DINING TABLE by ქეთი ბაქრაძე

Keti’s Bistro-ში ლანჩ მენიუს შეტანა შემოდგომასა და აცივებას დავამთხვიე. ზაფხული მაინც ზარმაცი პერიოდია იმ მხრივ, რომ ყველა დასვენებაზეა მიმართული. აი, შემოდგომიდან უკვე კალაპოტში ჯდები, სამსახური, საქმე გითრევს, უფრო მობილიზებული ხდები.

ლანჩ მენიუ ქეთისგან 

ვფიქრობ, ლანჩი ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც სამსახურს ადრე იწყებს. ეს მცირე დრო სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ გადაერთო, განიტვირთო და შემდეგ საქმე პროდუ ტიულად გააგრძელო. როგორც წესი, ლანჩზე საქმიანი შეხვედრები ნაყოფიერია ხოლმე. იმ ადამიანებისთვის, ვინც დაკავებულია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მოემსახურო. სწორედ ამან მიკარნახა ლანჩ მენიუს იდეა ჯერ Dining room-ში, ახლა კი ‒ ბისტროში.

ლანჩ მენიუ ჩემთან სამ კერძს მოიცავს ‒ წვნიანს, სალათს, პასტას ან რამე მსგავსს და დესერტს. ამ ყველაფრის სხვადასხვა ვარიაცია მაქვს.

პირველი კერძი ‒ წვნიანია ‒ რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც სეზონურად შეიცვლება. ეს შეიძლება იყოს ისპანახისა და პრასის, ქათმის ან ტომატის წვნიანი, გოგრისა და ბროკოლის „კრემ-სუფები“ გახუხულ პურთან ერთად. სხვადასხვა იდეა იმ დედებსაც წაეშველება, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ და წვნიანების მზადება სისტემატურად უწევთ. მაგალითად, ჩემს შვილებს სკოლიდან რომ მოვიდოდნენ, წვნიანი აუცილებლად უნდა ეჭამათ. არადა, ბავშვებსაც ბეზრდებათ ერთი და იგი ვეკერძები. თუმცა, არაა რთული მათ განსხვავებული და საინტერესო წვნიანი შესთავაზო. იგივე „კრემ-სუფები“ ‒ მსუყეცაა, გემრიელიც და დიასახლისებს ბევრი ვარიაციის საშუალებასაც აძლევს.

წვნიანის შემდეგ რაიმე მსუბუქი სალათი მოდის ან ქიში, ‒ ფხვიერი ცომისგან მომზადებული ბაზა, რომელსაც მრავალფეროვანი შიგთავსი შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, ათქვეფილი კვერცხი ნაღებით, ბეკონითა და ისპანახით, პომიდვრითა და ბეკონით, თხის ყველით.

დაბოლოს, დესერტი. ეს ან ვაფლია, ან „ტარტალეტკა.“ გვიან შემოდგომასა და ზამთარს ძალიან უხდება ვაფლი ნეკერჩხლის სიროფით ან ცხელი შოკოლადით. სახლში თავისუფლად შეიძლება მზადების პროცესში ბავშვების ჩართვა, ‒ძალიან მოსწონთ და თან ეს კიდევ ცალკე კომუნიკაციაა მათთან.

„ტარტალეტკა“ ის ნამცხვარია, რომელიც ყველას უყვარს. მოხარშულ კრემს ჟოლო, გახეხილი შინდი ან ნების მიერი მომჟავო ხილი შიძლება დავუმატოთ. სახლში მოსამზადებლადაც მოსახერხებელია ის, რომ ქიშისა და „ტარტალეტკის“ ბაზა ერთი და იგივეა, იმ განსხვავებით, რომ ნამცხვარს შაქარს ვამატებთ. ამიტომ თადარიგს თავიდანვე დავიჭერთ და ორად გავყოფთ ცომს.

ვფიქრობ, სრულფასოვანი ლანჩი გამოდის, თუ ამას ჭიქა გლინტვეინსაც დავამატებთ, რომელიც ცივ სეზონზე საჩუქრად სულ მაქვს ბისტროს სტუმრებისთვის.გამოდის, რომ კალორიებს მიიღებ, გათბები, ენერგიით აივსები და მუშაობასაც ნაყოფიერად გააგრძელებ.

ქიში ისპანახითა და ბეკონით (4 პერსონისთვის)

საჭირო ინგრედიენტები:
– ბეკონი – 160 გრ.
– ისპანახი – 140 გრ.
– კვერცხი – 8 ც.
– ნაღები – 280 გრ.
– ყველი მოცარელა – 200 გრ.
– ხორბლის ფქვილი – 320 გრ.
– კარაქი – 240 გრ.
– მშრალი წიწაკის მიქსი (გემოვნებით)
– მუსკატის კაკალი (ცოტაოდენი)
– მარილი (გემოვნებით)

მომზადების წესი:
ცომი: კვერცხის, კარაქისა და ხორბლის ფქვილისგან მოვზილოთ ცომი. ფორმებში გამოვაკრათ და გამოვაცხოთ. გამომცხვარ ფორმებში მოვათავსოთ შიგთავსი.

შიგთავსი:
1) მოვშუშოთ ბეკონი და ისპანახი. 2) ჯამში ავურიოთ ნაღები, კვერცხი, გახეხილი მუსკატი. 3) გამომცხვარ ფორმაში მოვათავსოთ მოშუშული ბეკონი და ისპანახი. 4) დავახეხოთ მოცარელა. 5) დავასხათ ნაღებიანი მასა. 6) ვაცხობთ 15 წუთს 200 გრადუსზე.

ისპანახის წვნიანი (4 პერსონისთვის)

საჭირო ინგრედიენტები:
– ისპანახი – 280 გრ.
– პრასი – 360 გრ.
– ხახვი – 1 ც. (საშ.ზომის)
– პარმეზანი – 140 გრ.
– კარაქი – 200 გრ.
– მშრალი წიწაკის მიქსი (გემოვნებით)
– მუსკატის კაკალი (ცოტაოდენი)
– მარილი (გემოვნებით)

მომზადების წესი:
1) ხახვი, ისპანახი და პრასი მოვშუშოთ კარაქში
2) დავამატოთ: გახეხილი მუსკატი, მშრალი წიწაკის მიქსი, მარილი და ბულიონი
3) წამოდუღების შემდეგ ‒ პარმეზანის ნაწილი
4) გამზადებულ წვნიანს ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი

„ტარტალეტკა“ (15 საშუალო ზომის)

საჭირო ინგრედიენტები:
– ხორბლის ფქვილი – 430 გრ.
– კარაქი – 250 გრ.
– შაქარი – 150 გრ.
– კვერცხის გული – 4 ც.

მომზადების წესი:
1) კვერცხის გული და შაქარი ავთქვიფოთ მიქსერით (გათეთრებამდე)
2) შევურიოთ შერბილებული კარაქი
3) შევაზილოთ ფქვილი
4) მოვათავსოთ ფორმებში
5) გამოვაცხოთ 160 გრადუსზე

კრემი: მოხარშული მოვრთოთ ცოცხალი ჟოლოთი და შაქრის ფხვნილით

ფოტო : ირა კურმაევა 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com