მას თანამედროვე მსოფლიოს ნომერ პირველ მევიოლინედ მოიხსენიებენ. დარბაზი მუნჯდება, როცა ლიზა ბათიაშვილი სცენაზე გადის და ასრულებს, მაგალითად, ბრამსს. სამაგიეროდ, რეკორდულად დიდხანს გრძელდება ოვაციები და ემოციებიც არა და არ ცხრება.
გერმანიაში ცხოვრობს და ყველაფერს ასწრებს. ყველაფერს აქვს თავისი დრო მის შემოქმედებითად დატვირთულ ყოველდღიურობაში. კულინარიასაც ისევე უდგება, როგორც ცხოვრების მთავარ ხელოვნებას. ის შემთხვევაა, როცა რწმუნდები, რომ ძალიან, ძალიან იშვიათად ადამიანს შეუძლია ვირტუოზული იყოს ყველაფერში. უკლებლივ ყველაფერში.
– ლიზა, კულინარია, კვება რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის?
– ძალიან მიყვარს მზადება და ისიც ვიცი, რომ ჩემი კოლეგები, როგორც წესი, არ იჩენენ ხოლმე ამ სფეროს მიმართ ინტერესს. პირადად მე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ჩემი ოჯახისთვის, ბავშვებისთვის მზადება. რაც შვილები გამიჩნდა, კულინარიაც ყოველდღიური აუცილებლობა გახდა. როცა სახლში ვარ, თავად მიწევს და როცა არ ვარ, მაშინ ჩემი დამხმარე ქალბატონი ამზადებს. შვილებს მაქსიმალურად მრავალფეროვან კვებას ვაჩვევ. არ ვიცი, საქართველოში ამ მხრივ როგორაა, მაგრამ დასავლეთში ბავშვებს, როგორც წესი, ორი-სამი საყვარელი კერძი აქვთ და სხვას არაფერს ეკარებიან. მე აბსოლუტური იგნორირება გავუკეთე ამ ფაქტს და ჩემს შვილებს სხვადასხვანაირ, მრავალფეროვან, მათ შორის, ჩემს მოგონილ კერძებსაც ვუმზადებ. სხვათა შორის, იმდენად მივაჩვიე ამ მრავალფეროვნებას, რომ არ არსებობს, რამე არ მოეწონოთ. იგივე მოგზაურობისას, სხვა და სხვა ტიპის რესტორანში თამამად სინჯავენ ყველაფერს. ეს ძალიან დიდი ბონუსია ჩვენი ოჯახისთვის, რო- მელიც სულ მოძრაობაშია.
– რომელია თქვენი ფავორიტი სამზარეულო? კერძი?
– მე, პირადად, ძალიან მიყვარს იაპონური და იტალიური, ხმელთაშუაზღვის პროდუქტი, ბევრი ბოსტნეული. მათი სამზარეულო მრავალფეროვანია და ცოტათი ქართულსაც ჰგავს. სახლშიც ვამზადებ იტალიურ, იაპონურ კერძებს. ზოგადად, იმპროვიზაცია მიყვარს, იმ ინგრედიენტებს ვიყენებ, რაც მაქვს. ვცდილობ ხილი და ბოსტნეული სულ იყოს სახლში. დღეში ერთხელ მაინც ვამზადებ რაიმე სალათს ბევრი ჯანსაღი ინგრედიენტის გამოყენებით. ავოკადო გვიყვარს ძალიან. ბავშვებს თევზი უყვართ.
– ვისგან ისწავლეთ მზადება?
– საერთოდ, ალბათ, სხვა მუსიკოსებიც იგივეს იტყოდნენ, რომ როცა ადამიანი ამ საქმით ხარ დაკავებული, ძალიან ცოტა დრო გრჩება, მთელი შენი დრო მეცადინეობას, სწავლას მიაქვს. ამიტომ გარკვეულ ასაკამდე მეც დედა მიმზადებდა საჭმელს, მაგრამ 17 წლის ასაკში მარტომ დავიწყე ცხოვრება და ნელ-ნელა ვისწავლე მარტივი კერძების მომზადება. როცა გავთხოვდი და ბავშვები გაჩნდნენ, უკვე ორი აზრი აღარ არსებობდა ამ საკითხთან დაკავშირებით. საერთოდ, არაფრით არ მესმის, როგორ შეიძლება ქალს ჰყავდეს ოჯახი და საჭმელს არ ამზადებდეს. უცხოეთში როცა მივდივართ, იქაც კი, თუ არის ამის საშუალება, მირჩევნია ბინა ვიქირაო და თვითონ მოვამზადო, ვიდრე სასტუმროში გავჩერდე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს სახლში ყოველთვის ჰქონდეთ ჯანსაღი სადილი.
– ყველაზე ხშირად რას ამზადებთ?
– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკვები ჯანსაღი და გემრიელი იყოს და თან სწრაფად მზადდებოდეს. ყველაზე მეტი დრო ქართულ სამზარეულოს მიაქვს, ამიტომ ტრადიციულ ქართულ კერძებს მხოლოდ მაშინ ვამზადებ, როცა სტუმრები მოდიან. ხარჩო, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ხაჭაპური დიდი მოწონებით სარგებლობს. მინდა გაეცნონ ქართულ სამზარეულოს. ბაზარში მიყვარს სიარული და იქ ვყიდულობ პროდუქტს, რომ ახალი იყოს და არა გაყინული. ბავშვებს ძალიან უყვართ სახლში მომზადებული ჰამბურგერები, პასტა, პიცა და ასეთი მარტივი საჭმელები.
– როგორ ფიქრობთ, კულინარიას ნიჭი სჭირდება?
– აუცილებლად! როგორც ყველაფერს. ჩემი მეუღლე ფრანგია, ფრანგებს კი, მოგეხსენებათ, მართლაც ხელოვნების რანგში აქვთ კულინარია აყვანილი: როგორ მიანიჭონ სხვებს სიამოვნება თავიანთი ნახელავით, როგორ მიიტანონ კერძი მაგიდასთან გემოვნებით, შექმნან მთელი დეკორაცია… ამ ყველაფერს ნამდვილად სჭირდება ნიჭი. ფრანგების მხოლოდ დესერტები და ტკბილე ულობაც კი შეუდარებელია, აბსოლუტურად ფანტასტიკური! სხვათაშორის, თავიდან ძალიან მეშინოდა, რომ მეუღლეს არ მოეწონებოდა ჩემი ნახელავი, მაგრამ ამ თვალსაზრისითაც ძალიან გამიმართლა მასში: ჯერ ერთი, ყველანირი საჭმელი უყვარს და მერე ‒ ძალიან მადლობელია, რომ საერთოდ უმზადებენ.
– მოგზაურობისას გახსნილი ხართ გასტრონომიული ექსპერიმენტების მიმართ?
– აბსულუტურად. მაგალითად, როცა პირველად მოვხვდი იაპონიასა და ჩინეთში, მხოლოდ მაშინ გავიგე რეალურად რა გემო აქვს მათ ადგილობრივ კერძებს. დიდი სიამოვნებაა ახალი საკვების იმ კონკრეტულ სივრცეში დაგემოვნება, სადაც ის შეიქმნა.
– თუ არის ქვეყანა, რომელიც კულინარიული თვალსაზრისით, ყველაზე ახლოსაა თქვენს გემოვნებასთან?
– ალბათ, იტალია, ‒ მათი სამზარეულო ოჯახურია. ფრანგულიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემთვის ოდნავ ზედმეტია ფრანგების გადაჭარბებული სწრაფვა ვიზუალური სრულყოფილებისადმი. მე, ზოგადად, მაგიდის გაშლაზეც არ ვგიჟდები, ეს ჩემი 13 წლის ქალი შვილის საქმეა, ის ძალიან ნიჭიერია ამ კუთხით. და ჩემი მეუღლეც, ‒ ისიც ზედმიწევნით ესთეტია.
– შვილებს თუ ასწავლით მზადებას?
– ჩემი ქალიშვილი კარგ ნამცხვრებს აცხობს და ხშირად გვანებივრებს ამ კუთხით. ბიჭი ცხრა წლისაა, გაგიკვირდებათ და, ისაა ჩემი ყველაზე საყვარელი ასისტენტი სამზარეულოში. კარტოფილის დაჭრაში, სხვა მსგავს საქმეებში სიამოვნებით მეხმარება, როცა სცალია.
– კულინარია რამით ჰგავს მუსიკას?
– მხოლოდ საუკეთესო შედეგისკენ სწრაფვით. თუმცა კულინარიაში შედეგს სწრაფად, თითქმის დაუყოვნებლივ ხედავ და ეს ძალიან სასიამოვნოა, მუსიკოსი კი თვეების განმავლობაში მეცადინეობს, რომ ბოლოს სცენაზე გავიდეს, დაუკრას და სიამოვნება მიანიჭოს მსმენელს.
– ბავშვობა რა გემოსთან ასოცირდება თქვენთვის?
– ლაღიძის წყლებთან და წითელ ტყემალთან.
– სამზარეულოს ინტერიერს რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ?
– ბევრ ადამიანს ფანტასტიკურად მოწყობილი სამზარეულო აქვს, მაგრამ არასდროს ამზადებს. ჩემთვის გადამწყვეტია, რომ ის ფუნქციონირებდეს. სამზარეულო მყუდრო, ლამაზი და პრაქტიკული უნდა იყოს, ჩემი აზრით. მთავარი ინსტრუმენტი ‒ მზადების სიყვარულია.
– რომელი ქვეყანა დაგამახსოვრდათ გასტრონომიული თვალსაზრისით?
– იაპონია. იმდენად უჩვეულოა თავად ქვეყანაც, ხალხიც, საკვებიც იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანია, რომ როცა იაპონიაში პირველად ჩავედი, მოუთმენლად ველოდებოდი ხოლმე სადილის დროს.
ფოტო : Anja Frers/ DG , Sammy Hart / DG