამ შედარებით ნაკლები ხალხით. მიუხედავად იმისა, რომ კულინარია ჩემთვის არაფერს ნიშნავს, მაინც არის ერთი დარგი, რომელიც ჩემში საუკეთესო ემოციებს იწვევს ‒ კონდიტერია. ტკბილეულობას დიდი დრო არ სჭირდება, მით უმეტეს, თუ იტალიაში ვარ, სადაც ყველა ქალაქში, ყველა უბანში სხვადასხვა ტკბილეულობას აკეთებენ, დავდივარ და ყველგან ყველაფერს ვაგემოვნებ.

– სახლში გირჩევნია სადილი თუ გარეთ და რატომ?

– სახლში მარტო ვარ, მზადება არ მეხერხება და არც ვცდილობ, ამიტომ მაქსიმუმ რასაც საკუთარი თავისთვის  ვაკეთებ არის სოსისი ან შემწვარი კვერცხი, რომელიც ისე გამოიყურება, რომ ჩემ გარდა არავის მოუნდება დაგემოვნება. ამიტომ მირჩევნია სადილი გარეთ მივირთვა, ის უფრო მრავალფეროვანია. 

– როგორია შენი საახალწლო სუფრა?

– ქართული ტრადიციული სუფრა ძალიან მიყვარს. ბავშვობიდან ვარ შეჩვეული კერძებს, როგორიცაა საცივი, გოზინაყი, მაგრამ აქაც ჩემში განსაკუთრებულ ემოციას ტკბილეული იწვევს. ახალ წელთან ასოცირდება კარალიოკის ჩირი, ვგიჟდები. წლების განმავლობაში ვცხოვრობდი გერმანიაში და იტალიაში. ამ ქვეყნებში საშობაოდ სპეციფიკურ ტკბილეულს აკეთებენ. მეხსიერებაში ისევ ჩარჩენილი მაქვს მათი გემოები. იქაური ტკბილეული, გასინჯვისას მახსენებს იქაური სტუდენტობის წლებს და ძალიან ბევრ ემოციასთანაა დაკავშირებული თითოეული ეს გემო. მენატრება ხოლმე, იმიტომ რომ იქაც მხოლოდ გარკვეულ პერიოდში მზადდება. წლის განმავლობაში ვერ ვჭამ და ძალიან ძვირფასია. მოკლე პერიოდში აგემოვნებ მხოლოდ ამ ნამცხვრებს და ასოცირდება კონკრეტულად შობასთან. შობა და ახალი წელი ისედაც ძალიან მიყვარს. წელს იმდენად მომენატრა ტკბილეული, რომ ინტერნეტით გამოვიწერე დარიჩინიანი ნამცხვრების დიდი ყუთი გერმანიიდან. უკვე ჩამომივიდა და არ ვაპირებ ვინმეს გავუნაწილო. სხვათა შორის, საქართველოშიც იყიდება, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე სახის გერმანული, სამწუხაროდ, არჩევანი თითქმის არ არის. მე ინტერნეტიდან გამოვიწერე ე.წ ნამცხვარი „შტოლენი“ ყველანაირი სახის. არის ვაშლით, ყაყაჩოთი, ნუშით და ა.შ. იტალიურებიც გამოვიწერე პანდორო, პანატონი. მახსენდება ის პერიოდი, როდესაც საახალწლო პერიოდში მაღაზიებში დავდიოდი. იქ ამ ნამცხვრებით დიდი პირამიდებია აშენებული, სხვადასხვა გემოთი: ლიმონის ან შოკოლადის კრემით, კრემის გარეშე და ა.შ. ჩემთვის ეს არ არის უბრალოდ გემო, ჩემთვის ემოციაა, მოგონებასთანაა დაკავშირებული და ბევრად მეტს ნიშნავს. ამიტომ ვმალავ და არავის არ ვუნაწილებ. ვინც იცის რას ნიშნავს ეს ჩემთვის, ის არ კადრულობს და არ მთხოვს განაწილებას.

ფოტო : ირა კურმაევა 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com