FOOD TEST

ირაკლი ჯიშკარიანი & თეკლა ჩიჯავაძე

კულინარიული სუბორდინაცია

თეკლა ჩიჯავაძე იმ იღბლიანი მოდელების რიცხვშია, რომელთაც წონის კონტროლი არ სჭირდებათ. სამზარეულოში ტრიალის მიმართ დიდი ინტერესით არ გამოირჩევა, სამაგიეროდ, კარგი დეგუსტატორია და მეუღლის კულინარიულ შესაძლებლობებშიც საერთო გაუმართლა. ცოლ-ქმარს საქმე – ონლაინმაღაზია – აქვს და დროის ძირითად ნაწილს ერთად ატარებს. კვებასაც მათთვის საერთო რიტუალის სახე აქვს. კულინარიით გატაცებული ირაკლის გემრიელ კერძებს ბოლო დროს ახალი თაყვანისმცემელიც შეემატა – ერთი წლის ლილე, რომლის კვებაზეც მამა უპრობლემოდ ზრუნავს, როცა სამოდელო საქმიანობის გამო თეკლას უცხოეთში უწევს გამგზავრება. ერთად ვაგემოვნებთ ირაკლის მომზადებულ კარბონარას და იტალიური სამზარეულოს მიმართ ლილეს  უკვე გამოხატულ სიმპათიას ფოტო სესიაც ცხადყოფს.

საჭმელს, კვებას, ზოგადად, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ?

თეკლა: გემრიელად ჭამა ორივეს ძალიან გვიყვარს. აქედან გამომდინარე, კულინარია ჩვენს ოჯახში მნიშვნელოვანი სფეროა და ხშირად ვამზადებთ მრავალფეროვან კერძებს. ძირითადად, ჩემი მეუღლე ამზადებს, მას უფრო კარგად გამოსდის. მე მხოლოდ მარტივ კერძებს თუ გავართმევ თავს ‒ პასტას, სალათებს. კარგი დეგუს ტატორი ვარ, ჭამა ძალიან მიყვარს, მომზადება-ნაკლებად.

ირაკლი: დიდი ოჯახი ვართ და სუფრებიც ხშირია ჩვენთან. ახალ წელს, შობას, ზოგადად, დღესასწაულებზე უკვე ძალიან ბევრი წელია ყველანი ერთად ვიკრიბებით. ბიძები, მამაჩემის მეგობრები ოჯახებით მოდიან. მაყალი გვაქვს ეზოში, ერთგვარი რიტუალია მწვადის შეწვა, ურთიერთობა. სადღესასწაულო გარემოსა და განწყობას ქმნის.

 სახლში გირჩევნიათ კვება თუ გარეთ?

თეკლა: ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს, რა თქმა უნდა. რესტორანში წასვლა, იქ საკვების კომფორტულად დაგემოვნებაც სასიამოვნოა და სახლში ერთად რომ დასხდებით და ისადილებთ ან ივახშმებთ, ისიც. ხან ასე გვიხარია, ხან-ისე.

ირაკლი: თუ ორივე სახლში ვართ, ყოველთვის ერთად მივირთმევთ. ძირითადად, ასეა, ახლა სახლში გვაქვს სამსახური. მანამდე შესვენების დროს მოვდიოდით ხოლმე, მივირთმევდით და უკან ვბრუნდებოდით.

ახალი კერძების დაგემოვნება გიყვართ?

თეკლა: მაქვს ხოლმე ინტერესი, მაგრამ ცოტა მეშინია. მირჩევნია ის მივირთვა, რაც ვიცი, რომ მიყვარს. ცოტა ხნის წინ ჩამოვედი იტალიიდან. მოგეხსენებათ, იქაური სამზარეულოს ბრილიანტი პასტა და პიცაა. ძალიან მიყვარს, ყოველთვის მირჩევნია იგივე პიცა „მარგარიტა“ შევუკვეთო, ვიდრე რაღაც უცხო და ექსპერიმენტული. ირაკლი უფრო სხვანაირი კუთხით უდგება საჭმელს.

ირაკლი: ერთხელ ცხოვრობ და ყველაფერი უნდა გასინჯო. მე, პირადად, თვალსაც შეიძლება არ დავუჯერო იმ შემთხვევაში, თუ ვიცი, რომ გემრიელია და გემო გადაწონის ვიზუალს.

როგორ ფიქრობთ, კულინარია რუტინაა?

თეკლა: ინდივიდს გააჩნია. შეიძლება ვიღაცას იმდენად სიამოვნებდეს სამზარეულოში ტრიალი, რომ ეს მისთვის საერთოდ არ იყოს შემაწუხებელი. შესაბამისად, პირიქითაც- თუ ვიღაცას არ უყვარს და არც გემრიელად გამოსდის, მისთვის, ალბათ, რუტინული და მოსაწყენი პროცესია.

ირაკლი: მიყვარს, როცა სხვას სიამოვნებას ვანიჭებ. ერთი პერიოდი უფრო მეტადაც ვიყავი გატაცებული კულინარიით, მეტი თავისუფალი დრო მქონდა და გავიღრმავე ცოდნა, ცოტა პროფესიული განათლებაც დავამატე. ახლა იმდენი დრო აღარ მაქვს, მაგრამ როცა მეგობრები ვიკრიბებით, ძალიან მიყვარს, როცა ვამზადებ და ახლობლების კმაყოფილ სახეებს ვუყურებ.

არის თუ არა პლუსი ადამიანისთვის კარგად მზადება?

თეკლა: კი, პლუსია იმ ადამიანისთვის, ვინც კარგად ამზადებს, იმიტომ, რომ მას სხვა ბევრი ადამიანი ახვევია გარს. იშვიათია, რომ ვინმეს გემრიელი საჭმლის დაგემოვნება არ უყვარდეს.

ირაკლი: და იმისთვისაც პლუსია, ვისაც უმზადებენ, რა თქმა უნდა.

რომელი პროდუქტები გაქვთ მუდმივად სახლში?

ირაკლი: ყველი და ხილი. მუდმივად გვაქვს ბანანი, მაიმუნებივით ვართ.

თეკლა: ზოგადად, ხილი ძალიან მიყვარს, მაგრამ ბანანზე ვგიჟდები! მიუხედავად იმისა, რომ სულ გვაქვს სახლში, არასდროს მბეზრდება.

ჯანსაღ კვებას რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ?

თეკლა: დიდ ყურადღებას ვაქცევთ რას მივირთმევთ. მიხარია, რომ ისედაც ჯანსაღი საჭმელი მიყვარს ‒ ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტი. ჩემი გასტრონომიული სურვილები ხშირ შემთხვევაში ემთხვევა იმას, რაც ორგანიზმს სჭირდება.

ირაკლი: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვიყვარს, სწრაფი კვების ობიექტებს ვცდილობთ მაქსიმალურად იშვიათად ვესტუმროთ. გემრიელია, მაგრამ როცა იცი, რომ ჯანსაღი არაა, ჯობია წინააღმდეგობა გაუწიო საკუთარ თავს ამ მხრივ.

ერთმანეთის კულინარიულ გემოვნებას კარგად იცნობთ?

თეკლა: ირაკლი კარგად იცნობს ჩემს გემოვნებას. როცა ამზადებს, მეკითხება, რა გავაკეთო, რას შეჭამო. აქედან გამომდინარე, იცის რა მიყვარს, რა ‒ არა.

ირაკლის ხინკალი უყვარს, კიდევ კარტოფილი, მჭადი და ყველი. ზაფხულში ყველაზე ხშირად კიტრისა და პომიდვრის სალათს მიირთმევს.

ირაკლი: თეკლას რძე უყვარს, ხორცი, ბურგერები. ზოგადად, ჭამა უყვარს, მაგრამ არ ეტყობა. ხინკალი ორივეს უსაყვარლესი კერძია, თუმცა სახლში არ ვამზადებთ, გარეთ მივირთმევთ ხოლმე.

თუ არის რომელიმე ქვეყანა, რომელიც გასტრონომიული თვალსაზრისით განსაკუთრებულად გიზიდავთ?

ირაკლი: ქართულის მერე ყველაზე დიდ პატივს ჩინურ სამზარეულოს ვცემ. არ ვიცი იქ ზუსტად როგორი დამხვდება, მაგრამ, ვფიქრობ, ქართველებსაც საკმაოდ მაღალ დონეზე აქვთ აყვანილი. ჩვენთან ახლოს კარგი ჩინური რესტორანია, მას ვსტუმრობთ ხოლმე.

თეკლა: ბავშვობაში, სანამ ტკბილისა და ხორცის კომბინაციას გავსინჯავდი, წარმოუდგენელი მეჩვენებოდა ასეთი სინთეზი. არადა ძალიან გემრიელია! საოცრად მომწონს ტკბილი და ცხარე ერთად. ვფიქრობ, ჩინელები ისეთ რაღაცებს ურევენ ეთმანეთში, სხვას რომ აზრად არ მოსდის.

როცა ძალიან გშიათ, სწრაფად რას ამზადებთ?

თეკლა: ირაკლი ძალიან საინტერესო რაღაცებს იგონებს. უმარტივესად შეუძლია ბოსტნეულის სხვადა სხვა გემრიელი მიქსის მომზადება.

ირაკლი: როცა სახლში მიდიხარ, მაცივარს გამოაღებ და ერთი შეხედვით არაფერია საჭმელი, მაშინ გერთვება, ალბათ, თვითგადარჩენის ინსტინქტი და გემრიელ რამეებს იგონებ. ცოტ-ცოტა რომ გაქვს სხვადასხვა პროდუქტი, ხშირად ამ დროს გამოდის ხოლმე ძალიან ეფექტური კომბინაციები.

ვინაა თქვენთვის გურმანი?

თეკლა: ალბათ, ადამიანი, რომელიც გემრიელად ამზადებს. ჩემთვის გურმანი მსუქან და კეთილ ადამიანთან ასოცირდება.

ირაკლი: გურმანს, პირველ რიგში, ყველაფრის გასინჯვა უნდა უყვარდეს. გარდა ამისა, ის იმდენად ხატოვნად უნდა ყვებოდეს კულინარიაზე, რომ ჭამა მოგანდომოს.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com