მაია ყამბეგაშვილი
ბოლო დროს, საქართველოს ხსენებისას უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაბნეული მზერით აღარ იყურებიან, არ უჩნდებათ აზრი რომ ეს ამერიკის შტატი “ჯორჯიაა”, არც რუსეთისკენ იშვერენ ხელს. დიახ, საქართველო რუკაზე უფრო მკაფიოდ შემოვხაზეთ და დავაფიქსირეთ მსოფლიო ხალხების ცნობიერებაში. ამაში, კი დიდი წვლილი მიუძღვით ქართველებს, რომლებსაც ქვეყნის სახელი დადებითად გააქვთ საზღვრებს მიღმა.
ამ სტატიაში ერთი გოგოს ამბავს მოგიყვებით, ჰო ერთი გოგოს, რომლის სიმღერებმაც უკვე რამდენიმე წელია გერმანელები ააცეკვა.
14 წლის წინ გერმანიაში, კერძოდ ფრანქფურტში დასთან სტუმრად და ენის გასაუმჯობესებლად ჩავიდა.სრულიად უცხო გარემოში მოხვედრილმა, თითქოს თავიდან აიდგა ფეხი, გახდა დამოუკიდებელი. დაამთავრა სკოლა, უნივერსიტეტი. მას შემდეგ, ჯადოსნური ამბები დაიწყო. მაია ყამბეგაშვილი ჯერ ჰოლანდიურ ბანკში მოხვდა, შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი “დოიჩე ბანკის” თანამშრომელი გახდა.
“გერმანიაში ჩამოსვლის შემდეგ, სრულიად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. გავხდი დამოუკიდებელი, აქ მხოლოდ ჩემი თავის პატრონი ვიყავი. ამ ყველაფერმა ჩამომაყალიბა იმ ადამიანად, ვინც დღეს ვარ. გამიფართოვა ჰორიზონტი და შეუძლებელიც კი შემაძლებინა. დოიჩე ბანკში მისვლისას, უკვე ყველამ იცოდა, რომ მე ვმღეროდი.”
მის სიმღერებს მანქანებში უსმენენ, კონცერტებს სიხარულით ესწრებიან და ახალ ალბომს სულმოუთქმელად ელიან. მუსიკალური შემოქმედება, კი ჯერ კიდევ ბავშვობაში, თბილისში დაიწყო.
“სიმღერა ბაღში დავიწყე. შემდეგ, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გავაგრძელე,
1 წლის წინ, კუნძულ მალიორკაზე, ქორწილში ძალიან ნიჭიერ დიჯეის Dan Bay-ს შევხვდი. ერთმანეთის შემოქმედებას იქ გავეცანით, აღმოვაჩინეთ, რომ ორივე ფრანქფურტიდან ვართ. გადავწყვიტეთ, ექპერიმენტის ჩატარება და ერთი სიმღერის ჩაწერა. საბოლოოდ გამოვიდა, რომ 10 თვეში 10 სიმღერა შევქმენით და ბენდად ჩამოვყალიბდით. ტექსტებს და მელოდიას ერთობლივად ვქმნით, ჩემი რომანტიული ბუნებიდან გამომდინარე, ისინი ძირითადად სიყვარულზეა. ჩვენი ბენდი ელექტრო პოპის მიმართულებით მუშაობს. თუმცა, მინდა, ჩემს ჟანრს დავუბრუნდე – სოულს, ბალადებს. იმ მუსიკას, სადაც მეტ ემოციას და სიყვარულს გამოვხატავ.”
ამბობს, რომ საქართველოში ბოლო სტუმრობის შემდეგ უამრავი საინტერესო იდეა დაებადა. ახლო მომავალში, მუსიკის ქართულ მოტივებზე შექმნასაც გეგმავს. სადაც არ უნდა იყოს და რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეს, სამშობლოზე ფიქრები სულ თან სდევს.
“საქართველოში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა პოზიტიურად, ადრე არავინ იცოდა, სად მდებარეობდა ის. დღეს, კი უამრავი ტურისტი ათვალიერებს ჩვენს არაჩვეულებრივ სამშობლოს. საქართველო ჩემთვის რჩება ყველაზე ლამაზ მხარედ, რადგან აქ ისეთ სითბოს, სიყვარულს და ენერგიას ვიღებ, როგორსაც სხვაგან ვერ ვგრძნობ. მინდა, ემიგრანტებმა უფრო მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ და ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა! “
მთელ დღეს სამსახურში ატარებს, საღამოს მუსიკაზე მუშაობს, შაბათ-კვირას კი კონცერტები აქვს. მიუხედავად, ასეთი მრავალფეროვანი და გადატვირტული გრაფიკისა ძალიან უყვარს მეგობრების და გერმანიაში მყოფი და-ძმის სახლში დაპატიჟება, გემრიელი კერძების მომზადება და მაგიდის ირგვლის შეკრება. ამბობს, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანია.
“ გერმანელებსაც და ქართველებსაც გემრიელად შემწვარი ხორცი, კარგი ყველი და ღვინო უყვართ. ისე, კი სრულიად განსხვავებული სამზარეულოები აქვთ.
ჩემი დღე დილის 7 საათზე იწყება. ძალიან მიყვარს დიდხანს ძილი, მაგრამ ამდენ რამეს ვერ მოვასწრებ. ბანკში 9 საათზე ვიწყებ მუშაობას, 6 საათის შემდეგ კი დროს ძირითადად მუსიკას ვუთმობ.”
კრიტიკას დიდ ყურადღებას აქცევს, რადგან პროგრესზეა ორიენტირებული. არამარტო მუსიკოსების, მსმენელის და მეგობრების აზრიც მნიშვნელოვანია. დღევანდელი გადმოსახედიდან, ფიქრობს რომ დიდი როლი ითამაშეს მის ცხოვრებაში ადამიანებმა, რომლებსაც მისი ნიჭის სჯეროდათ და ენდობოდნენ.
“ვოცნებობ გამოვუშვა საკუთარი ალბომი, რომელიც მსმენელის სიყვარულს დაიმსახურებს.
უახლოესი გეგმა ასეთია, შემდეგ – მისი სოციალურ მედიასა და მუსიკალურ არხებზე (spotify, itunes) გავრცელება. ასევე, ვაპირებ კლიპების გადაღებას.”